ვფიქრობ, რომ... (ვარაუდი პერსონაჟის შესახებ)

რესურსები

ტექსტი სახელმძღვანელოდან.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს ტექსტის სათაურს და აჩვენებს პერსონაჟის ილუსტრაციას. მოსწავლეები ასახელებენ ამ პერსონაჟის შესაძლო თვისებებს, ყველა პასუხი იწერება დაფაზე/ფორმატზე. შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ტექსტს. მოსწავლეები ამატებენ ან აკლებენ თვისებებს დაფაზე მათ მიერ ტექსტის მოსმენამდე ჩამოწერილს.

 

შეფასება

შეფასდება მოსმენის უნარი, ვიზუალური ტექსტის „წაკითხვის“ უნარი, და ის, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პერსონაჟის შეფასება და ამ შეფასების ადეკვატურად გადმოცემა.

 

მეთოდური მითითება

მასწავლებელი უნდა შეეცადოს, წაახალისოს მოსწავლეები, რომ მათ თამამად და შეუზღუდავად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები პერსონაჟის დამახასიათებელ თვისებებთან დაკავშირებით. ამისათვის მას შეუძლია დასვას შეკითხვები: რატომ ფიქრობ ასე? რა მიგანიშნებს ამაზე? გასათვალისწინებელია ის, რომ პირველ ეტაპზე (ტექსტის მოსმენამდე) მისაღებია ყველა მოსაზრება. შესაძლებელია ამ აქტივობის მოდიფიცირებაც. მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს ტექსტს. მოსმენილი ტექსტის მიხედვით ის ჩამოთვლის პერსონაჟის ოთხ თვისებას, რომელთაგან ერთი არ შეესაბამება მას. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, რომელია ზედმეტი. ამგვარ მოდიფიცირებულ ვარიანტს შეიძლება ვუწოდოთ ”რომელია ზედმეტი?”