წინადადების ”ჩარჩო”
აქტივობის შესახებ
აზრის წერილობით გადმოცემა საჭიროებს სიტყვებს და სტრუქტურას, რომლითაც ეს სიტყვები უნდა ”დალაგდეს”. ნაკლები გამოცდილების მქონე მოსწავლეებს, როგორც წესი, უჭირთ აზრის წერილობით გადმოცემა. აქტივობა გაუადვილებს მოსწავლეებს აზრის წერილობით გამოხატვის უნარ-ჩვევებისა და წერითი მეტყველების ნორმების ათვისებას.
აქტივობის მიზნები
- აზრის ზეპირად და წერილობით გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება;
- სასვენი ნიშნების (წერტილის) სათანადოდ გამოყენების უნარ-ჩვევის გამომუშავება;
- წერილობითი მეტყველების განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური.
რესურსები
დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.
აქტივობის აღწერა
”წინადადების ჩარჩოს” მასწავლებელი ქმნის მარტივი წინადადებების სახით, რომლებსაც დაფაზე ჩამოწერს, მაგ., ”მე მქვია.....”, ”მე მაქვს....”, ”მე მიყვარს .....”, ”მე ვხედავ .....” და ა.შ. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ ”წინადადების ჩარჩო”, გააფრთხილოს ისინი, რომ წინადადების ბოლოს დასვან წერტილი. სასურველია, ახსნისას მასწავლებელმა თვითონ შეავსოს ”ჩარჩო” ნიმუშის საჩვენებლად.
მოსწავლეები გადაიწერენ ”წინადადების ჩარჩოს” და დაასრულებენ მას თავიანთი შეხედულებისამებრ. მაგ., ”მე მიყვარს თამაში”, ”მე ვხედავ ბურთს” და ა.შ. აქტივობის ხანგრძლივობა: 8-10 წუთი.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
- აზრის წერილობით გადმოცემა;
- მოცემული მოდელის მიხედვით წინადადების შედგენა;
- სასვენი ნიშნების (წერტილის) მართებულად გამოყენება.