3-დან 5 წლამდე
ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
მოტორული განვითარება
მსხვილი მოტორიკა
შედეგი I
ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
- ფეხს ურტყამს ბურთს.
- ისვრის და იჭერს დიდი ზომის ბურთს.
- ძვრება საგნების ქვეშ და სათამაშო გვირაბში.
- ადის კიბეებზე დამოუკიდებლად, ფეხის მონაცვლეობით.
- ხტუნაობს და დგას ცალ ფეხზე 5 წამს, ახტება პატარა საგანს.
- ხტუნაობისას ანაცვლებს ფეხს (ხან ერთ ფეხზე ხტება, ხან - მეორეზე).
- ატარებს 3-თვლიან ველოსიპედს.
ნატიფი მოტორიკა
- ჭამის დროს თავისუფლად იყენებს კოვზსა და ჩანგალს.
- აწყობს მარტივ სურათს ან 8-10 ნაწილისაგან შემდგარ ფაზელსა და მოზაიკას.
- ნიმუშის მიხედვით შეუძლია კუბურებით აშენება.
- ხატავს ფანქრით, ძერწავს, იხატავს გეომეტრიულ ფიგურებს (3 წლის ასკში - წრეს, 4 წლისა - ოთხკუთხედს).
- იკრავს დიდ ღილს და ელვას.
- ასხამს წყალს ჭიქაში დოქიდან ისე, რომ არ დაღვაროს.
სენსორულ-მოტორული განვითრება
შედეგი I
ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად
- შესაბამისად რეაგირებს ხმოვან სიგნალებზე (ზარის დარეკვაზე მირბის კარებისკენ).
- თამაშობს წყლითა და ქვიშით.
- უსმენს მუსიკას და ცდილობს იმოძრაოს მის რიტმში.
- შეუძლია ითამაშოს ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინებით.
ფიზიკური განვითარება
ფიზიკური აქტივობა
შედეგი I
ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს
- ატარებს ბორბლიან ველოსიპედს, მინიმუმ 3 მეტრის მანძილზე.
- მოკლე მანძილზე ატარებს მსუბუქ საგნებს.
- სიხარულით მონაწილეობს სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში (დარბის, დაცოცავს, დახტის).
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
- იცვამს დამოუკიდებლად მცირედი დახმარებით.
- იბანს და იმშრალებს ხელს უფროსის უმნიშვნელო დახმარებით.
- იხოცავს ცხვირს დამოუკიდებლად.
- სვამს წყალს ჭიქიდან დამოუკიდებლად.
- ცნობს ჰიგიენის საშულებებს (საპონს, კბილის ჯაგრისს, შამპუნს, პირსახოცს).
- სარგებლობს ტუალეტით დამოუკიდებლად.
- იხეხავს კბილებს დამოუკიდებლად.
- შეუძლია საკვების მიწოდება და თეფშზე თავისთვის საკმარისი ულუფის გადმოღება.
- გასხვავებს ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს (იცის, რომ არ უნდა ჭამოს ბევრი ტკბილეული).
უსაფრთხოება
შედეგი I
ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისაგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები
- იცის თავისი მისამართი და დაკარგვის შემთხვევაში მისი ცოდნის აუცილებლობა.
- მოთხოვნილებებს თვითონ იკმაყოფილებს ან ატყობინებს უფროსს (როცა სწყურია - ითხოვს წყალს; თუ სცივა - იფარებს გადახდილ საბანს).
- ატყობინებს ბავშვებს და უფროსებს, როდესაც საფრთხეს გრძნობს (მაგ.: ,,ნუ ისვრი ქვას!", ,,ბაჩა ქვას ისვრის!"...).
- ქუჩაზე გადასვლისას თვითონაც იყურება ორივე მხარეს.
- იცავს უსაფრთხოების ძირითად წესებს უფროსის დახმარებით (მაგ., უცნობებთან ურთიერთობისას, ქუჩაზე გადასვლისას და სხვ.).
- იცის, რომ უფროსის გარეშე არ უნდა აიღოს წამლები.
შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ესთეტიკა და კულტურა
შემოქმედების აღქმა და გაგება
- სიამოვნებით უსმენს მუსიკას, ათვალიერებს ნახატებს და სვამს კითხვებს ხელოვნების ქმნილებებზე, ნახატებზე, სიმღერებზე, აინტერესებს შინაარსი.
