1. თემა ,,პორტრეტი”

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია ასახვა ნამუშევარში.

ინდიკატორი 5. საკუთარი ნამუშევრისშექმნისას წყაროდ იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს. 

ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს ასახვის გზებს ნამუშევარში.

ინდიკატორი 4. საკუთარი ნამუშევრის შექმნისას წყაროდ იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს. 

ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.

ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

 

მიზანი: მოსწავლეებმა განიხილონ სხვადასხვა ეპოქისა და სტილის პორტრეტები და თავადაც შექმნან ავტოპორტრეტი და პორტრეტი; გადმოსცენ ხასიათი, დეტალები; გაითვალისწინონ მასალის თავისებურებები და შესაძლებლობები; იმსჯელონ გამოყენებული მხატვრული ხერხების შესახებ.


აქტივობა I ,,ავტოპორტრეტი” 

პორტრეტი " src="http://ncp.ge/files/subjects/estetikuri%20agzrda/saxviti%20da%20gamoyenebiti%20xelovneba/sabazo/vizualuri%20masala/_________/avtoportreti.png" alt="ავტოპორტრეტი " width="550" />

მასწავლებელი იწყებს საუბარს ფეისბუქის “პროფაილის” სურათის შესახებ, ეკითხება მოსწავლეებს, რა ფოტო უდევთ? რატომ და რა ნიშნით შეარჩიეს? რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი მსახიობის ფოტოს ან რომელიმე სხვა გამოსახულებას, ზოგი კი – ფოტოშოფში დამუშავებულ საკუთარ ფოტოს დებს, ზოგი საერთოდ არ ჩნდება – ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ მოსწონს, ან უკეთესი კუთხით უნდა წარმოჩნდეს? იმართება დისკუსია ამ თემაზე.

მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, რომ პორტრეტები სხვადასხვა მიზნით იხატებოდა (მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ, პორტრეტის რა სახეები იციან – ავტოპორტრეტი, ჯგუფური და სხვ). ასევე შეახსენებს, რომ ყოველ ეპოქას, ყოველ კულტურას თავისი სილამაზის კრიტერიუმები ჰქონდა, რაც აისახა ხელოვნებაში (საილუსტრაციოდ შეიძლება აჩვენოს წინასწარ მოძიებული, სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში შექმნილი პორტრეტები).

მოკლე მსჯელობის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ფაიუმის პორტრეტებს და ეკითხება, რომელი მოსწონთ; შემდეგ სთხოვს, იმსჯელონ, გააანალიზონ, რა ნიშნით მოეწონათ – სილამაზით, ხასიათით, შესრულების მანერით, ფერთა გამითა და ა. შ. და უყვება ფაიუმის პორტრეტების შესახებ (სად აღმოაჩინეს, რა დანიშნულება ჰქონდა, რა ტექნიკით სრულდებოდა, რით გამოირჩევა და ა. შ.).

 

ფაიუმის პორტრეტები:

ფაიუმის პორტრეტები


ინტერნეტრესურსი:

ფაიუმის პორტრეტების შესახებ:

 

ცოტა ხნის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს პაბლო პიკასოს მიერ სხვადასხვა დროსა და შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ავტოპორტრეტებს. მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მასალაშია შესრულებული, ილაპარაკებენ სტილზე, მანერაზე, ტექნიკაზე, გადმოცემულ განწყობაზე, სახასიათო ნიშნებზე, დეტალებსა და ა. შ.

  

პაბლო პიკასოს მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ავტოპორტრეტები:

პიკასოს ავტოპორტრეტები 1

პიკასოს ავტოპორტრეტები


მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.1. ნამუშევრის შექმნისას, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა.

ინდიკატორი 6. გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით.

ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ინდიკატორი 2. გამოსახავს სახასიათო დეტალებს პეიზაჟის, პორტრეტისა და ნატურმორტის ხატვის დროს. 

ს.გ.IX.1. ნამუშევრის შექმნისას მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა. 


მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, ინდივიდუალურად იმუშაონ და დახატონ ავტოპორტრეტები, რომლებსაც ფეისბუქის “პროფაილის” სურათად გამოიყენებდნენ. სთხოვს, ნამუშევარი შეასრულონ სხვადასხვა მასალით (ფანქარი, გუაში, აკვარელი, პასტელი, პლასტილინი და სხვ.) და შეეცადონ, მაქსიმალურად ზუსტად გადმოსცენ სახასიათო დეტალები (როგორ უნდათ, რომ გარშემომყოფნი ხედავდნენ მათ) მასალის თავისებურებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ინდიკატორი 6. მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების გათვალისწინებით;

ინდიკატორი 7. საკუთარი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრზე, ემოციებზე, რომელთა ასახვაც უნდოდა, იმაზე, თუ რამდენად მიაღწია დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს სამომავლოდ).

ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 2. აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.

ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 1. წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს.

მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წყვილებში განიხილავენ ერთმანეთის ავტოპორტრეტებს და წარადგენენ კლასის წინაშე. ავტოპორტრეტების განხილვისას შეიძლება პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს:

- ვინ არის გამოსახული ავტოპორტრეტზე?
- რამდენი წლისაა?
- როდის ცხოვრობდა?
- რის მიხედვით შეიძლება ამოვიცნოთ დრო, რომელშიც ცხოვრობდა (ცხოვრობს) ავტოპორტრეტზე გამოსახული ადამიანი?
- რაზე მეტყველებს ავტოპორტრეტზე გამოსახული ადამიანის ტანსაცმელი, სამკაული, ვარცხნილობა, აქსესუარები და ა. შ.?
- რა ფონზეა გამოსახული?
- კიდევ რა ან ვინ არის გამოსახული ავტოპორტრეტზე?
- რა პოზაშია გამოსახული და რაზე მეტყველებს ეს პოზა?
- რა განწყობა გეუფლებათ ამ ავტოპორტრეტის ნახვისას და რატომ?
- რით არის საინტერესო?
- როგორ არის გადმოცემული სახასიათო დეტალები?
- რისი თქმა უნდა ავტორს საკუთარი ავტოპორტრეტით?
- როგორ განწყობაზეა გამოსახული ადამიანი?
- რა ემოციაა ასახული მის სახეზე?
- რომელ სტილშია შესრულებული?
- რეალისტური გამოსახულებაა თუ აბსტრაქტული?
- რა მასალითა და ტექნიკითაა შესრულებული?
- რა მხატვრული ხერხია გამოყენებული ავტოპორტრეტში?
- სახვითი ხელოვნების რომელი ელემენტებია გამოყენებული?
- სახვითი ხელოვნების რომელი პრინციპებია გამოყენებული?
- როგორ არის გამოსახული: ანფასში, 3/4-ში, პროფილში, მხოლოდ სახეა თუ მთელი ტანი?

(ასევე ზოგიერთი შეკითხვა კითხვარიდან: “ნახატის კითხვა”, გვ. 287).

 

შენიშვნა:

ეს აქტივობა შეიძლება სხვაგვარადაც ჩატარდეს: მასწავლებელმა სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთ ავტოპორტრეტებს არ დააწერონ სახელი და გვარი. შემდეგ აგროვებს ნამუშევრებს, აურევს და დაურიგებს მოსწავლეებს; თითოეული უნდა შეეცადოს, გამოიცნოს, ვისი ავტოპორტრეტი შეხვდა და დაახასიათოს ზემოთ წარმოდგენილი კითხვარის მიხედვით.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აძლევს დავალებას: შემდეგი გაკვეთილისთვის მოიძიონ ინფორმაცია სამი მხატვრის – ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და პაბლო პიკასოს შესახებ.

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, გუაში, აკვარელი, პასტელი, პლასტილინი, სხვა ნებისმიერი მასალა.

 

 

აქტივობა II – “ვოლარის პორტრეტი


მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება.

ინდიკატორი 2. აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნასა და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით).

ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა, ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორი 3. მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;

ინდიკატორი 4. მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის კოლორიტზე;

ინდიკატორი 6. ადარებს ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშს, საუბრობს, რომელი უფრო მოსწონს და ასაბუთებს, რატომ აძლევს მას უპირატესობას. 

ს.გ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.

ინდიკატორი 5. ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს და მსჯელობს მისი შემოქმედების სტილსა და მანერაზე. 

ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

ინდიკატორი 2. არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს.

ს.გ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

ინდიკატორი 2. ადარებს რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;

ინდიკატორი 4. ადარებს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სამი განსხვავებული სტილისა და მიმდინარეობის მხატვრის ავტოპორტრეტებს: ოგიუსტ რენუარი (იმპრესიონიზმი), პოლ სეზანი (პოსტიმპრესიონიზმი), პაბლო პიკასო (კუბიზმი). მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს თითოეული მხატვრის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას.

