საგნის სწავლების საფეხურების დახასიათება 

სპორტს, როგორც სასწავლო დისციპლინას, თავისი სპეციფიკა გააჩნია სკოლის სამივე  (დაწყებით, საბაზო და საშუალო) საფეხურზე.

 

დაწყებითი საფეხური   (I-VI  კლასები) 

დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ზოგად ფიზიკურ მომზადებას და იმ საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც დაეხმარება მათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ  სპორტის სხვადასხვა სახეობაში საბაზო და საშუალო საფეხურზე. 

მიზნები და ამოცანები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა და მისი დაცვა;
  • დამოუკიდებელი მოტორული ქმედებების სტიმულირება და ფორმირება;
  • მარტივი ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის ათვისება;
  • ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსების შესწავლა და გამოყენება;
  • სწორი მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;

სკოლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებლობას. ამისათვის საჭიროა მან იცოდეს:

  • ამა თუ იმ ვარჯიშის ან მოძრაობის პრაქტიკული მნიშვნელობა და ფიზიკური განვითარებისათვის მისი აუცილებლობა. გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ მოცემული ვარჯიში მნიშვნელოვანია. მაგ., თუ საუბარია მოქნილობაზე, უნდა ვისაუბროთ მოქნილობის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, ე.ი. წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ამა თუ იმ ვარჯიშის მნიშვნელობის გააზრებული მოტივაცია, დაწყებული მარტივი მოძრაობის შესწავლით და დამთავრებული ცხოვრების ჯანსაღი წესით.
  • მოძრაობის  (მოქმედების) დანიშნულება. მაგ., თუ საუბარია მოქნილობაზე ან სისწრაფეზე, მოსწავლემ უნდა შეძლოს ვარჯიშების კომპლექსებში გარკვეული კანონზომიერების დანახვა და დამოუკიდებლად შესრულება, ან არსებულის გართულება.
  •  ვარჯიშების შესრულების რიგითობის დაცვა გაკვეთილზე. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არის ზოგადგანმავითარებელი და სპეციალური ვარჯიშები აუცილებელი და რატომ უნდა ტარდებოდეს ისინი გაკვეთილის დასაწყისში. მოსწავლეები უნდა ხვდებოდნენ, რომ სივრცეში ორიენტაციის გასავითარებელი ვარჯიში (მაგ. დაბრკოლებებს შორის სირბილი) წინ უნდა უსწრებდეს, ვთქვათ, კალათბურთის თამაშს, ადგილზე სირბილი - მოძრავ თამაშებს  და ა.შ.

 

დაწყებით საფეხურზე მუშაობის მეთოდები.

I-VI კლასებში წარმოუდგენელია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობის განვითარება, თუ სწავლების პროცესს აკლია ემოციურობა. ამიტომ, გაკვეთილზე უპირატესობა თამაშებსა და ჯგუფებს შორის შეჯიბრებებს უნდა დაეთმოს. ხალისიანი შეჯიბრება, თუნდაც მარტივი წახალისების თანხლებით, კარგი სტიმულია ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასაბმელად.

სასწავლო მუშაობა მიმართული უნდა იყოს მათი ფიზიკური მაჩვენებლებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ. მოსწავლეს, რომელმაც გაიარა ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამა, უნდა შეეძლოს გამომუშავებული მოტორული უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად გამოყენება.

თამაშის, როგორც ერთ-ერთი პედაგოგიური მეთოდის, გამოყენებით სწავლა უფრო სახალისო და მოტივაციური ხდება. V-VI კლასებში მხიარული თამაშები აუმჯობესებს მოსწავლეთა მოძრაობით ჩვევებს, ამაღლებს მათ მიერ სიტუაციის გაანალიზების უნარს, უვითარებს ფანტაზიას, დროისა და სივრცის შეგრძნებას.

 

 

საბაზო საფეხური  (VII-IX კლასები) 

საბაზო საფეხურზე სპორტის სწავლების ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

  • მოსწავლეთა ჯანმრთელობის განმტკიცება და ყოველმხრივი ფიზიკური განვითარება;
  • სპორტულ აქტივობებში დამოუკიდებლობის გამოვლენის ხელშეწყობა და ორგანიზება;
  • არჩეული სპორტის სახეობაში სპორტული ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისათვის საჭირო სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და შესაძლებლობების განვითარება;
  • სპორტის არჩეულ სახეობაში მოძრაობებისა და მოქმედებების ტექნიკის შესწავლა და სრულყოფა;
  • სპორტული წვრთნის ჰიგიენა და ტრავმატიზმის პროფილაქტიკა;
  • ფიზიკური მომზადების თვითშეფასება;
  • თვითკონტროლისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

საბაზო საფეხურზე მუშაობის მეთოდები.

