ქართული ენისა და ლიტერატურის  სწავლება იწყება პირველი კლასიდან და გრძელდება მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

 

საგნობრივი პროგრამის  სტრუქტურა 

საგნობრივი პროგრამა მოიცავს თითოეული კლასის ბოლოს მისაღწევ შედეგებსა და ამ შედეგების შესამოწმებელ ინდიკატორებს. შედეგები და ინდიკატორები დალაგებულია სამი ძირითადი მიმართულების (ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის) მიხედვით; ეს არის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები. თითოეულ მიმართულებაში 3-დან 7-მდე შედეგია. ინდიკატორთა რაოდენობა არ არის შეზღუდული და მერყეობს 2-დან 20-მდე. ინდიკატორები სხვადასხვა სირთულისაა და, შესაბამისად, დასაშვებია მათი არა სრულად, არამედ ნაწილობრივად დაფარვა, რაც აისახება კიდეც მოსწავლეთა შეფასებაში.

თითოეული კლასის საგნობრივ პროგრამას ახლავს პროგრამის შინაარსი; მასზე დაყრდნობით შესაძლებელია სტანდარტში მოცემული შედეგების მიღწევა. პროგრამის შინაარსში გაწერილია კონკრეტული საკითხები (მასალა) საგნობრივი მიმართულებების მიხედვით.

ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის შინაარსში წარმოდგენილია ასევე   იმ ნაწარმოებთა ჩამონათვალი, რომელთა შესწავლა სავალდებულოა და რომელიც შეადგენს მთლიანი პროგრამის 60 პროცენტს. დანარჩენ მასალას (მთლიანი პროგრამის 40 პროცენტს) შეარჩევს მასწავლებელი და/ან სახელმძღვანელოს ავტორი.