ცდა 7. ტენისა და ტემპერატურის გავლენის შესწავლა ობის სოკოს განვითარებაზე
შედეგი: Desktop/Einstein%20Lab/bi%C2%ADol.IX">ბიოლ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ინდიკატორი: ატარებს ცდებს ორგანიზმის განვითარებასა და ეკოლოგიური ფაქტორის ინტენსივობას (ოპტიმუმი, გამძლეობის ზედა და ქვედა ზღვარი) შორის დამოკიდებულების დასადგენად (მაგ: ხორბლის თესლის აღმონაცენისა და წყლის რაოდენობას შორის დამოკიდებულების დადგენა). მონაცემებს წარმოადგენს გრაფიკულად.
რას ვიკვლევთ: როგორ მოქმედებს ობის სოკოს განვითარებაზე ტენი და ტემპერატურა?
ცდის მიზანი: ტენისა და ტემპერატურის გავლენის შესწავლა ობის სოკოს განვითარებაზე.
ცდისთვის საჭირო მასალები:
ძველი პურის ნაჭრები, 2 ცალი საკეტიანი პარკი ნიმუშებისთვის (F0254), 2 პეტრის თასი (F0456).
ცდის მსვლელობა:
ჰკითხეთ მოსწავლეებს, შეუმჩნევიათ თუ არა ძველ პურზე თეთრი ნაფიფქის წარმოქმნა, რომელიც რამდენიმე ხანში (1-2 დღე) მორუხო ფერს იღებს. აუხსენით, რომ ეს გავრცელებული სოკო, მუკორია. მუკორის სოკოს (იგივე ობის სოკოს) მიცელიუმი ერთი მრავალბირთვიანი უჯრედია. ობის სოკოს განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, მაგალითად, წყლის რაოდენობა, ტემპერატურა. მათი ზემოქმედების შესასწავლად შესთავაზეთ მოსწავლეებს ცდის დაყენება:
1. მოამზადეთ პურის ნაჭრების ოთხი საკვლევი ნიმუში და დანომრეთ.
2. N1 ნიმუში მოათავსეთ საკეტიან პოლიეთილენის პარკში და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე;
3. N2 ნიმუში მოათავსეთ პეტრის თასზე და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე;
4. N3 ნიმუში მოათავსეთ საკეტიან პარკში და დადგით სიცივეში (მაცივარში);
5. N4 ნიმუში მოათავსეთ პეტრის თასზე და დადგით სიცივეში (მაცივარში, ფანჯრის რაფაზე).
6. აღწერეთ პირობები, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ნიმუში (ტენი+სითბო, სიმშრალე+სითბო, ტენი+დაბალი ტემპერატურა, სიმშრალე+დაბალი ტემპერატურა).
7. გამოთქვით ვარაუდი, თუ რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ცდის თითოეული ვარიანტი და შეიტანეთ თქვენი მოსაზრებები N1 ცხრილის შესაბამის გრაფაში.
N1 ცხრილი
N2 ცხრილი
9. ცდის საბოლოო შედეგები შეიტანეთ N1 ცხრილში და შეადარეთ გამოთქმულ ვარაუდებს.
რეკომენდაცია: თუ სკოლაში მაცივრის გამოყენების საშუალება არ გაქვთ, შეიძლება ცდის ნაწილის ჩატარება სახლში დაავალოთ მოსწავლეებს, ხოლო ნაწილი სკოლაში ჩაატაროთ.
ცდის გამაანალიზებელი კითხვები:
1. რა მიზნით მოათავსეთ პურის ნაჭრები საკეტიან პარკებში? (ასეთ პარკებში შენარჩუნდებოდა ტენი).
2. რატომ იყო საჭირო ცდისთვის ოთხი განსხვავებული ვარიანტის შერჩევა? (ოთხივე განსხვავებულ ვარიანტში სოკო მოთავსებულ იქნა ტენისა და ტემპერატურის განსხვავებულ პირობებში).
3. რომელ ვარიანტში განვითარდა ობის სოკო ყველაზე სწრაფად? (N1 ნიმუშში).
4. როგორ ახსნიდით ცდის ბოლოს მიღებულ განსხვავებას N1 და N2 ნიმუშებს შორის? (N1 ნიმუში გაცილებით უფრო ინტენსიურად და სწრაფად დაობდა, ვიდრე N2 ნიმუში, რადგან საკეტიან პოლიეთილენის პარკში ტენი იყო შენარჩუნებული, ხოლო ტენის არსებობამ თავის მხრივ ხელი შეუწყო ობის სოკოს განვითარებას. N2 ნიმუშიდან წყალი აორთქლდა, რის გამოც ის ნაკლებად, ან საერთოდ არ დაობდა).
5. N4 ნიმუშის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ იქ პურის ნაჭრები არ დაობდა. რატომ? რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? (N4 ნიმუში მოკლებული იყო ტენს და მოთავსებული იყო დაბალ ტემპერატურაზე. ამ ნიმუშში ობის სოკო არ განვითარდა, რაც ადასტურებს, რომ ამ მიკროორგანიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ტენი და შედარებით მაღალი ტემპერატურა).
6. რამ გამოიწვია N3 ნიმუშზე სოკოს განვითარების შეფერხება N1 ნიმუშთან შედარებით? რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? (N1 და N3 ნიმუშები ერთი და იგივე რაოდენობით შეიცავდნენ ტენს, მაგრამ სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში იყვნენ მოთავსებული. დაბალი ტემპერატურის გამო ობის სოკოს განვითარება ნაკლებად ინტენსიურად მოხდა - N3 ნიმუში. დასკვნა: ობის სოკოს განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა სითბო).
7. რამ გამოიწვია N1 ნიმუშზე ობის ნაფიფქის რუხი შეფერილობა? (განვითარების პროცესში ობის სოკო წარმოქმნის სპორებს, რომელიც მომწიფების შემდეგ მორუხო-მოშავო ფერს იღებს).
8. გააკეთეთ საბოლოო დასკვნა (ობის სოკოს განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა ტენის არსებობა და ტემპერატურის განსაზღვრული შუალედი).
ინტერნეტრესურსები:
http://www.youtube.com/watch?v=r6L-Wx8hb44
http://www.youtube.com/watch?v=XHQ4UqfDbOY
კვლევის უნარ-ჩვევები:
აღნიშნული ცდის საფუძველზე მოსწავლეებს უყალიბდებათ მეცნიერული კვლევის შემდეგი უნარ-ჩვევები:
- ვარაუდის გამოთქმის უნარი;
- ცდის ჩატარებისა და შესაბამისი მასალის/აღჭურვილობის სათანადო გამოყენების უნარი;
- დაკვირვების და შედარების უნარი;
- დაკვირვების, სათანადო სიზუსტით რეგისტრირების უნარი;
- ცხრილების,გამოყენების უნარი;
- მონაცემების გაანალიზების და დასკვნის გამოტანის უნარები;
- დასკვნების ვარაუდთან შედარების უნარი.