საგნის  როლი  სასკოლო  განათლების  ეროვნული  მიზნის განხორციელებაში

თანამედროვე სკოლა მიზნად ისახავს ისეთი პიროვნების ფორმირებას, რომელიც მზად იქნება მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს საკუთარი განვითარე­ბი­სათ­ვის. ამგვარ ადამიანს უნდა ახასიათებდეს: 

1.     კრიტიკული აზროვნება;
2.     პრობლემათა გადაჭრის უნარი;
3.     თვითგამოხატვის უნარი;
4.     შემოქმედებითი აზროვნება;
5.     სამოქალაქო ცნობიერება;
6.     კომუნიკაციის უნარი;
7.     კვლევა-ძიების უნარი;
8.     თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი.

სახვით და გამოყენებით ხელოვნებას თავისი წვლილი შეაქვს ამგვარი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

1.  კრიტიკული აზროვნება

ხელოვნების შესწავლის პროცესში მოვლენათა გააზრებისა და პრობლემათა წვდომისუნარის ჩამოყალიბებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს: ა) მოსწავლეთა მიერ მხატვრული იდეების პროდუცირება, ბ) საკუთარი და სხვების შემოქმედების დახასიათება,შეფასებადაანალიზი; გ) იმ როლის გააზრება, რომელსაც ასრულებს ეროვნული და მსოფლიო კულტურების მემკვიდრეობა სხვადასხვა კონტექსტში.

2.  პრობლემათა გადაჭრის უნარი

ხელოვნების სწავლებისას პრობლემათა გადაჭრისუნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) სწავლის პროცესში წარმოშობილი იდეების  რეალიზაციის  პრაქტიკა, ბ) საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭირო მასალის, იარაღის, გამომსახველობითი ხერხების თუ ტექნიკის შერჩევა და ეფექტურიგამოყენება, გ) დასახული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელი ინიციატივის და პასუხისმგებლობის გამოვლენა; გ) სტრესის, იმედგაცრუებისა და მარცხის დაძლევა და დასახული მიზნისაკენ მტკიცედ სწრაფვა.

3.  თვითგამოხატვის უნარი

ხელოვნების შესწავლის პროცესში მოსწავლის თვითგამოხატვას (შეხედულებები, იდეები, განწყობები, გრძნობები) ხელს უწყობს:

ა) განსხვავებული მხატვრული მასალისა და ხერხების ათვისება-დაუფლება;

ბ) მხატვრული რესურსების (მასალისა და მეთოდების) თვითგამოხატვის  პროცესთან დაკავშირება;

გ) თანაკლასელთა მხატვრულ შემოქმედებაში გარკვეული შეხედულებების, იდეების,  განწყობებისა და გრძნობების ამოცნობა და მათზე მსჯელობა; 

დ) საკუთარ მხატვრულ ნამუშევარში გამოსახულ შეხედულებებზე, იდეებზე, განწყობებსა და გრძნობებზე მსჯელობა.

 

4.  შემოქმედებითი აზროვნება

ხელოვნების სწავლებისას  მოვლენების მიმართ შემოქმედებითი მიდგომისუნარის განვითარებას ხელს უწყობს: ორიგინალური მხატვრული იდეების გენერი­რე­ბა და მათი განხორციელებისათვის არასტანდარტული გზების ძიება.

5.  სამოქალაქო ცნობიერება

ხელოვნების სწავლებისას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვი­ლისა დაუნარის, ეროვნული თვითშეგნების გრძნობის განვითარებას ხელს უწყობს: კლასის, სკოლის და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებასა და კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა; კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოების წინაშე საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

6.   კომუნიკაციის უნარი

ხელოვნების სწავლებისას კომუნიკაციისუნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) საკუთარი და სხვისი ნაწარმოებების შესახებ მსჯელობა, კამათი და  პოზიციის დასაბუთება; ბ) სხვადასხვა საშუალებებით (ხატვა, წერა, მსჯელობა) საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვა; გ) ჯგუფური მუშაობისას სხვებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და პრობლემურ საკითხებზე შეთანხმება; დ) კრიტიკული თვალ­საზ­რისის გამოთქმა და დასაბუთება.

7.  კვლევა-ძიების უნარი

ხელოვნების სწავლებისას ინფორმაციის მოპოვებისა და გაანალიზების უნარის განვითარებას ხელს უწყობს:

ა) ინფორმაციის მრავალფეროვანი წყაროების გამოყენება;

ბ) ინფორმაციის შეჯერება, კრიტიკული შეფასება და ეფექტური ორგანი­ზაცია;

გ) ინფორმაციის გამოყენება საკუთარი შემოქმედებისათვის, კვლევი­სათვის, დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებისათვის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრი­სთვის.

8.  თვითშეფასებისა და და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი

ხელოვნების სწავლებისას თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარის განვითარებას ხელს უწყობს:

ა) საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწევების სწორი შეფასება; ბ) საკუთარი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა;

გ) უწყვეტი (მთელი სიცოცხლის მანძილზე) სწავლის ჩვევის გამომუშავება;

დ) საქმიანობის სწორად და ეფექტურად დაგეგმვის უნარი;

ე) განათლებისა და პრო­ფე­სიული ზრდისათვის ხელსაყრელი პირობების გამოყენება.