 

ავტოპორტრეტები:

ავტოპორტრეტები

ხანმოკლე მსჯელობისა და აზრთა გაცვლის შემდეგ მასწავლებელი აგრძელებს პორტრეტში ხასიათის გადმოცემისა და შესრულების მანერის თემას [ამჯერად ეს საკითხები განიხილება სხვა კუთხით, მოსწავლემ უნდა დაინახოს და შეაფასოს შემოქმედის დამოკიდებულება ნატურის მიმართ, ასევე შესრულების მანერასა და მხატვრულ ხერხებზე (ფერი, მონასმი, მიმდინარეობა და სხვ.)]. აღნიშნავს, რომ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა მხატვარმა შეიძლება სხვადასხვანაირად დახატოს. აჩვენებს ამბრუაზ ვოლარის ფოტოს (აძლევს დავალებას, რომ შეაგროვონ ინფორმაცია ამ პიროვნებაზე და შემდეგ გაკვეთილზე გააცნონ თანაკლასელებს). მოსწავლეები მსჯელობენ, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რა დროში ცხოვრობდა, რას საქმიანობდა, როგორი ხასიათი ჰქონდა.

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: ამბრუაზ ვოლარი (1866–1939 წწ.) – XIX დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი არტ დილერი (ხელოვნების ნაწარმოებებით მოვაჭრე) და გამომცემელი. მან დიდი როლი შეასრულა თანამედროვე ხელოვნების ამბრუაზ ვოლარი განვითარებაში. თავის გალერეაში აწყობდა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა ხელოვანების – პოლ სეზანის, ვინსენტ ვან-გოგის, პოლ გოგენის, პაბლო პიკასოსა და სხვათა პერსონალურ გამოფენებს, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.

 


 






მომდევნო ნაწილი კავშირშია შედეგებთან:

ს.გ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 3. ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს სხვადასხვა მანერით (ხაზი, შტრიხი, მონასმი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯები, კალამი და მცენარის ღეროები);

ინდიკატორი 4. ირჩევს შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად.

ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ინდიკატორი 4. ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით.

ს.გ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორი 3. იყენებს მონასმებს, კონტრასტებს, აქცენტებს, დეტალებს, ფაქტურას, შერეულ მასალას ნამუშევარში განწყობილების და იდეების გადმოსაცემად;

ინდიკატორი 4. ფერწერული ნამუშევრის შექმნისას იყენებს ტრადიციულ და არატრადიციულ იარაღებსა და ტექნიკას.

შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და პაბლო პიკასოს მიერ შესრულებულ ამბრუაზ ვოლარის პორტრეტებს (ან შეიძლება აჩვენოს ამ სამი მხატვრის მიერ შესრულებული ამბრუაზ ვოლარის პორტრეტები და მოსწავლეებმა ამოიცნონ, რომელი ვის ეკუთვნის. შედარებისთვის ექნებათ მხატვრების ავტოპორტრეტები). მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რომელი პორტრეტი ჰგონიათ უფრო მიმსგავსებული ნატურასთან, თითოეულში მხატვრის როგორი დამოკიდებულება ჩანს პერსონაჟის მიმართ, რა მანერით არის შესრულებული.

 

ამბრუაზ ვოლარის პორტრეტები:

ვოლარის პორტრეტები


შემდეგ მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, აირჩიონ შესრულების მანერა და თვითონაც შეასრულონ პორტრეტი (მაგალითად, იმ ადამიანის პორტრეტი, რომელსაც ყოველი მათგანი იცნობს: შეიძლება რომელიმე თანაკლასელის, ცნობილი ადამიანის, ან მასწავლებლისა და ა.შ.).

მუშაობის დასასრულს მოსწავლეები კლასის წინაშე წარადგენდენ თავიანთ ნამუშევრებს და ისაუბრებენ მათ შესახებ.

 

რესურსები: სახატავი ფურცლები, ფანქრები, აკვარელი, გუაში, პასტელი, სანგინი, ფლომასტერები, საშლელი, სხვა ნებისმიერი მასალა.

 

შეფასების კრიტერიუმები:

მოსწავლეები ფასდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ გამოავლინონ:

პორტრეტისა და ავტოპორტრეტის შესრულებისას ხასიათის, სახასიათო დეტალების გადმოცემის უნარი;
პორტრეტისა და ავტოპორტრეტის შესრულებისას მასალის თავისებურების გათვალისწინების უნარი;
• ნამუშევარში გამოყენებული მხატვრულ ხერხებზე საუბრის უნარი.