შეკითხვის დასმა და კითხვაზე პასუხის გაცემა.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა ხელს უწყობს სასვენი ნიშნების (კითხვის ნიშნისა და წერტილის) მართებულად გამოყენების ჩვევის გამომუშავებას;  დამოუკიდებლად წერის უნარ-ჩვევების გავითარებას.


აქტივობის მიზნები

  • ტექსტის გაგების უნარის განვითარება;
  • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
  • სასიცოცხლო უნარ-ჩვევების (თანამშრომლობის უნარის) განვითარება;

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური/ წყვილური. 


რესურსები

რვეული, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი/მარკერი, კალამი.


აქტივობის აღწერა

მასწავლებელმა ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით (დაწერს დაფაზე) უნდა დასვას რაიმე მარტივი შეკითხვა. მაგ: ”ვინ არის შენი საყვარელი ზღაპრის/მულტფილმის გმირი?”,

”რა არის შენი საყვარელი საჭმელი?” ”ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი?” მოსწავლეებმა კითხვა უნდა გადაიწერონ რვეულებში, შემდეგ კი დამოუკიდებლად უნდა გასცენ სრული პასუხი (ამისათვის მასწავლებელმა მათ უნდა უჩვენოს სრული პასუხის მოდელი).

წერის პროცესის დაწყებამდე უნდა დამუშავდეს სასვენი ნიშნების საკითხი. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: ”რა ნიშანს დავსვამთ წინადადების ბოლოს, თუ წინადადება რაიმეს  გვეკითხება?” ”რა ნიშანს დავსვამთ  წინადადების ბოლოს, როცა კითხვაზე პასუხს გავცემთ?”.

კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეები წერას შეუდგებიან. ამ აქტივობის განხორციელება შესაძლებელია აგრეთვე მოსწავლეთა დაწყვილებითაც. ასეთ შემთხვევაში, მეწყვილეები თავად მოიფიქრებენ მარტივ კითხვას მასწავლებლის კითხვის ნიმუშის მიხედვით. ერთი მოსწავლე თავის მეწყვილეს დაუსვამს რაიმე შეკითხვას და მოისმენს მის პასუხს. ამის შემდეგ ორივე მეწყვილე რვეულებში ჩაიწერს დასმულ შეკითხვასა და გაცემულ პასუხს.

მაგალითი:

”რითი ერთობი ყველაზე კარგად?

მე ყველაზე კარგად ვერთობი ფეხბურთით”.

აქტივობის ”კითხვაზე/კითხვებზე პასუხის გაცემა” ჩატარება შესაძლებელია აგრეთვე სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით (სახელმძღვანელოებში, როგორც წესი, მრავლადაა  წარმოდგენილი ამ აქტივობისათვის საჭირო მასალა).

მაგ., ”როგორი ბიჭი იყო გიგო? (მოთხრობა “თხა და გიგო”)

გიგო იყო თავმომწონე”.

აქტივობის ხანგრძლივობა: 12-15 წუთი.


შეფასება

ამგვარი აქტივობებით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • სათანადო სასვენი ნიშნების გამოყენება;
  • თვითგამოხატვა;
  • საგნების, საკუთარი  და  სხვების თვისებების, მოქმედებების  გამომხატველი სიტყვების მართებულად გამოყენება სხვისი დახმარების გარეშე;
  • თანამშრომლობა.