სცენარი 2.

შედეგი

ბუნ.II.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ გარემოში ორიენტირება.

  

ინდიკატორი

დაკვირვების საფუძველზე აღწერს გზას სახლიდან სკოლამდე; აფიქსირებს გზაზე არსებულ მისთვის მნიშვნელოვან ორიენტირებს (ხელოვნურ ან ბუნებრივ ობიექტებს); მონაცემებს წარმოადგენს ნახატის სახით.

 

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს გზის გასაგნებად ორიენტირების სწორად შერჩევა.

გამოწვევა, დისკუსია - დრო: 10 წთ

მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ნაწყვეტს ქართული ზღაპრიდან: გოგონა თავის ძმებთან უნდა მივიდეს, გზა კი არ იცის. ზღაპრის ერთ-ერთი გმირი მას გზას შემდეგნაირად ასწავლის: მთელ გზაზე ხახვის ფურცლებს უყრის და ურჩევს, ამ ფურცლებს გაჰყვეს. მასწავლებელი  სვამს კითხვას:

შეძლებს გოგონა თავის ძმებთან მისვლას?

რამ შეიძლება, შეუშალოს ხელი? შენ როგორ ასწავლიდი გზას? გაიმართება დისკუსია, ბავშვები გაიხსენებენ სხვა ზღაპრებსაც, სადაც ზღაპრის გმირები გზას სხვადასხვა ხერხით გაიგნებენ. დისკუსიის დროს გამოიკვეთება აზრი იმის შესახებ, რომ გზის გაგნებისთვის აუცილებელია ორიენტირად უძრავი საგნების გამოყენება.

  

რესურსი

ნაწყვეტი ზღაპრიდან; გარემოს ნახატი, ფერადი ფანქრები.

  

შენიშვნა

მოსწავლეებს უნდა მიეცეთ მსგავსი შინაარსის ზღაპრების გახსენების საშუალება.

  

ნახატზე მუშაობა - დრო: 10 წთ

მასწავლებელს წინასწარ აქვს მომზადებული ნახატი, რომელზეც გამოსახულია გარემო, სადაც საჭიროა გზის გაგნება  ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე.  მოსწავლეებს სთხოვს, დაასახელონ  და  ნახატზე უჩვენონ ის საგნები, რომლებიც არ გამოდგება გზის სწავლებისთვის და ახსნან მიზეზი, (მაგ. ხის ტოტზე მჯდარი ჩიტი, სკვერში სკამზე ჩამომჯდარი მოხუცი ქალი, ბუჩქთან მდგარი ძაღლი), შემდეგ დაასახელონ და უჩვენონ ორიენტირად გამოსადეგი უძრავი საგნები.

  

გზა სახლიდან სკოლამდე - დრო: 5 წთ

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სახლიდან სკოლამდე გასავლელი გზის გახსენებას; როგორ მოდიან სკოლაში - ფეხით თუ ტრანსპორტით? ფართო ქუჩაზე უხდებათ სიარული თუ ვიწრო ქუჩაზე? გაიხსენონ დეტალები, რა ხვდებათ გზაზე (ხე, მაღაზია, მდინარე, ხიდი, გადასასვლელი და სხვ.).

  

რეფლექსია, პრეზენტაცია -  დრო: 15 წთ

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აწყვილებს და სთხოვს, დახატონ თავისი გზა სახლიდან სკოლამდე, შემდეგ გაცვალონ ნახატები და დაუსვან ერთმანეთს კითხვები. ბოლოს, წყვილები, სურვილისამებრ, წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს.