საგნის სწავლების საფეხურების დახასიათება

1. დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები)

დაწყებითი სწავლება მოიცავს ექვსწლიან ციკლს. სკოლის ეს პერიოდი მოითხოვს სწავლების ამოცანების წარმოდგენას ინტეგრირებული, კოორდინირებული სახით. ამდენად, ამ შემთხვევაში წამყვანი პრინციპია საგნის (ენისა და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა.

დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

 

ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება: 

  • სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
  • წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
  • სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
  • ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
  • მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
  • გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.

                       

 ენის  კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება: 

  • სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;
  • კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
  • საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;
  • კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
  • სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების შეთხზვა.

                       

 მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა: 

  • სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
  • მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
  • ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
  • გმირის საქციელის შეფასება;
  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;
  • მხატვრული ტექსტების შექმნა;
  • საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.

 

მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება  თვითგამოხატვისათვის აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის - მიმართულებით. ამავე დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით სკოლაში ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.

ტექსტების ნაირსახეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც მოსწავლე უნდა მოამზადოს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული, შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის  უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფლად გამოხატვა.

 

2. საბაზო საფეხური  (VII-IX  კლასები)

საბაზო სწავლება მოიცავს სამწლიან ციკლს. საბაზო საფეხურზე ღრმავდება ის საგნობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლემ შეიძინა დაწყებით საფეხურზე. სწავლების ამ ეტაპზე მოსწავლე ავლენს მიდრეკილებას ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნებისადმი. აქედან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში აქცენტები კეთდება ისეთ მასალაზე, რომელიც შეიცავს პრობლემას (პრობლემებს), განსხვავებულ თვალსაზრისებს და მოითხოვს ამ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას, თვალსაზრისების შეჯერებასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.

საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

 

ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:

  • სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
  • ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური კავშირების ამსახველი სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება;
  • სხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.), სტილისა და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;
  • ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება;
  • სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.) ტექსტების გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.

 

ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება: 

  • საკუთარი კომუნიკაციური ქცევის ადეკვატურად შეფასება და სათანადოდ წარმართვა;
  • იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც მიღებულია მოცემულ კულტურულ გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატებისა და საკუთარი აზრის გამოთქმისას;
  • ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის სტრატეგიების დაუფლება;
  • სხვადასხვა ხასიათის ზეპირი და წერილობითი ტექსტების საკომუნიკაციო მიზნის ამოცნობა და ამ კუთხით ტექსტის ეფექტურობის შეფასება;
  • საკომუნიკაციო მიზნის გათვალისწინებით, ფუნქციური სტილის მართებულად შერჩევა წერის დროს; საკუთარი ნაწერის რედაქტირება და კორექტირება.

 

მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა: 

  • მხატვრულ ტექსტში გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ეფექტურობის შეფასება;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენებისა და პრობლემების დაკავშირება სუბიექტურ გამოცდილებასთან;
  • სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;
  • ნაწარმოებში არსებული პრობლემური საკითხების მრავალმხრივი და არასტერეოტიპული ინტერპრეტაცია;
  • სოციოკულტურული კონტექსტის გავლენის აღქმა-გააზრება ლიტერატურულ ნაწარმოებებში;
  • ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანის შემეცნებითი, შემოქმედებითი და ეთიკური განვითარებისათვის;
  • შეთხზვა წერილობითი ტექსტებისა, რომლებშიც მჟღავნდება მოსწავლის ლიტერატურული გემოვნება, შემეცნებითი ინტერესები, შემოქმედებითი უნარები.

 

3. საშუალო საფეხური (X-XII კლასები)

საშუალო საფეხური საქართველოში სწავლების სამწლიან ციკლს ითვალისწინებს (X-XII კლასები). საშუალო საფეხური სავალდებულო არ არის და, ფაქტობრივად, მოსწავლის უმაღლესი სკოლისთვის მომზადებას ემსახურება. სწავლების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოსწავლეს თავისუფლად შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერ პროფესიას, სრულფასოვანი, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

 

ინფორმაციის გგება, ანალიზი და შეფასება: 

  • სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტების ანალიზი ტონალობის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;
  • ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება;
  • წაკითხული ტექსტის კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი და სინთეზი);
  • ტექსტების სახეების ამოცნობა და განმარტება მათს სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;
  • ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და მათი სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
  • სხვადასხვა ტიპისა და სტილის ტექსტების გამართულად წერა; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.

 

 ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება: 

  • იმ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემაზე კამათის წარმართვას;
  • სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
  • წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;
  • კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა;
  • სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი ტიპის წერილობითი ტექსტის შეთხზვა.

 

მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა: 

  • არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და წარმოჩენა;
  • ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;
  • სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
  • სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;
  • წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
  • ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის აღქმა-გააზრება.