მიმართულებების  აღწერა

ბუნებისმეტყველების სასკოლო კურსი  დაყოფილია მიმართულებებად. თითოეული მათგანი წარმოაჩენს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს  ყურადღება სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე/კლასში. მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ემსახურება სამყაროს ერთიანობის შეცნობას.

დაწყებით საფეხურზე საგანი ,,ბუნებისმეტყველება’’ პირობითად დაყოფილია ოთხ მიმართულებად:

  1. ცოცხალი სამყარო (ბიოლოგიის ელემენტები);
  2. სხეულები და მოვლენები (ფიზიკისა და ქიმიის ელემენტები);
  3. დედამიწა და გარესამყარო (გეოგრაფიისა და ასტრონომიის ელემენტები);
  4. ადამიანი და გარემო (სამოქალაქო განათლების ელემენტები).

 

მიმართულებები “ადამიანი და გარემო” და “დედამიწა და გარესამყარო” მხოლოდ დაწყებით საფეხურზეა ინტეგრირებული ბუნებიმეტყველების კურსში, ხოლო მიმართულება “სხეულები და მოვლენები” შემდეგ საფეხურებზე ორ მიმართულებად იყოფა: “ფიზიკური მოვლენები” და “ქიმიური მოვლენები.”

 

საბაზო საფეხურზე  VII კლასში საგანი ,,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები’’ მოიცავს ოთხ მიმართულებას:

  1. მეცნიერული კვლევა-ძიება (კვლევის უნარ-ჩვევები);
  2. ცოცხალი სამყარო (ბიოლოგიის საფუძვლები);
  3. ფიზიკური მოვლენები (ფიზიკის საფუძვლები);
  4. ქიმიური მოვლენები (ქიმიის საფუძვლები).

 

VIII და IX კლასებში კი ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა  ისწავლება ცალ-ცალკე საგნებად. თითოეული საგანი მოიცავს ორ მიმართულებას:

 

ბიოლოგია:  

1. მეცნიერული კვლევა-ძიება;         

2. ცოცხალი სამყარო;

ფიზიკა:      

1. მეცნიერული კვლევა-ძიება;

2. ფიზიკური მოვლენები;

ქიმია:      

1. მეცნიერული კვლევა-ძიება;

2. ქიმიური მოვლენები.

 

საშუალო საფეხურზე,  X - XI კლასებში ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა ისწავლება ცალ-ცალკე საგნებად. თითოეული საგანი მოიცავს ორ მიმართულებას:

 

ბიოლოგია:

1. მეცნიერული კვლევა-ძიება;         

2. ცოცხალი სამყარო;

ფიზიკა:    

1. მეცნიერული კვლევა-ძიება;

2. ფიზიკური მოვლენები;

ქიმია:

1. მეცნიერული კვლევა-ძიება;

2. ქიმიური მოვლენები.

 

 

ცოცხალი სამყარო  (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)

მოსწავლე დაწყებით საფეხურზე ეცნობა: ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებას, ორგანიზმების აგებულებისა და ცხოველმყოფელობის თავისებურებებს, ორგანიზმების ძირითად ჯგუფებს და მათ მახასიათებლებს, ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, სასიცოცხლო ციკლებს. მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას იმ გარემო პირობების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმების ზრდასა და განვითარებას; ეცნობა ორგანიზმების გარემოსთან შეგუების ფორმებს. მოსწავლე აცნობიერებს, რომ გარემო მრავალფეროვანი და დინამიკურია, შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტებისაგან. მოსწავლე გარემომცველ სამყაროს შეიცნობს დაკვირვების (შეგრძნების ორგანოებით და მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით), აღწერის და კლასიფიცირების გზით.

მოსწავლე საბაზო საფეხურზე ეცნობა: სიცოცხლის უჯრედული ორგანიზაციის, ნივთიერებათა და ენერგიის  ცვლის, გამრავლების, მემკვიდრეობითობის, სიცოცხლის განვითარების ზოგად პრინციპებს; ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედების (ორგანოთა სისტემების დონეზე) ფიზიკურ და ქიმიურ კანონზომიერებებს, ჰომეოსტაზის ფენომენს; ეკოსისტემების კომპონენტებს, მათ ურთიერთკავშირს და ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებს.

