ცოცხალი წინადადება.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა სახალისო და დინამიური ფორმით ეხმარება მოსწავლეებს სიტყვებს შორის არსებულ სინტაქსური მიმართებების გაგებასა და წინადადების წევრთა ფუნქციის გააზრებაში.

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

  • ივარჯიშებენ კითხვების დასმის საშუალებით წინადადების წევრების ამოცნობაში;
  • ივარჯიშებენ წინადადების აგებაში;
  • გაიაზრებენ სიტყვებს შორის არსებულ სინტაქსურ მიმართებებს.

 

რესურსები

 ფურცლები, ფლომასტერები, ტექსტი.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი წინასწარ არჩევს წინადადებებს ტექსტიდან და დიდი ასოებით ამოიწერს ან დაბეჭდავს ცალ-ცალკე ფურცლებზე. ამის შემდეგ ურიგებს ფურცლებს რამდენიმე მოსწავლეს, რომლებიც კლასის წინ მწკრივდებიან და ამ სიტყვებისგან ქმნიან წინადადებას (თუკი წინადადება არის შერწყმული ან რთული, ან შეიცავს ჩართულს, მასწავლებელს შეუძლია ფურცლებზე შესაბამისი სიტყვების შემდეგ გამოსახოს მძიმეები. ეს გარკვეულ ორიენტირადაც შეიძლება გამოადგეთ მოსწავლეებს). ისინი ხელში იჭერენ  ფურცლებს ისე, რომ თანაკლასელებმა წაიკითხონ მათზე დაწერილი/დაბეჭდილი სიტყვები. დანარჩენი მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ წინადადებას. ისინი აკვირდებიან და აფასებენ, რამდენად სწორად, გამართულად არის წინადადება კონსტრუირებული.

2. იმისათვის,  რომ  მოსწავლეებმა  შეძლონ წინადადების  ძირითადი  წევრების ამოცნობა და  მათი ფუნქციის გააზრება, მასწავლებელი სვამს რამდენიმე კითხვას წინადადების გარშემო, მაგალითად: ”ვის /რას ეხება ეს წინადადება?” (ქვემდებარე) ”რას აკეთებს ის ამ წინადადებაში?” (შემასმენელი). მომდევნო კითხვები შეიძლება ეხებოდეს პირდაპირი დამატების, ადგილის, დროისა და ვითარების გარემოების ამოცნობას. კითხვაზე პასუხის გაცემისას ერთი ნაბიჯით წინ გამოდის ის მოსწავლე, რომელსაც ხელში უჭირავს შესაბამისი სიტყვა.

3. ეს პროცედურა მეორდება რამდენჯერმე, რის შემდეგაც კითხულობენ ტექსტს. მოსწავლეები მე-2 პუნქტში აღწერილი პრინციპით ამოიცნობენ წინადადების წევრებს და გაიაზრებენ მათ ფუნქციას წინადადებაში.

 

შეფასება

ამ აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • წინადადების წევრების ამოცნობა;
  • წინადადების წევრების ფუნქციის გააზრება;
  • სიტყვებს შორის სინტაქსური მიმართებების აღქმა;
  • წინადადების კონსტრუირება.

 

მეთოდური მითითება

ამ ტიპის აქტივობების გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი დაბალ კლასებშიც.