სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვასხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის არჩევა ნამუშევრის შექმნისას
შედეგი: ს.გ.VI.2 მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
ინდიკატორი 1. ქმნის მცირე ზომის ფორმებს სხვადასხვა მოძიებული მასალით.
აქტივობა „ძველბერძნული ტაძარი“
მიზნები: ანტიკური ბერძნული არქიტექტურის ზოგადი ნიშნების გაცნობა და ამ თემაზე კოლაჟის შესრულება.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ანტიკური ბერძნული ტაძრების ამსახველ ვიზუალურ მასალას (მაგ. პართენონს, აპოლონის ტაძარს კორინთოში, პოსეიდონის ტაძარს პესტუმში), ესაუბრება მათ ბერძნულ მითებზე, აჩვენებს ბერძნული ღვთაებების - ზევსის, პოსეიდონის, აპოლონის ამსახველ ქანდაკებების ფოტოებს. მოსწავლეები იხსენებენ, რა იციან მითოლოგიაზე, აგრეთვე ამ თემაზე ნანახ მულტიპლიკაციურ და მხატვრულ ფილმებს. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ბერძნული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ თვისებებზე, უსვამს მოსწავლეებს კითხვებს მის შესახებ (კავშირი ს.გ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან).
მოსწავლეები აღწერენ ტაძრის იერსახეს (თეთრი ქვის, კერძოდ - მარმარილოს შენობები, მართკუთხა ფორმის გარშემორტყმულია სვეტნარებით, გადახურულია ორქანობანი სახურავით, შემკულია სკულპტურული გამოსახულებებით), საუბრობენ ბერძნული ტაძრების დათვალიერების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე - როგორ მოჩანს ლურჯი ცის, ზღვის ან მთების ფონზე თეთრი შენობები, აღნიშნავენ ზომიერ მასშტაბებს, მკაფიო სილუეტებს, ნათელ და უბრალო ფორმებს). (კავშირი შედეგთან ს.გ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ).
ამის შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ ბერძნული ტაძრის ამსახველ კოლაჟს. ქაღალდის ფურცლის ზედა ნაწილზე იხატება ცა, ქვემოთ – მიწა. შეიძლება აგრეთვე მიწის ადგილას წაესვას წებო და ზედ დაეყაროს ქვიშის ან მიწის ფენა. შემდეგ მოსწავლეები თხელი მუყაოსგან გამოჭრიან სვეტებს (შეიძლება გამოიყენონ ღარებიანი მუყაო, რომელიც შესაფუთად იხმარება ან იხმარონ უბრალო, გლუვი მუყაო, რომელსაც რამდენჯერმე მოკეცავენ სიგრძეზე, შემდეგ კი გაასწორებენ, რათა შეიქმნას სვეტის ღარების, ანუ კანელიურების შთაბეჭდილება) და დააწებებენ ფონზე. სვეტების ზევით ჰორიზონტალურად დაწებდება მუყაოს ვიწრო ზოლი (გადახურვის ფრაგმენტი). "სვეტები" სხვადასხვა სიმაღლის უნდა იყოს - ჯერ დაწებდება უფრო გრძელი, შემდეგ სულ უფრო მოკლეები, რაც პერსპექტიული შემცირების შთაბეჭდილებას შექმნის (კავშირი: ს.გ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას; ინდიკატორი 7. ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით (წინა, შუა და უკანა პლანი, ნახევარტონები)). სამუშაოს გართულების მიზნით შეიძლება ნამუშევარი ჩაწებდეს შესაბამისი ზომის მუყაოს დაბალ კოლოფში, რაც ჩარჩოს მაგივრობას გასწევს.
მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგთან:
ს.გ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.
ნამუშევრების დასრულების შემდეგ მოსწავლეები გამოფენენ მათ კლასში და აწყობენ პრეზენტაციას. ისინი საუბრობენ კოლაჟების შექმნისას გამოყენებულ ხერხებსა და მასალებზე, გამოთქვამენ მოსაზრებებს ბერძნული არქიტექტურის შესახებ, განმარტავენ, რა შთაბეჭდილების გადმოცემა სურდათ საკუთარი ნამუშევრებში, რომელი ნამუშევარი მოსწონთ ყველაზე მეტად და რატომ.
ტერმინები:
ანტიკური ბერძნული არქიტექტურა, სვეტი, სვეტნარი.
შეფასების კრიტერიუმები:
მოსწავლეები უნდა შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:
- ანტიკური ბერძნული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნების დასახელების უნარი;
- ამავე თემაზე კოლაჟის შექმნის უნარი.
სასწავლო შეთავაზებები:
მოსწავლეებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია და მასალები ბერძნული ტაძრების შესახებ, განალაგონ ისინი სტენდებზე, იქვე გამოფინონ თავიანთი კოლაჟები და მოაწყონ თემატური გამოფენა.