- უზიარებს შთაბეჭდილებებს სხვა ადამიანებს ხელოვნების იმ სხვადასხვა ფორმის შესახებ, რომლებსაც თავის გარემოში ხვდება (დედა, ნახე რა ლამაზია! - ამბობს და თან მიუთითებს ნახატზე; რა კარგი მუსიკაა!).
- აკვირდება ნახატს და შეუძლია მარტივად აღწეროს, რა ხატია ან რა არის
- გამოსახული (მაგ.: რა არის დახატული სურათზე? - გოგონა, მთები, ყვავილები და ა.შ).
- ყურადღებით უსმენს და უყურებს საბავშვო წარმოდგენასა თუ თოჯინურ სპექტაკლს.
შემოქმედებითი თვითგამოხატვა
- მონაწილეობს ჯგუფურ მუსიკალურ აქტივობაში (როგორიცაა: სიმღერა, სიმღერისათვის სხეულის მოძრაობის აყოლება, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა).
- თავისუფლად მონაწილეობს თეატრალიზებულ თამაშებში. მაგ.: შეუძლია ნაცნობი საგნების წარმოდგენა მოძრაობით ან პოზით (პანტომიმა), მარტივი სიუჟეტის გათამაშება.
- იმეორებს ერთი სახის მოქმედებას მრავალჯერ (მაგ.: მთელ ფურცელს ფარავს ერთი ფერით ან ერთნაირი ფორმებით, მაგ., წრეებით).
- ქმნის სქემატურ ნახატებს და ხშირ შემთხვევაში ეს ნახატი ჰგავს ნაგულისხმევ საგანს, ამასთან, დიდი რაოდენობით იყენებს სხვადასხვა ფერს.
- იწყებს მარტივი ფორმების გამოძერწვას პლასტილინით ან თიხით.
ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
- მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების დაგეგმვაში.
- თავისი ინიციატივით ეხმარება უფროსებს.
- ზრუნავს და ეხმარება თავის უმცროს და-ძმას.
- იცის საკუთარი ოჯახის ისტორია (ცნობს ოჯახის წევრებს სურათზე, იცის მათი პროფესიები, ხატავს ოჯახურ პორტრეტებს).
- თეატრალიზებული თამაშის დროს წარმოადგენს სხვადასხვა ოჯახურ ტრადიციას.
- იცის რომ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა წესი მოქმედებს (თეატრში, საბავშვო ბაღში, ოჯახში და სხვა).
- ცდილობს იმღეროს სახელმწიფო ჰიმნი.
- ასახელებს მოქმედი პრეზიდენტის სახელს.
- წარმოსახვით თამაშებში ასახიერებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანს (მძღოლს, ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, გამყიდველს).
- იცის, რომ უფროსები შესრულებული სამუშაოსათვის იღებენ გასამრჯელოს და ამის საშუალებით ყიდულობენ სხვადასხვა ნივთს ან სარგებლობენ გარკვეული მომსახურებით.
- შეუძლია ფულის ერთეულის დასახელება (ლარის, თეთრის).
შედეგი III
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას
- ყვება ეროვნულ ხალხურ ზღაპრებს.
- ცნობს ეროვნულ მუსიკას, ცეკვას, საკვებს, ტანსაცმელს.
- მონაწილეობს ეროვნულ-ტრადიციულ დღესასწაულებში (რთველში, ჩურჩხელების ამოვლებაში).
- სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვების ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის შესახებ.
- ყურადღებით ისმენს სხვა ერების ლეგენდებს, ზღაპრებს, სიმღერებს.
ბუნება და ტექნოლოგიები
ბუნება
- შეუძლია მარტივად მოყვეს, თუ როგორ იზრდება და იცვლება, მაგ., მცენარე, ცხოველი.
- შეუძლია განასხვაოს ე.წ. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, მათ თავისებურებებზე დაყრდნობით (მაგ.: სუნთქავს, მოძრაობს, იზრდება).
- შეუძლია შინაური და გარეული ცხოველების, ფრინველების დასახელება; ხილის, ბოსტნეულის ჩამოთვლა; მცენარეების ან ცხოველების შედარება თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მაგ.: ნაძვის წიწვებისა და ჭადრის ფოთლების შედარება, მათ შორის განსხვავების დანახვა და მითითება).
- სვამს შეკითხვებს ცხოველების, მცენარეების ზრდისა და ცვლილებების შესახებ (მაგ., რატომ გაყვითლდა ხეზე ფოთოლი?).
- შესაბამისი სიტყვების გამოყენებით შეუძლია ისაუბროს წელიწადის დროებზე და აღწეროს მათთვის დამახასიათებელი ამინდი (მაგ.: მზიანი, წვიმიანი, თოვლიანი).
- აინტერესებს ბუნებაში არსებული ისეთი საგნები, როგორიცაა: ქვა, ქვიშა, წყალი და ა.შ.
- თამაშობს ხშირად, შეისწავლის მათ თავისებურებებს.
- ცნობს და ყურადღებას აქცევს იმ საგნებსა და მოვლენებს, რომლებიც გარემოს აბინძურებს ან აზიანებს (მაგ.: კვამლს, ნაგვად დაყრილ მინის ტარას, პლასტიკატს). ემორჩილება უფროსის იმ მითითებებს, რომელიც გარემოს უფრთხილდება.
- განასხვავებს ადამიანის ქმედებებიდან რომელი არის გარემოსათვის უსაფრთხო და რომელი საფრთხის შემცველი (მაგ., ნაგვის დაყრა აზიანებს მცენარეებს; მოვლა ხელს უწყობს ზრდას).
- მონაწილეობს რაიმე მოწყობილობის ან მასალის წვიმისაგან ან ბუნების სხვა მოვლენისაგან დაცვაში.
- ცნობს თავის ჩვეულ გარემოს (მაგ.: საკუთარ სახლსა და სხვა ნაცნობ ადგილებს ცნობს მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით).
- ამჟღავნებს, რომ იცის, რა კავშირია სხვადასხვა საგნებს შორის (მაგ.: ძროხა გვაძლევს რძეს).
ტექნოლოგია
- საუბრობს ტელეფონზე ახლობელ ადამიანებთან.
- იყენებს ტელევიზორს, მუსიკალურ ცენტრს ელემენტარულ დონეზე (ჩართვა-გამორთვა, ხმის აწევ-დაწევა).
- აქრობს შუქს, თუ ოთახში არავინ არის.
რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება
რიცხვები და ანგარიში
- ასახელებს ციფრებს 10-მდე. იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში (მასწავლებელთან ერთად ითვლის ბავშვებს, რომელთაც ასწიეს ხელი).
- შეუძლია სხვადასხვა საგნის შედარება (მაგ.: ესმის, რას ნიშნავს ყველა, არც ერთი, ბევრი, ცოტა, ტოლი).
- იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველღიურ ცხოვრებაში, ითვლის ბურთების რაოდენობას ყუთში.
- იცის, რომ რიცხვი აღნიშნავს რაოდენობას (მაგ.: იღებს სამ ვაშლს ყუთიდან).
- განასხვავებს ასოებს ციფრებისაგან.
გაზომვა
შედეგი I
ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე
- შესაბამისად იყენებს ზომის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: დიდი კენჭი, პატარა კენჭი).
- ადარებს სხვადასხვა საგნის ზომებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება (მაგ. აწყობს სხვადასხვა ადამიანის ფეხსაცმელს გვერდიგვერდ იმის სანახავად, თუ რომელია გრძელი).
- საგანთა მიწოდებული წყვილიდან ახდენს დიდი ან პატარა, მძიმე ან მსუბუქი, გრძელი ან მოკლე საგნების დასახელებას და აფასებს ზომას (მაგ.: "მე უკვე ვწვდები ყვითელ თაროს”).
- შეუძლია მიუსადაგოს საგნები ერთმანეთს (მაგ.: მისალოცი ბარათი და კონვერტი).
კანონზომიერების დადგენა
- შეუძლია ობიექტი მიაკუთვნოს რომელიმე კატეგორიას (მაგ.: ძაღლები, კატები, და ძროხები ცხოველებია).
- შეუძლია პირამიდის აწყობა (საუბარია სხვადასხვა ზომის ერთნაირ ფიგურებზე, რომელთა თანმიმდევრული დაწყობით იგება პირამიდა).
- შეუძლია ნიმუშით სარგებლობა – ხატვის ან ძერწვის დროს (მაგ., წრის ან ოთხკუთხედის გადახატვა; ბურთის ან ჩურჩხელის გამოძერწვა).
- ასახელებს და ცნობს წრეს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს.
- აკვირდება კუბურას, ბურთს და ხვდება, რომ ერთი უფრო ადვილად გორავს, ვიდრე მეორე.
- გამოარჩევს არაგეომეტრიულ ფორმებს ბუნებაში (მაგ. ღრუბელი არ ჰგავს არც სამკუთხედს, არც კვადრატს და ა.შ.)
მოვლენებს შორის მიმართების წვდომა
დრო
- შეუძლია თანამიმდევრულად მოყვეს, თუ როგორ მიმდინარეობდა რაიმე მარტივი ამბავი ან მოვლენა.
- მეტყველებაში იყენებს დროსთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ.: დღე და ღამე, დილა, საღამო).
- ბავშვი იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მიუთითებს წარსულის შესახებ მის ცოდნაზე (მაგ.: `მე რომ პატარა ბაია (ანუ ჩვილი) ვიყავი...”).
სივრცე
შედეგი I
ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის თუ გარემოს ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა
- თამაშის დროს ცდილობს გაიმეოროს არსებული რეალობა. (მაგ.: ქვიშისაგან აკეთებს მთას და მასზე გზა გაჰყავს).
- იცის, თუ რომელი საგანი რომელ ადგილას უნდა განთავსდეს დანიშნულების მიხედვით (მაგ.: გაზქურა - სამზარეულოში, საწოლი - საძინებელში, ხე - პარკში).
- საუბარში იყენებს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: `ახლოს”; `შორს”; `ზემოთ”; `ქვემოთ”; `გვერდით”.
- იცის იმ ქალაქისა თუ სოფლის სახელი, სადაც ცხოვრობს.
- იცის, რომ გზებს თავიანთი საგზაო ნიშნები და სახელები აქვთ და სახლებს კი - ნომრები.
- შეუძლია ფურცელზე ორიენტირება (ასრულებს ინსტრუქციას: დახატე ზემოთ მზე, გვერდით - ღრუბელი და ქვემოთ - ბალახი).
მიზეზშედეგობრიობა
- შეუძლია იმ საგნების ამოცნობა და განსაზღვრა, რომელთა ზეგავლენა სხვა საგნებზე თვალსაჩინოა (მაგ.: "ლურჯი საღებავის წყალში შერევით წყალმა ლურჯი ფერი მიიღო”).
- შეუძლია ივარაუდოს რაიმე ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგი (მაგ.: ღამე, როდესაც შუქს ჩავაქრობ, დაბნელდება).
- სვამს შეკითხვას "რატომ?”, რითიც ცდილობს გაარკვიოს, გაიგოს, თუ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, ან რა აკავშირებს მას ამა თუ იმ მოვლენასთან (მაგ.: "ამას როცა ვაკეთებ, ეს რატომ ხდება?”).
სწავლისადმი მიდგომა
მოტივაცია
ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
- სვამს შეკითხვებს, რათა მიიღოს ინფორმაცია მოვლენების შესახებ და გაიგოს, როგორაა მოწყობილი სამყარო, ანუ ითხოვს ამა თუ იმ მოვლენის გასაგებად ახსნას (მაგ: რატომ ანათებს მზე?).
- ინტერესდება, ატარებს "ექსპერიმენტებს", რათა თვითონ გაერკვეს ზოგიერთი მოვლენისა და საგნის არსში, ცდილობს მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას და ამისათვის სხვადასხვა ხერხს იყენებს.
- გამოკვეთს იმ სფეროს, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებს (მაგ.: დინოზავრებს, სატვირთო მანქანებს, შინაურ ცხოველებს და ა.შ.).
ინიციატივა და დამოუკიდებლობა
- უერთდება უკვე დაწყებულ თამაშს და ეძებს საკუთარ როლს (ადგილს).
- თამაშის დროს შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს როლი.
- შეხსენების ან თხოვნის გარეშე, თვითონ სთავაზობს უფროსს დახმარებას ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგიდის ალაგებასა თუ ოთახის დალაგებაში).
- მოიპოვებს მასალას თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად (მაგ.: აპლიკაციის გასაკეთებლად ეძებს ფერად ფურცლებს).
- შემოთავაზებული მასალიდან დამოუკიდებლად ირჩევს, რომელი გამოიყენოს (მაგ., პასტელებით ხატოს, თუ ფანქრებით).
სასწავლო უნარები
ყურადღების კონცენტრაცია
შედეგი I
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.
- აგრძელებს საქმიანობას 5-15 წუთის განმავლობაში; უბრუნდება დაწყებულ საქმიანობას, რომელიც შეაწყვეტინეს (მაგ. კუბებით შენებას ან ხატვას).
- აგრძელებს მცდელობას, რათა შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება და გადაჭრას ამოცანა წარუმატებლობის შემთხვევაშიც.
- ