ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები

პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:

  • განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
  • გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
  • განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
  • ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
  • შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
  • გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

 

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

  • კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
  • ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
  • აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
  • მსჯელობის უნარის განვითარება;
  • სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
  • ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
  • ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
  • დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
  • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
  • საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
  • ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
  • მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
  • ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
  • სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
  • მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.