საყვარელი ნაწარმოებების მენიუ.

აქტივობის შესახებ

აქტივობა კომპლექსური ხასიათისაა და ემსახურება როგორც წერითი მეტყველების, ასევე ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის  მიზნები

  • აზრის გამოთქმის/მსჯელობის უნარის განვითარება;
  • ინფორმაციის ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება (მცირე ზომის ტექსტების შედგენა მოდელის მიხედვით);
  • მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
  • სასიცოცხლო უნარ-ჩვევების (თანამშრომლობის უნარის) განვითარება.

 

რესურსები

კალამი, ფურცელი, მენიუს მოდელი, ფერადი ფანქრები/ფლომასტრები, დაფა, ცარცი, ტექსტები.

 

აქტივობის აღწერა

აქტივობას წინ უძღვის მსჯელობა მოსწავლეების მიერ წაკითხული მოთხრობების/ წიგნების შესახებ. მოსწავლეები ასახელებენ თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებს; მსჯელობენ, რატომ მოეწონათ ესა თუ ის ტექსტი.

შემდეგ მასწავლებელი დაყოფს კლასს მცირერიცხოვან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგებს მენიუს მოდელს. შესაძლოა, მენიუ დაფაზეც დაიხატოს. მოსწავლეები ეცნობიან მოდელს, მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე, პასუხობს მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს. შემდეგ კი სთხოვს მათ, რომ შეადგინონ საყვარელი ნაწარმოებების მენიუ.

ჯგუფის ყველა  წევრი ასახელებს საყვარელი  ნაწარმოების სათაურს,  გასწვრივ კი მიუწერს „ფასს.“ მოსწავლეებმა მენიუ  უნდა გააფორმონ მარტივი ილუსტრაციებითა და ორნამენტებით. მოგვიანებით, ჯგუფები წყვილდებიან და ერთმანეთს „უმასპინძლდებიან“ თავიანთი საყვარელი მოთხრობებით;  არჩევენ ყველაზე საინტერესო, „გემრიელ“ ნაწარმოებს, უყვებიან ან უკითხავენ ერთმანეთს შერჩეულ ტექსტებს.

აქტივობის ხანგრძლივობა: 15 -17 წუთი.

 

შეფასება

 აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ინფორმაციული ტექსტის შედგენა და გაფორმება მოცემული მოდელის მიხედვით;
  • ინფორმაციის მწყობრად და ორგანიზებულად გადმოცემა;
  • აზრის გამოთქმა/მსჯელობა;
  • თვითგამოხატვა;
  • თანამშრომლობა.


მეთოდური შენიშვნა

 

აღწერილ აქტივობას  შეიძლება დაეთმოს ორი ან მეტი გაკვეთილი.