საგნის სწავლების ორგანიზება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სპორტის საგანი სამივე საფეხურზეა გათვალისწინებული. ყოველ საფეხურზე სპორტი შეისწავლება როგორც სავალდებულო საგანი.

საბაზო-საშუალო საფეხურზე სპორტის სახეობების ჩამონათვალიდან სკოლა ირჩევს მინიმუმ სამს (3), რაც შესაძლებლობას მისცემს გოგონებსა და ბიჭებს, თანაბრად დაეუფლონ გუნდურ ან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს.

თითოეული  სპორტის სახეობისათვის საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები დაიწერება სამი დონის მიხედვით (I, II და III). მასწავლებელი კონკრეტული კლასის საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩევს შესაბამის დონეს და ამ დონის მიხედვით წარმართავს სასწავლო პროცესს. ასე რომ, თითოეული დონის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ კლასში. მაგალითად, თუ მოსწავლეები მე-10 კლასში იწყებენ კალათბურთის სწავლას, მასწავლებელი სწავლებას წარმართავს  კალათბურთის სახელმძღვანელოს პირველ დონის მიხედვით.

 

სპორტის სახეობების ჩამონათვალი 

სათამაშო სახეობები:

  1. ფეხბურთი;
  2. კალათბურთი;
  3. ფრენბურთი;
  4. ხელბურთი;
  5. რაგბი;
  6. ჩოგბურთი;
  7. მაგიდის ჩოგბურთი;
  8. ბადმინტონი;
  9. ბალახის ჰოკეი;
  10. ჭადრაკი.

 

ორთაბრძოლის სახეობები:

  1. ქართული ჭიდაობა
  2. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;
  3. თავისუფალი ჭიდაობა;
  4. ძიუდო;
  5. სამბო;
  6. აღმოსავლური ორთაბრძოლები.

 

ინდივიდუალური სახეობები:

  1. მძლეოსნობა;
  2. სპორტული ტანვარჯიში
  3. მხატვრული ტანვარჯიში;
  4. სპორტული აკრობატიკა;
  5. სპორტული აერობიკა;
  6. ცურვა;
  7. სათხილამურო სპორტი;
  8. ფიგურული ციგურაობა;
  9. სპორტული ცეკვები (ლათინო-ამერიკული პროგრამა);
  10. თანამედროვე ცეკვები.

 

სპორტის სახეობის არჩევისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტის კვალიფიკაცია, არსებული ინფრასტრუქტურა, რეგიონის თავისებურებები და ადგილობრივი ტრადიციები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არა აქვს სპორტული დარბაზი/მოედანი, სასურველია, სკოლის ადმინისტრაციამ მოიფიქროს სოფელში/დასახლებაში/ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტქურტურის გამოყენების შესაძლებლობა. 

სპორტის გაკვეთილები მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს, რომ ფიზიკურ, ტექნიკურ, ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად მოსწავლეს მიაწოდოს ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

 

 

ე) საგნის სწავლების მიმართულებების აღწერა 

სპორტის სწავლების დაწყებით საფეხურის მიმართულებებია: 

  1. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა კავშირია ფიზიკურ აქტივობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებას შორის; ითავისებენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს; უვითარდებათ უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევები.
  2. მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები. მოსწავლეები ითვისებენ სხვადასხვა სახის მოტორულ უნარ-ჩვევებს; სახალისო და გასართობი მოძრავი თამაშების საშუალებით ანვითარებენ ძირითად ფიზიკურ თვისებებსა და ეუფლებიან სპორტის სახეობების ტექნიკის საბაზისო ელემენტებს.
  3. აქტიური მონაწილეობა. მოსწავლეები ეჩვევიან დისციპლინას, სხვისი აზრის გულისყურით მოსმენას; იცავენ სოციალურ გარემოში წარმატებულად არსებობისათვის აუცილებელ წესებს.

 

 

სპორტის სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურების მიმართულებებია: 

  1. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა კავშირია ფიზიკურ აქტივობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებას შორის; ითავისებენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს; უვითარდებათ უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევები. 
  1. მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები. მოსწავლეები ითვისებენ სხვადასხვა სახის მოტორულ უნარ-ჩვევებს; ანვითარებენ ფიზიკურ თვისებებს; ჩაბმულნი არიან სპორტის სხვადასხვა სახეობაში. 
  1. აქტიური მონაწილეობა სპორტში. სპორტული სახეობების დაუფლების შესაძლებლობის მიხედვით მოსწავლეები ეცნობიან შესაბამისი სავარჯიშო კომპლექსების მოდიფიკაციას, ძირითად სპორტულ სახეობებს (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ტანვარჯიში); აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო, რაიონულ და ა.შ. სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რაც ხელს უწყობს მოსწვლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, თვითკონტროლისა და სხვათა კონტროლის მექანიზმების გამომუშავებას, სპორტული თამაშის ძირითადი წესების შესწავლას, პატიოსანი თამაშის წესებისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების დამკვიდრებას. 

 

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობა სპორტის გაკვეთილებზე 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სპორტის საგნობრივ პროგრამაში ჩასართავად საჭიროებენ დამატებით/სპეციალურ  მომსახურებას, მათ შორის, მოსწავლის შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასებას, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას, გარემოს ადაპტირებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას და სხვ.  

სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა სპორტულ აქტივობებსა და ფიზიკური განათლების გაკვეთილებში, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური  თუ სხვა  მახასიათებლებისა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება მასწავლებლის/მასწავლებლების, სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობების უნარის მქონე მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სასწავლო აქტივობები, რომლებიც მათ საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისა და ინდივიდუალური რესურსების გამოვლენის საშუალებას მისცემს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას, ამ საჭიროების დაკმაყოფილების გზებსა და დამატებით აქტივობებს, რომლებიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.