VII-IX კლასებში სპორტის გაკვეთილებზე დროის განაწილება ხდება წვრთნის კონკრეტული ამოცანების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფიზიკურ მომზადებას, ხოლო ტექნიკურ მომზადებას - დაახლოებით 50%. გამოკვეთილია ინტეგრალური მომზადების მნიშვნელობაც. ეს განპირობებულია წვრთნის კომპონენტების (ფიზიკური, ტექნიკური, ტაქტიკური მომზადების) გაერთიანების აუცილებლობით, სათამაშო და საშეჯიბრო პირობებში მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით.

სწავლების ამ ეტაპზე დიდ მნიშვნელობას იძენს მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ ფასეულობათა ჩამოყალიბება: მოვალეობის გრძნობა, შეუპოვრობა, პირადი პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი, შეჯიბრების წესების დაცვა და სპორტული სულისკვეთების გაღვივება. წვრთნის პროცესში განისაზღვრება მოსწავლეთა ფსიქოლოგიური სტატუსი. მათ უჩნდებათ  საკუთარი თავის რწმენა, უვითარდებათ თვითშემეცნების, თვითშეფასებისა და თვითკონტროლის უნარი.

 

საშუალო სკოლა (X-XII კლასები) 

საშუალო საფეხურზე სპორტის სწავლების ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა;
  • დამოუკიდებელი სპორტული აქტივობისა და შემოქმედებითი მიდგომის სტიმულირება გაკვეთილზე და გაკვეთილების შემდეგ;
  • ფიზიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა;
  • არჩეულ სპორტის სახეობებში ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფა;
  • არჩეულ სათამაშო სპორტის სახეობებში თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მომზადების შესაბამისი ფუნქციების განსაზღვრა;
  • მოსწავლეების ფსიქოლოგიური მომზადება და წვრთნის შედეგების ანალიზის უნარის გამომუშავება;
  • მოსწავლეების საშეჯიბრო პროცესში მასიურად ჩაბმის მოტივაციის გაღვივება.

 

საშუალო სკოლის საფეხურზე მუშაობის მეთოდები.

სწავლების პროცესში მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეებში ემოციურობის, სიხალისისა და სიმხნევის განვითარებას, დატვირთვების რეგულირებას, სპორტული შეჯიბრებებით მოსწავლეთა დაინტერესებას. პედაგოგი ურჩევს, თუ  სპორტის რომელ სახეობაში შეძლებს ახალგაზრდა თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას.

სპორტული აქტივობა და შეჯიბრებებში მონაწილეობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ნებისყოფის განმტკიცებას, მიზანსწრაფულობას, სამართლიანობის გრძნობის გამომუშავებას, ჯგუფში და კოლექტივში ადაპტირებას და ა.შ.

მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით მასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს სპორტული ჩვევების ჩამოყალიბებას, ტაქტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებას. მასწავლებელს უნდა შეეძლოს წვრთნის პროცესისადმი კონსტრუქციული მიდგომა, გაკვეთილების მიმდინარეობისას ადეკვატური კომენტარებისა და ინსტრუქციების მიცემა, ჩანაწერების გაკეთება მოსწავლეთა სპორტული აქტივობების შესახებ, წახალისებისა და გაკიცხვა-დასჯის მეთოდების გამოყენებით სამართლიანობის დაცვა და ეფექტური ზეგავლენის მოხდენა მოსწავლეთა წვრთნის პროცესზე.

მესამე საფეხურზე სკოლაში სპორტის მასწავლებლის ძირითადი ფუნქციაა მოსწავლეთა მოტორული უნარ-ჩვევების კომპლექსური განვითარება, ინტეგრალური მომზადება, რაც, ძირითადად, საკონტროლო შეჯიბრებებით განისაზღვრება. ყოველი საწვრთნო გაკვეთილი მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს პოზიტიური გუნება-განწყობით.