ვინ და რა

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა ახალი მასალის აქტიური, დედუქციური გზით შესწავლასა და ათვისებას ისახავს მიზნად. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები ეცნობიან ვინ და რა ჯგუფის არსებით სახელებს, აქტივობის მიმდინარეობისას საკმარისი ყურადღება ეთმობა გავარჯიშებისა და ახლად მიღებული ცოდნის შეჯამების ეტაპებსაც.

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები:

1. დააჯგუფებენ არსებით სახელებს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;

2. აქტიური  სწავლის  მეთოდით  შეისწავლიან  ვინ და რა ჯგუფის არსებით სახელებს;

3. იმუშავებენ  აზრობრივი რუკების შევსებაზე;

4. მიეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას.

 

რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, ბარათები, საწერი კალმები.

 

აქტივობის აღწერა

1. მხატვრული ტექსტის წაკითხვისა და ლექსიკურად დამუშავების შემდეგ, მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცხრილს და მოსწავლეების დახმარებით ავსებს მას. 

ვინ და რა

2. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ გამზადებულ ბარათებს. მოსწავლეებმა უნდა შეავსონ გამოტოვებული ადგილები და საჭირო ადგილას ჩაწერონ კითხვითი სიტყვები ვინ? და რა? მაგალითად: 

ნინომ აივანზე ჩამოვარდნილი მერცხლის ბარტყი დაინახა

                                    დაინახა მერცხლის ბარტყი?

                                    დაინახა ნინომ?


მერცხალი ბუდეს თავს დასტრიალებდა.

                                    დასტრიალებდა ბუდეს თავს?

                                    დასტრიალებდა თავს მერცხალი?

 

ბომბორამ ყეფა აუტეხა აივანზე შემოპარულ ფისოს.

                                    აუტეხა ყეფა ბომბორამ?

                                    აუტეხა ყეფა ფისოს?

 

ბებომ ბარტყი ცხვირსახოცში გაახვია.

                                    გაახვია ბარტყი ცხვირსახოცში?

                                    გაახვია ბებომ ცხვირსახოცში?

 

3. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები თავიანთ მეწყვილეებს უცვლიან შევსებულ ბარათებს და ამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. თუ შეცდომა აღმოაჩინეს, გადაასწორებენ და უხსნიან თანაკლასელს, რომელი შეცდომა გაასწორეს და რატომ.

4. მასწავლებელი წააკითხებს მოსწავლეებს შესრულებულ დავალებას, თითოეულ მათგანს სთხოვს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება  და თან კითხვების დასმით ცდილობს მიიყვანოს დასკვნამდე, მაგალითად, ასეთი საუბრით: მასწავლებელი: ”შენი აზრით, რატომ დაესმის ბებოს კითხვა ვინ?” მოსწავლე: ”იმიტომ, რომ ბებო ადამიანია”; მასწავლებელი: ”მერცხალს დაესმის რა კითხვა. რა არის მერცხალი?” მოსწავლე: ”ფრინველი”. მასწავლებელი: ”რა კითხვა დაესმის ბუდესაც. ბუდეც ფრინველია?” მოსწავლე: ”არა”. მასწავლებელი: ”და რა არის ბუდე?” მოსწავლე: ”საგანი”. მასწავლებელი: ”ესე  იგი საგანსაც და ფინველსაც დაესმის კითხვა რა” და ა.შ.

5. ამას მოჰყვება აქტივობის შემაჯამებელი ეტაპი: მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცარიელ აზრობრივ რუკებს  და ავალებს მოსწავლეებს, გამოიცნონ, როგორ უნდა შეივსოს ისინი.

სქემა

მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ მოსწავლეები თავად მიხვდნენ რუკების შევსების პრინციპს. ამისათვის მან უნდა მისცეს მოსწავლეებს დრო, რომ დაფიქრდნენ, შესაძლებელია შეახსენოს, რაზე იმსჯელეს მანამდე და თუკი საჭირო გახდება, მისანიშნებლად ჩაწეროს ერთი სიტყვა  რომელიმე წრეში.

შევსებული რუკის ნიმუში

ვინ ადამიანი        Word_3.png" alt="რა საგნები" width="200" />

 

შეფასება

რადგანაც ეს აქტივობა ახალი მასალის გაცნობას და გავარჯიშებას ისახავს მიზნად, მისი მიმდინარეობისას რეკომენდებულია განმავითარებელი შეფასების გამოყენება.  ამრიგად, ამ აქტივობით შეგვიძლია შევაფასოთ,

  • ახერხებს თუ არა მოსწავლე არსებითი სახელების ამოწერას ტექსტიდან და მათ დახარისხებას;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს, სათანადო კითხვების დაუსვას არსებით სახელებს;
  • ასრულებს თუ არა მოსწავლე დავალებას ინსტრუქციის მიხედვით;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს მარტივი დასკვნების გამოტანა;
  • შეუძლია  თუ არა მოსწავლეს  შესწავლილი  მასალის  საფუძველზე აზრობრივი რუკის შევსება;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობა;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს, ახსნას თავისი არჩევანი;
  • ავლენს თუ არა მოსწავლე თანამშრომლობის სურვილს.


მეთოდური მითითება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს აქტივობა მრავალეტაპიანია და შესაძლებელია მოსალოდნელზე მეტი დრო მოითხოვოს გაკვეთილზე. ამიტომ, მასწავლებელს შეუძლია გარკვეული მოდიფიკაციები შეიტანოს მასში, ან გაანაწილოს ორ გაკვეთილზე.