ქართული ენა და ლიტერატურა
ამობეჭდვაქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებების აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად საგნობრივ სფეროში ჰპოვებს რეალიზებას. ესენია: ენა, როგორც ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების საშუალება (ენა საინფორმაციო მიმართულებით), ენის კომუნიკაციური ასპექტები (ზეპირი და წერილობითი არამხატვრული ტექსტები) და ლიტერატურა, როგორც ენის ესთეტიკური გამოვლინება.
უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები:
- ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს. ესენია: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი პიროვნების აღზრდას.
- კითხვა. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
- წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.
საგნობრივი მიმართულებები
ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, მისი სწავლება ენის ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს.
- ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება, როგორც აზროვნების საშუალება, უპირველესად გულისხმობს ადამიანის თვითგამოხატვის ენობრივი საშუალებების ფლობას, ენის სემანტიკური და სტრუქტურული კანონზომიერებების ცოდნას; მოსწავლეები ეუფლებიან მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის თვითმიზნურ დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე. ამიტომ, სწავლის პროცესში ენის საკითხები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ტექსტს და კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციას.
- ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშაოს მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
- მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური - ინდივიდუალური და შემოქმედებითი - პოტენციალის გამოვლენას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა.
- პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული ცნობიერების მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები. ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.