პრობლემები, პრობლემები...

რესურსი

ეს აქტივობა საჭიროებს ადამიანურ რესურსს.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ტექსტზე მუშაობის პროცესში ჩერდება იმ ეპიზოდზე, რომელშიც მოცემულია კონფლიქტური სიტუაცია და სთავაზობს მოსწავლეებს მონახონ გამოსავალი. ამისათვის კლასი უნდა გაიყოს ჯგუფებად: კონფლიქტში მონაწილე მხარეების წარმომადგენლებად და მედიატორებად. მედიატორთა ჯგუფმა უნდა მოამზადოს შეკითხვები როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის, ხოლო კონფლიქტის მხარეებმა - საკუთარი ვერსიის გამამართლებელი არგუმენტები. ამ სიტუაციის გათამაშების შემდეგ თითოეული ჯგუფი ეძებს კონფლიქტის მოგვარების გზებს და წარმოადგენს კლასის წინაშე. შემდეგ მოსწავლეები ისმენენ, თუ როგორ ვითარდება ეს კონფლიქტური სიტუაცია ტექსტში და უკვე მსმენელის პოზიციიდან აფასებენ პერსონაჟების ქმედებას.

 

შეფასება

შეფასდება ტექსტის გააზრებისა და კონფლიქტური ხასიათის ეპიზოდებში პერსონაჟის ქმედების შეფასების უნარი.

 

მეთოდური მითითება

ეს აქტივობა ერთდროულად ორიენტირებულია როგორც ზეპირმეტყველების, ისე კითხვის უნარის განვითარებაზე. მისი გამოყენება ეფექტიანია ისეთი ნაწარმოებების შესწავლისას, როგორიცაა ნოდარ დუმბაძის ”ჰელადოს”, არჩილ სულაკაურის ”ბიჭი და ძაღლი”, გოდერძი ჩოხელის ”გაღმივლები”, გიორგი ლეონიძის ”ჩირიკი და ჩიკოტელა” და სხვ.