საგნების სწავლების ორგანიზება


დაწყებითი საფეხური

I, II, III და IV კლასებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების  ელემენტები შედის სხვა სასწავლო საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, ესთეტიკური და შრომითი აღზრდა, მათემატიკა).

V-VI კლასებში საქართველოს ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება ისწავლება ინტეგრირებული სახით საგანში ”ჩვენი საქართველო”.

I - IV კლასებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ჩართულია ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკური განათლების/სპორტის  (შემდგომში სპორტი) სასწავლო პროგრამებში; თუმცა, IV  კლასში  ერთი სემესტრის განმავლობაში, ჯამურად 12 საათი სპეციალურად გამოყოფილია საგნისათვის ”მოძრაობის უსაფრთხოება” (რეკომენდებულია სასწავლო წლის მეორე სემესტრში); V-VI კლასებში აღნიშნული საკითხები ჩართულია ბუნებისმეტყველების, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და  სპორტის  სასწავლო პროგრამებში;

 

 

საბაზო საფეხური

VII კლასიდან ისტორისა და გეოგრაფიის სწავლება იწყება დამოუკიდებელ საგნებად.  სამოქალაქო განათლების სწავლება VII-VIII კლასებში მიმდინარეობს ისტორიასთან ინტეგრირებით.

IX კლასში სამივე საგანი -  ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება ცალ-ცალკე ისწავლება.

VII - IX კლასებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგანში შემავალი თემატიკა ჩართულია ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და სპორტის სასწავლო პროგრამებში;

VIII კლასში ერთი სემესტრის განმავლობაში ჯამურად 12 საათი სპეციალურადაა გამოყოფილი საგნისათვის ”უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებში” (რეკომენდებულია სასწავლო წლის მეორე სემესტრში);

  

საშუალო საფეხური

ამ საფეხურზე (X-XII)  სამივე კლასში  ისტორია რჩება სავალდებულო საგნად.

X-XI კლასებში გეოგრაფია არის სავალდებულო, ხოლო X –XII კლასში მოსწავლეებს საშუალება აქვთ აირჩიონ დამატებითი არჩევითი საგნები, მაგ: გეოგრაფიული კვლევა.

ისტორიის, გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფი X კლასში მოსწავლეს სთავაზობს სამოქალაქო განათლების სავალდებულო კურსს, ხოლო X-XII კლასებში კი – არჩევით საგნებს, მაგ: სახელმწიფო, მოქალაქეობა, მეწარმეობის საფუძვლები, პრაქტიკული სამართალი და სხვა.

X  კლასში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გარკვეული საკითხების შესწავლა ინტეგრირებულია სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიისა და სპორტის  სასწავლო პროგრამებში. XI კლასში  საგანში შემავალი თემატიკა ინტეგრირებულია ფიზიკისა და  ქიმიის სასწავლო პროგრამებში. XII  კლასში დამატებით ისწავლება ცალკე საგანი ”სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება”. მას 14 საათი უნდა დაეთმოს (სასწავლო წლის პირველ სემესტრში).

 

 

სტანდარტში მითითებული ინდექსები

სტადარტის შედეგებს აქვს ინდექსი. ინდექსი საგნის, კლასის და შედეგის  ნომრის შესახებ იძლევა ინფორმაციას. მაგ.:

საზ.მეც. V-VI. 7.   - საზოგადოებრივი მეცნიერება  -  საგანი

V-VI. - კლასი

          7.  - შედეგის ნომერი

საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შემოკლებები ინდექსებში:

          ისტ.  -  ისტორია

          გეო.  -  გეოგრაფია

          მოქ.  -  სამოქალაქო განათლება

        უსაფ.  - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება