შევიმუშავოთ შეფასების კრიტერიუმები.

აქტივობის შესახებ

აქტივობა გამოიყენება წერის წინა და წერის შემდგომ ეტაპებზე. აქტივობა ძალზე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობის გამოყენება ხელს უწყობს, აგრეთვე, ტექსტის შეთხზვის (გარკვეული საყრდენების საფუძველზე) და მისი რედაქტირების უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

აქტივობის  მიზნები

  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარება-წერის პროცესის გაცნობიერება;
  • ნაწერის რედაქტირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა ინდივიდუალური.

 

რესურსები

 დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

აქტივობის ჩასატარებლად მასწავლებელმა უნდა შეადგინოს კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებით მოსწავლეები შექმნიან ტექსტს და შემდეგ შეძლებენ მის რედაქტირებას. ნაწერებს მასწავლებელი ამავე კრიტერიუმების გათვალისწინებით გაასწორებს. ამდენად, მოსწავლეები და მასწავლებელი თანხმდებიან ერთგვარ “თამაშის წესებზე”.

კრიტერიუმების შინაარსი, რაოდენობა და სირთულის ხარისხი თავად მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს დავალების არსის, სასწავლო მიზნებისა და მოსწავლეთა წერითი მეტყველების დონის მიხედვით. ერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მისაღწევი მიზანი შინაარსის ლოგიკური და მწყობრი გადმოცემა იყოს, მეორე შემთხვევაში – პუნქტუაცია, მესამეში – მოსწავლის პიროვნული გამოცდილების ასახვა და ა.შ.

შესაბამისად, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, კრიტერიუმები სხვადასხვაგვარი იქნება. დროთა განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია შექმნას კრიტერიუმების “ბანკი” ეროვნული  სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

მასწავლებელი დავალების მიცემამდე დაურიგებს/ჩააწერინებს მოსწავლეებს კრიტერიუმებს, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ წერითი დავალების შესრულებისას. აუცილებელია, რომ კრიტერიუმების დარიგებას მოსდევდეს მათი დეტალური განხილვა და ანალიზი: რა მოთხოვნას აყენებს ეს  კრიტერიუმი ჩვენ წინაშე?  რა არ უნდა გამოგვრჩეს? რაზე უნდა გავამახვილოთ წერისას ყურადღება? და მისთ., რაც დაეხმარება მოსწავლეებს ამ კრიტერიუმების გააზრებაში.

კრიტერიუმებით წერითი მეტყველების პროცესის მართვა ხელს უწყობს მეტაკოგნიციის, წერის პროცესის გაცნობიერების ზრდას მოსწავლეებში.

წერითი დავალების დასრულების შემდეგ მოსწავლეები რედაქტირებას უკეთებენ თავიანთ ნამუშევრებს შეთანხმებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ბოლო ეტაპზე მოსწავლეთა ნამუშევრების  საბოლოო ვერსიებს მასწავლებელი ასწორებს იმავე კრიტერიუმების მიხედვით.

 

ნიმუში: კრიტერიმები პერსონაჟის დახასიათებისთვის.

  • უნდა დავასახელოთ ნაწარმოების სათაური, ნაწარმოების ავტორი და პერსონაჟი;
  • უნდა გამოვიყენოთ ციტატა;
  • ციტატის შემდეგ პერსონაჟი ჩვენი სიტყვებით უნდა აღვწეროთ;
  • უნდა აღვწეროთ პერსონაჟის გარეგნობა, ჩაცმულობა;
  • უნდა მოვყვეთ პერსონაჟის თვისებების შესახებ;
  • აღწერილი პერსონაჟი უნდა შევადაროთ სხვა პერსონაჟს; ავხსნათ, რა თვალსაზრისით/რატომ/რა მიზნით ვადარებთ მათ ერთმანეთს;
  • უნდა დავწეროთ ჩვენი აზრი ამ პერსონაჟის შესახებ;
  • ნაწერი უნდა დავყოთ აბზაცებად;
  • წინადადების ბოლოს უნდა დავსვათ წერტილი;
  • ციტატა უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში;
  • რომ კავშირის წინ უნდა დავსვათ მძიმე;
  • არ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე სიტყვები, ისინი სინონიმებით უნდა ჩავანაცვლოთ.

აქტივობის ხანგრძლივობა: 20-22 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • დასახული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით ტექსტის აგება;
  • გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება; სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა;
  • ციტირება, რედაქტირება;
  • თვითგამოხატვა.

 

მეთოდური მითითებები

  • ”შეფასების კრიტერიუმები” სწავლების ძალზე მოქნილი მეთოდია და განსაკუთრებით ეფექტურია ინკლუზიურ მოსწავლეებთან მუშაობისას. მათ, ვისაც სპეციფიკური პრობლემები აქვთ წერით მეტყველებაში, მასწავლებელმა საგანგებოდ, ინდივიდუალური თავისებურებების  გათვალისწინებით  უნდა შეუდგინოს  კრიტერიუმები.
  • დასახული  შედეგის მისაღწევად,  შეიძლება  აგრეთვე გამოვიყენოთ აქტივობა ”ასე ვამბობთ - ასე ვწერთ” (იხ. ზემოთ, III. 13, ¹1).