მოსწავლე ითვისებს კვლევის ზოგიერთ ციტოლოგიურ, გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ მეთოდს; ეუფლება ბიოლოგიური ექსპერიმენტის დაგეგმვასა და წარმართვას, ეჩვევა მონაცემების კრიტიკულ ანალიზს.

მოსწავლე ეცნობა  ზოგიერთი იმ აღმოჩენის ისტორიას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბიოლოგიისა და მედიცინის განვითარებაში.

მოსწავლე  საშუალო საფეხურზე უფრო ღრმად შეისწავლის და ადარებს ერთმანეთს მიკროორგანიზმების, მცენარეების, ცხოველების სასიცოცხლო თვისებებს (მაგ., სუნთქვა, კვება, გამრავლება და სხვა), აგრეთვე, ადამიანის ნორმალური  ანატომიის და ფიზიოლოგიის კერძო საკითხებს და ჰომეოსტაზის დარღვევის ზოგიერთ მაგალითს; მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის ბიოლოგიურ მნიშვნელობას; ევოლუციის კონცეფციას ორგანულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად; ეკოსისტემაში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესებს.

მოსწავლე ეცნობა კვლევის თანამედროვე მეთოდებს,  ქმნის კონკრეტული ბიოლოგიური პროცესის შესწავლის პროექტს, ასრულებს მას და მიღებულ შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე;

მოსწავლე ეცნობა ბიოლოგიის სხვადასხვა დარგის სპეციფიკას, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე აცნობიერებს მეცნიერული მუშაობის სირთულეებს, მეცნიერის პასუხისმგებლობას და თავდადებას.

 

ადამიანი და გარემო (დაწყებითი საფეხური)

ამ მიმართულების ფარგლებში  მოსწავლე ეცნობა ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას, აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ მოქმედებს გარემო ადამიანის ცხოვრების ნირზე და პირიქით, როგორ იცვლება გარესამყარო ადამიანის ზემოქმედების შედეგად; ეცნობა ბუნებრივი სიმდიდრეების მრავალფეროვნებას, მათი რაციონალურად გამოყენების გზებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორი უტილიზაციის მეთოდებს.

მოსწავლეს უყალიბდება პირადი და ჯგუფური პასუხისმგებლობა და აქტიურად ერთვება ლოკალური გარემოს დაცვის საქმეში.

მოსწავლე ეცნობა ჯანმრთელი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს.

 

დედამიწა და გარესამყარო (დაწყებითი საფეხური)

მოსწავლე  ეცნობა  დედამიწის, მზის სისტემისა და სამყაროს  შესახებ შეხედულებების განვითარებას. მას უყალიბდება სწორი წარმოდგენა დროისა და სივრცის შესახებ.  მოსწავლე შეისწავლის ბუნებაში მიმდინარე ციკლურ პროცესებს, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელ რესურსებს, იკვლევს მათი გამოყენების გზებს და საშუალებებს.

გარემოს შეცნობის მეთოდების დასაუფლებლად გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის, უშუალო დაკვირვება და სასწავლო ცდები, მარტივი ხელსაწყოების გაცნობა და გაზომვა-გამოთვლითი სამუშაოების ჩატარება, ადგილზე ორიენტირება, რუკების გამოყენება, ობიექტების და პროცესების მოდელირება და სხვ.

 

სხეულები და მოვლენები (დაწყებითი საფეხური)

 

მიმართულების მიზანია, მოსწავლეს დაანახოს კავშირი მის ირგვლივ არსებულ საგნებს, ბუნებრივ მოვლენებს შორის.  

მოსწავლე აკვირდება, იკვლევს და სვამს კითხვებს ნივთიერი სამყაროს და მასში  მიმდინარე მოვლენების შესახებ,  ეუფლება ჯგუფური მუშაობის ჩვევებს, სწავლობს ინფორმაციის შეგროვებას და ცდილობს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

მარტივი ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე ეჩვევა ხელსაწყოებთან მუშაობას, მათ სწორად, დანიშნულების მიხედვით გამოყენებას და უსაფრთხოების წესების დაცვას.

დაწყებით საფეხურზე დაკვირვების შედეგებს მოსწავლე გადმოსცემს ჯერ ნახატებისა და მარტივი სქემების, მოგვიანებით კი -­­ ცხრილების საშუალებით.

მოსწავლე შეისწავლის: მოძრაობის მარტივ ფორმებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, სხეულთა წონასწორობას, ენერგიის ფორმებსა და წყაროებს, მასალათა და ნივთიერებათა ძირითად თვისებებს. მიღებული ცოდნის საფუძველზე ის ამყარებს კავშირს  კვლევის შედეგებსა  და მეცნიერულ მოსაზრებებს შორის, ამზადებს მარტივ მოდელებს და წარმოადგენს მათ. ამ საფეხურის ბოლოსათვის დაგროვილი ცოდნისა და გამომუშავებული უნარ-ჩვევების საფუძველზე მოსწავლე ცდილობს დაადგინოს მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც გაუღრმავებს  მას სამყაროს კვლევისადმი ინტერესს.

 

ფიზიკური მოვლენები (საბაზო და საშუალო საფეხური)

მოსწავლე საბაზო საფეხურზე ეცნობა სამყაროს უნივერსალურ კანონებს, მეცნიერული იდეების განვითარებას და სხვადასხვა სახის მოდელების გამოყენებით ცდილობს მოვლენათა ახსნას.

მოზარდი შეისწავლის ბუნებაში არსებულ  ძალთა მოქმედების შედეგებს, სითბურ და ელექტრომაგნიტურ მოვლენებს, აღწერს მათ თვისებრივად და რაოდენობრივად, ეცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების მაგალითებს.

გეგმავს და ატარებს ექსპერიმენტებს, სწავლობს შედეგების სწორად ფორმულირებას და თავისი მოსაზრებების სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხების  საშუალებით გადმოცემას;

იზიარებს სხვათა შეხედულებებს და აფასებს მათ.

მოიძიებს ინფორმაციას მეცნიერული კვლევების შესახებ და გაიაზრებს მათ მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებისთვის.

საშუალო საფეხურზე  მოსწავლე იღრმავებს საბაზო საფეხურზე შეძენილ ცოდნას, შეისწავლის და აანალიზებს თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების დადებით და უარყოფით გავლენას გარემოზე, იძენს მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევებს და ექმნება მყარი საფუძველი მომავალი საქმიანობისათვის. ამ საფეხურის ბოლოს მოსწავლე დამოუკიდებლად გეგმავს და წარმართავს მარტივ ექსპერიმენტს, გამოთქვამს და ამოწმებს ჰიპოთეზას.

მოსწავლე სხვადასხვა წყაროდან მოიძიებს ინფორმაციას მეცნიერული კვლევების შესახებ, ადარებს მათ საკუთარი კვლევის შედეგებს, ირჩევს მონაცემების პრეზენტაციის  ფორმებსა და საშუალებებს და წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე.

ქიმიური მოვლენები (საბაზო და საშუალო საფეხური )

საბაზო საფეხურზე ამ მიმართულების სწავლების ძირითადი მიზანია: მოსწავლეები ჩასწვდნენ ქიმიის ძირითადი კანონების არსს, გაერკვნენ ატომურ-მოლეკულურ მოძღვრებაში, შეძლონ ქიმიურ რეაქციათა თვისებრივი და რაოდენობრივი დახასიათება, გაეცნონ ელემენტთა პერიოდულ სისტემას, მისი შექმნის ისტორიას, ჰქონდეთ წარმოდგენა ქიმიურ ბმებზე, არაორგანულ და ორგანულ ნაერთებზე და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე.

