საკლასო გამოფენა

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ამგვარი აქტივობა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოხატონ ნაწარმოების წაკითხვით აღძრული შთაბეჭდილებები სხვადასხვა ფორმით: წერილობით, ზეპირად და ხატვის საშუალებით.

 

აქტივობის მიზანი

 მოსწავლეები შეძლებენ:

  1. საკუთარი დამოკიდებულების, შთაბეჭდილებების გადმოცემას ნაწარმოების შესახებ;
  2. საკუთარი შემოქმედებითი უნარების გააქტიურებასა და გამოყენებას;
  3. წაკითხული ნაწარმოების უკეთ გააზრებას;
  4. საგამოფენო დარბაზის გარემოს გაცნობას;
  5. ნამუშევრების შეფასებასა და საკუთარი აზრის დასაბუთებას.

 

რესურსები

სახატავი  ქაღალდი,  ფანქრები/ფლომასტერები/საღებავები,  რვეული/საშუალო ზომის ბლოკნოტი.

 

აქტივობის აღწერა

როგორც ცნობილია, ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ ხატვა. ამიტომ, უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ ხატვის საშუალებითაც გადმოსცენ საკუთარი შთაბეჭდილებები წაკითხული ნაწარმოებების, მათი პერსონაჟების მიმართ. ტექსტის შესწავლის შემდეგ, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, შეარჩიონ და შექმნან ტექსტის რომელიმე ეპიზოდის ილუსტრაცია, პერსონაჟის პორტრეტი ან მოქმედების ადგილის ამსახველი სურათი.

ბავშვები ხატავენ სურათებს მათ მიერ შერჩეულ თემაზე. ხატვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთ ნამუშევრებს გაუკეთონ შესაბამისი წარწერები, სადაც მითითებული  იქნება, თუ რომელი ეპიზოდი, პერსონაჟი ან ადგილია ასახული სურათზე, ასევე  ნაწარმოების სათაური და ავტორის სახელი. სასურველია, თავდაპირველად მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს ასეთი წარწერის ნიმუში.

საკლასო ოთახში ეწყობა გამოფენა. მოსწავლეები ათვალიერებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და სპეციალურად გამზადებულ შთაბეჭდილებების წიგნში  ჩაწერენ, რომელი ნახატი მოეწონათ ყველაზე მეტად. შეუძლიათ იქვე ახსნან, თუ რატომ მოეწონათ ეს ნახატი. გამოფენის დასრულების შემდეგ იწყება ნახატების განხილვა. მოსწავლეები საუბრობენ ერთმანეთის ნამუშევრებზე, გამოხატავენ საკუთარ აზრს იმის  შესახებ, თუ რომელი მათგანი ასახავს ადეკვატურად შერჩეულ ეპიზოდს/პერსონაჟს და რომელი - ნაკლებად. ისინი ცდილობენ დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრებები.

შეფასება

 ამგვარი აქტივობით შეფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტის დეტალებზე ყურადღების გამახვილება, წაკითხულის გააზრება;
  • წაკითხული ტექსტის ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტის გარდაქმნა აზრობრივ ნახატად;
  • სხვისი ნამუშევრის შეფასება საკუთარი დამოკიდებულების დასაბუთება.

 

მეთოდური მითითება

მასწავლებელი შესაბამისი ინსტრუქციები უნდა მისცეს მოსწავლეებს, რათა ”შთაბეჭდილებების წიგნში” აზრის ჩაწერისას და შემდეგ საკუთარი შეფასებების ზეპირად გამოხატვისას ისინი მაქსიმალურად კორექტულნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ.