ზმნიზედობანა

აქტივობის შესახებ

ეს გრამატიკული აქტივობა, რომელიც შეიცავს თამაშის ელემენტებს, მასწავლებელს სთავაზობს მეთოდს, თუ როგორ შეიძლება აუხსნას მოსწავლეებს ვითარების ზმნიზედის ფუნქცია და გაავარჯიშოს ისინი მათ გამოყენებაში. ეს აქტივობა კომბინირებულია და მოიცავს ზეპირმეტყველების მიმართულებასაც.


აქტივობის მიზანი

 მოსწავლეები

  • გააცნობიერებენ, რომ ვითარების ზმნიზედა ახასიათებს ზმნით გამოხატულ მოქმედებას;
  • ისწავლიან და დაიმახსოვრებენ -ად დაბოლოების მქონე განიმტკიცებენ არავერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს


რესურსები

 დაფა, ცარცი/ბორდმარკერი, ბარათები, საწერი კალმები.


აქტივობის აღწერა

1.  მოსწავლეები  მასწავლებლის  მეთვალყურეობით  შეადგენენ ზმნების ჩამონათვალს წაკითხული ტექსტიდან. ეს ჩამონათვალი იწერება დაფაზე, მარცხენა მხარეს და იფარება დაფის ფრთით ან ქაღალდით.

2.  ამის შემდეგ მასწავლებელი ზეპირად სთავაზობს მოსწავლეებს ერთ-ორ ნიმუშს

(მაგ., სწრაფად/მშვიდად...) და სთხოვს მათ უკარნახონ მსგავსი სიტყვები (ანუ -ად ბოლოსართის მქონე ზმნიზედები). მოსწავლეები კარნახობენ, მასწავლებელი კი ჩამოწერს მათ დაფაზე ზმნების ჩამონათვალის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს.

3.  ამის შემდეგ მასწავლებელი გამოაჩენს დაფის მარცხენა მხარესაც. დაფაზე ჩამოწერილია ზმნებისა და ვითარების ზმნიზედების წყვილები.

4. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რიგრიგობით გამოვიდნენ დაფასთან და განასახიერონ ზმნით გამოხატულ მოქმედება ისე, როგორც ამას ზმნიზედა კარნახობს. მაგალითად, თუ ზმნა არის „ხტომა“, ხოლო ზმნიზედა - „ჩუმად“, მოსწავლე ხტება ჩუმად, ან თუკი ზმნა არის „ჭამს“, ხოლო ზმნიზედაა „ზანტად“, მოსწავლე ცდილობს განასახიეროს ზანტად ჭამა.

სასწავლო მიზნის შესაბამისად ეს აქტივობა შეიძლება სხვაგვარადაც დაიგეგმოს, მაგალითად: მასწავლებელი თავად ადგენს ზმნიზედების ჩამონათვალს, ბარათებზე წერს და მაგიდაზე აწყობს. მოსწავლე კითხულობს ზმნას დაფიდან და შემდეგ მაგიდიდან იღებს ერთ ბარათს. მოსწავლე ცდილობს განასახიეროს ზმნით გამოხატული მოქმედება ვითარების ზმნიზედის შესაბამისად. მოსწავლეები კი ცდილობენ, გამოიცნონ ეს ზმნიზედა. კლასის წინაშე შემდეგი გამოდის ის მოსწავლე, რომელიც პირველი ამოიცნობს ზმნიზედას.


შეფასება

რადგანაც ეს აქტივობა გამიზნულია ახალი მასალის ასახსნელად, მისი მიმდინარეობისას მიზანშეწონილია განმავითარებელი შეფასების გამოყენება. მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, რამდენად 

  • აქტიურად არიან ისინი ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში;
  • ამჟღავნებენ საბაზისო ცოდნას (ასახელებენ ზმნებს, -ად ბოლოსართიან სიტყვებს ზმნით გამოხატული მოქმედების დასახასიათებლად);
  • აქტიურად  იყენებენ თავიანთ ლექსიკურ მარაგს  სიტყვების  (ამ  შემთხვევაში, ზმნიზედების) დასახელებისას;
  • კარგად ფლობენ არავერბალური კომუნიკაციის უნარებს.


მეთოდური მითითება

აქტივობა  შეიძლება შეიცავდს გროტესკულ ელემენტებსაც, რაც თავისთავად სახალისოა, მაგრამ, ამავე დროს, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას მასწავლებლისაგან. თუ მასწავლებელი შეატყობს, რომ კლასის წინაშე ზმნის განსასახიერებლად გამოსული მოსწავლე ბარათის აღების შემდეგ უკმაყოფილოა და არა აქვს სურვილი, შეასრულოს დავალება, უნდა მისცეს მას საშუალება, თავად შეარჩიოს ზმნისა და ზმნიზედის წყვილი.