ამ საფეხურზე მოსწავლეები ეუფლებიან კვლევისა და კომუნიკაციის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ისინი შეძლებენ შესწავლილი თეორიული საკითხების პრაქტიკულ გამოყენებას: ცდის ჯერ მასწავლებლის დახმარებით, შემდეგ დამოუკიდებლად ჩატარებას, მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და სათანადო დასკვნების გამოტანას. მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი მონაცემებისა და დასკვნების საზოგადოებისათვის წარდგენას პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. მათ თანდათან გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი. 

საშუალო საფეხურზე მოსწავლე საბაზო სკოლაში მიღებული ინფორმაციისა და გამოცდილების საფუძველზე იღრმავებს ცოდნას ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის კანონზომიერებათა შესახებ, დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს ცდებს. ატომის აღნაგობის, ქიმიური ბმების ბუნებისა და პერიოდულობის კანონის შესწავლის საფუძველზე ის  განჭვრეტს ელემენტთა და მათ ნაერთთა თვისებებს. მოსწავლეს  ექმნება სრულყოფილი წარმოდგენა თერმოქიმიურ და ელექტროქიმიურ პროცესებზე. იგი  ეცნობა ქიმიური წარმოების საფუძვლებს, აღწერს ტექნოლოგიურ სქემებს ნაერთთა ქიმიური თვისებების საფუძველზე. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ქიმიურ წარმოებასთან დაკავშირებულ  გარემოს დაცვის პრობლემებს. ამ საფეხურზე მოსწავლე ეცნობა გამოჩენილ ქიმიკოსთა სამეცნიერო მოღვაწეობას.

 

სასწავლო გეგმის სტრუქტურა:

ბუნებისმეტყველების საგნობრივ პროგრამაში აღწერილია ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველი მოსწავლე თითოეული კლასის დასრულების შემდეგ. ეს მოთხოვნები თითოეული მიმართულებისათვის შედეგებისა და ინდიკატორების სახითაა ჩამოყალიბებული.

შედეგი გვიჩვენებს, თუ რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს მოცემული კლასის დასრულების შემდეგ.

ინდიკატორი არის დებულება იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირების შესახებ, რომლებიცჩამოყალიბებულია შესაბამის შედეგში.

ინდიკატორის დანიშნულებაა გამოავლინოს, მიღწეულია თუ არა შედეგი. ინდიკატორი, ძირითადად, ორიენტირებულია უნარ-ჩვევებზე და ჩამოყალიბებულია აქტივობის ენაზე. შედეგთან დაკავშირებული თითოეული ინდიკატორი წარმოაჩენს შედეგს რომელიმე კუთხით, ხოლო  მათი ერთობლიობა კი ფარავს შედეგს.

შედეგები  დაჯგუფებულია მიმართულებების მიხედვით.

ამის გარდა, თითოეული საფეხურის შესაბამისი შედეგებისა და მათი ინდიკატორების ერთობლიობას თან ერთვის პროგრამის შინაარსი - სასწავლო მასალის  საკითხთა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზე შესაძლებელია სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მოცემულ კლასში.

 

სტანდარტის შედეგებს თან ახლავს ინდექსი. ინდექსი ინფორმაციას იძლევა საგნის/მიმართულების, კლასის და შედეგის  ნომრის შესახებ. მაგალითად:

 

I-VII კლასებისთვის:

ბუნ. III. 7.     

ბუნ.  -  საგანი

 III.  - კლასი

 7.  - შედეგის ნომერი.

 

VIII- XI კლასებისთვის:

კვლ. VIII. 1

კვლ.   - მიმართულება

VIII - კლასი

1.    -  შედეგის ნომერი

 

საბუნებისმეტყველო საგნების/მიმართულებების შემოკლებები ინდექსებში:

ბუნ.     -  ბუნებისმეტყველება

კვლ.   -   მეცნიერული კვლევა-ძიება

ქიმ.     -   ქიმიური მოვლენები

ფიზ.    -  ფიზიკური  მოვლენები

ბიოლ. -  ბიოლოგია /ცოცხალი სამყარო