ტავტოლოგიის დამარცხებისთვის.
აქტივობის შესახებ
აქტივობა გამოიყენება წერის შემდგომ ეტაპზე. იგი ემსახურება ტექსტის ანალიზის, რედაქტირების, გამართული წერითი მეტყველებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქტივობის ჩატარების დროს მოსწავლეები საკუთარ ნაწერს აფასებენ უკვე მკითხველის (აუდიტორიის) პოზიციიდან. მკითხველის როლში ყოფნა ავალდებულებს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ საკუთარი ნაშრომის შინაარსსა და სტრუქტურას, მის ენობრივ-სტილისტურ მხარეებს, ჩაწვდნენ კონტექტს; შეაფასონ, რამდენად გასაგებად, ცხადად და გამართულად აქვთ გამოთქმული ესა თუ ის აზრი/თვალსაზრისი/იდეა; თვალსაჩინოდ დაინახონ თავიანთი ნაშრომების ნაკლი და ღირსება. ეს ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და სტიმულს აძლევს მეტაკოგნიტური უნარების განვითარების პროცესს.
აქტივობის მიზნები
- ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება; კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
- წერითი მეტყველებისას სათანადო ენობრივ-სტილისტური ნორმების მართებულად გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
- მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შევსება; ლექსიკონზე მუშაობის უნარ-ჩვევე- ბის გამომუშავება;
- ნაწერის რედაქტირების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- თვითშეფასების უნარის განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური (პირველი-მესამე ნაწილები), წყვილური/ჯგუფური (მეორე ნაწილი).
რესურსები
დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.
აქტივობის აღწერა
ნაწერში ტავტოლოგიების აღმოსაფხვრელად, მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, რომ თავიანთ რვეულებში ერთი გვერდი ორ ნაწილად გაყონ; ერთ სვეტში ჩამოწერონ მათ მიერ გამოყენებული ზმნები/არსებითი სახელები, ზედსართავი სახელები, მეორე სვეტში კი მიუთითონ (არაბული ციფრებით), რამდენჯერ აქვთ გამოყენებული შესაბამისი სიტყვა.
ნიმუში:
ამგვარი ცხრილი თვალსაჩინოდ დაანახებს მოსწავლეებს, რომ ხშირად გამოყენებული სიტყვა სინონიმითაა შესაცვლელი. სინონიმების ძიებაზე მოსწავლეებმა შეიძლება წყვილებში/ჯგუფებში იმუშაონ ერთობლივად, ლექსიკონის დახმარებით.
სინონიმების მოძებნის შემდეგ მოსწავლეებს დაევალებათ, შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით, მოძიებული სინონიმით/სინონიმებით ჩაანაცვლონ ხშირად გამოყენებული სიტყვა და ამ სახით დაწერონ წინადადებები.
აქტივობის ხანგრძლივობა: 15-18 წუთი.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს
- ლექსიკონის გამოყენება;
- წინადადების აგებისას ადეკვატური ლექსიკური ერთეულების გამოყენება;
- სინონიმების მოძიება, კონტექსტის მიხედვით შერჩევა და სათანადოდ გამოყენება;
- ნაწერის რედაქტირების მარტივი ხერხების გამოყენება;
- წერის სტრატეგიების გამოყენება;
- თვითშეფასება;
- თანამშრომლობა.