საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება სხვადასხვა საფეხურზე   

დაწყებითი  საფეხური (I VI კლასები)

სწავლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლე იწყებს გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირებას და უჩნდება მისი კვლევის სურვილი.

სწავლების ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას, შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების, მატერიის, ენერგიის და ფიზიკური ძალების შეცნობას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს უვითარდება სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რომელთაგან პრიორიტეტულია:

  • გარემოზე დაკვირვება (როგორც საკუთარი შეგრძნების ორგანოების, ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით);
  • ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა;
  • მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
  • გამოსაკვლევი საკითხის შესახებ კითხვების დასმა;
  • ობიექტების კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების მიხედვით;
  • რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და  პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
  • გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

საბაზო საფეხური (VII- IXკლასები)

სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეს კიდევ უფრო მეტად უვითარდება შემეცნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ის მოვლენების გარეგნული აღწერიდან გადადის მოვლენათა არსის წვდომაზე, შეიმეცნებს ძირითად ფიზიკურ, ქიმიურ კანონებს და ბიოლოგიურ კანონ-ზომიერებებს. მოსწავლე იწყებს ემპირიული გზით სამყაროს აღქმას, შემოქმედებითად აზროვნებას, ცდილობს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრას.

საბაზო საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:

  • კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
  • სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;
  • ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
  • კრიტიკულიანალიზი, დასკვნების გამოტანა;
  • პრეზენტაცია (გრაფიკების, დიაგრამების, მოდელის შექმნა).

 

საშუალო საფეხური  (X- XII კლასები)

სწავლების ბოლო საფეხურზე ღრმავდება საბუნებისმეტყველო განათლება, საფუძველი ეყრება პროფესიულ ცოდნას, რათა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა შეძლოს სწავლის გაგრძელება, სრულფასოვანი განათლების მიღება და თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ საფეხურზე მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიაზროს საბუნებისმეტყველო დარგში მუშაობის თავისებურებანი, დააფასოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისათვის და გააცნობიეროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მას, როგორც მკვლევარსა და მოქალაქეს.

სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:

  • დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გაღრმავება, რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ან სხვათა მონაცემებით მანიპულირება, ახალი ან შეცვლილი სიტუაციის შედეგების წინასწარ განჭვრეტა, ჰიპოთეზის გამოთქმა, ექსპერიმენტული მოდელის შექმნა;
  • პროექტის მომზადება, წარმართვა და დაცვა ფართო აუდიტორიის წინაშე.