სწრაფი ურთიერთანამშრომლობა .

აქტივობის  შესახებ

ასეთი  აქტივობები  არ მოითხოვს  დიდ დროს და ეფექტიანია მოსწავლეთა წყვილებში აზრთა გაზიარებისათვის. ამგვარი აქტივობების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. კერძოდ:


რესურსები

შესაბამისი ტექსტები.


აქტივობის აღწერა

წყვილების მიერ წინასწარ გამოთქმული ვარაუდი. მოსწავლეებს ვაწვდით რამდენიმე საკვანძო სიტყვას მოთხრობიდან, რომელიც უნდა წაიკითხონ და ვთხოვთ, წყვილებმა ამ სიტყვებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გამოთქვან  ვარაუდები მოთხრობის შესაძლო შინაარსის შესახებ. ისინი კითხულობენ მოთხრობას და წაკითხვის შემდეგ კვლავ საუბრობენ ერთმანეთში, რა დაემთხვა, რა - არა.

ფიქრი/დაწყვილება/აზრის გაზიარება. მიეცით წყვილებს თემა განსჯისათვის. თემა უნდა იყოს საინტერესო. მაგალითად: შეიძლება თუ არა ტყუილის გამართლება? არსებობს თუ არა მფრინავი თეფშები? სთხოვეთ მოსწავლეებს ჯერ ინდივიდუალურად იფიქრონ ამ საკითხზე, ხოლო შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ ერთმანეთს წყვილებში და წარმოადგნონ კლასის წინაშე.

შეჯამება/დაწყვილება/აზრის გაზიარება. ეს აქტივობა მნიშველოვანია არამხატვრული ტექსტის დამუშავებისას (მაგალითად, საგაზეთო სტატია, საინფორმაციო ტექსტი). მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეაჯამონ სტატია ორი ან სამი წინადადებით. შემდეგ კი თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ ერთმანეთს პარტნიორებმა, იმსჯელონ ამ მოსაზრებების მსგავსება-განსხვავებაზე და შეთანხმდნენ საერთო შემაჯამებელ მოსაზრებებზე.


შეფასება

შეფასდება კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი, მთავარისა და არსებითის მეორეხარისხოვანისაგან  გარჩევის  უნარი,  არგუმენტირებული  მსჯელობის უნარი.


მეთოდური მითითება

ეს აქტივობები კომპლექსურია. მიმართულია როგორც გააზრებული კითხვის, ისე წერის (თუ მოსწავლეებს ვთხოვთ გააკეთონ მოსაზრებების მოკლე ჩანაწერები) უნარის განვითარებაზე და გამოიყენება ნებისმიერი თემის, სხვადასხვა სახის ტექსტების დამუშავებისას.