საკლასო ბიბლიოთეკა

WordSection1">

აქტივობის  შესახებ

 

კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად ძალიან  სასარგებლოა, რომ მოსწავლეებმა გაუზიარონ ერთმანეთს კითხვით გამოწვეული ემოციები, შთაბეჭდილებები, ურჩიონ ერთმანეთს, რა წიგნები წაიკითხონ და რატომ. ამ აქტივობის მოსამზადებლად და ჩასატარებლად შესაძლებელია მასწავლებელს 2-3 გაკვეთილი დასჭირდეს.

 

აქტივობის მიზანი

 მოსწავლეები

1. გაიხსენებენ და დაასახელებენ მათთვის საყვარელ და საინტერესო წიგნებს;

2. ახსნიან, რატომ მოეწონათ ესა თუ ის წიგნი;

3. დაასაბუთებენ, თუ რატომ უნდა წაიკითხონ სხვებმაც  მათი საყვარელი წიგნი;

4. შექმნიან საკლასო ბიბლიოთეკას.

 

რესურსები

წიგნები, ბარათები, პატარა ყუთი, დაფა, ცარცი/ბორდმარკერი, კომპიუტერი (თუ დაიგეგმება აქტივობის მომდევნო ეტაპიც).

 

აქტივობის აღწერა

1. აქტივობის წინა დღეს ტარდება მოსამზადებელი სამუშაო. მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს და გამოკითხავს, რა წიგნები, მოთხრობები, ჟურნალები წაიკითხეს ბოლო პერიოდში, რომელი მათგანი მოეწონათ ყველაზე მეტად და რამ დააინტერესა ისინი განსაკუთრებით. ამ საუბრის შემდეგ ის უხსნის მოსწავლეებს, რომ მათი ერთობლივი მიზანია საკლასო ბიბლიოთეკის შექმნა, რისთვისაც მათ დროებით უნდა მოიტანონ სკოლაში თავიანთი საყვარელი წიგნები და გამოცემები. შენიშვნა:  წინასწარი გასაუბრება მასწავლებელს მისცემს საშუაებას, მეტ-ნაკლებად დაარეგულიროს პროცესი, რათა თავიდან აიცილოს ბიბლიოთეკისთვის შერჩეული წიგნების ერთფეროვნება (მაგ., მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა), აგრეთვე ისიც, რომ რამდენიმე მოსწავლემ ერთი და იგივე წიგნი არ მოიტანოს.

2. მეორე დღეს მოსწავლეებს მოაქვთ თავიანთი საყვარელი წიგნები და გამოცემები საკლასო ბიბლიოთეკისთვის (სასურველია, თითო მოსწავლემ თითო წიგნი მოიტანოს). ეს შეიძლება იყოს მხატვრული ლიტერატურა (წიგნი, ასევე მოთხრობების, ლექსების, ზღაპრების კრებული, საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი და სხვ.), ასევე არამხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა (საბავშვო შემეცნებითი ჟურნალი, საბავშვო ენციკლოპედია და მსგავსი გამოცემები).

3. მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს და აძლევს საშუალებას, ისაუბრონ იმ წიგნის (თუ გამოცემის) შესახებ, რომელიც მოიტანეს, დაახასიათონ იგი, ისაუბრონ, რა მოეწონათ და რატომ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა დაასაბუთოს, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ სწორედ ეს წიგნი ინახებოდეს საკლასო ბიბლიოთეკაში და რატომ ურჩევს თანაკლასელებს, რომ მაინცდამაინც ეს წიგნი წაიკითხონ. შენიშვნა: უფრო მაღალ კლასებში შესაძლებელია მოსწავლეებმა მოაწყონ წინასწარ მომზადებული  პრეზენტაციები.

4. ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ ბიბლიოთეკის კარტოთეკის შედგენას. ისინი ბარათებზე წერენ ინფორმაციას წიგნის შესახებ  გარკვეული თანამიმდევრობით (სათაური, ავტორი/ავტორები, გვერდების რაოდენობა, თუ ჟურნალია, რომელი გამოცემაა/ნომერია, გამოცემის წელი და ა.შ.). შენიშვნა: სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ გაამზადოს ბარათის შაბლონი თვალსაჩინოებისთვის. აქტივობის ამ ნაწილში მოსწავლეებმა შეიძლება იმუშაონ ჯგუფებშიც და დამოუკიდებლადაც.

5. მოსწავლეები შეავსებენ ბარათებს და აწყობენ შესაბამისი ზომის ყუთში ანბანის რიგის მიხედვით. პერიოდულ გამოცემებს და ენციკლოპედიებს მიუჩენენ ცალკე ადგილს. თავად წიგნებს ახარისხებენ  და ალაგებენ საკლასო ოთახში სპეციალურად გამოყოფილ თაროზე, სადაც ცალ-ცალკე აწყობენ მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებს, ენციკლოპედიებს და ა.შ.

 

შეფასება

 ამ აქტივობის მიმდინარეობისას ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • წაკითხული მხატვრული ნაწარმოების შეფასება ესთეტიკური თვალსაზრისით;
  • სხვადასხვა სახის ტექსტის შეფასება ინფორმატიულობის თვალსაზრისით;
  • წაკითხული ტექსტის ადეკვატურად შეფასება;
  • საკუთარი შეხედულების სხვებისთვის გაზიარება და დასაბუთება;
  • მსმენელის დარწმუნება;
  • წიგნის/გამოცემის შესახებ  ინფორმაციის შეკრება;
  • ინსტრუქციის მიხედვით ანკეტის/კითხვარის შევსება;
  • დამოუკიდებლად მუშაობა;

 

მეთოდური მითითება

 

კარგი იქნება, თუ კლასში ერთი-ორი თვის განმავლობაში მაინც შენარჩუნდება ბიბლიოთეკა. სასურველია, თუ მოსწავლეები ისარგებლებენ ამ ბიბლიოთეკით. მაღალ კლასებში ამ აქტივობის ბოლო ეტაპი შეიძლება იყოს ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შექმნა.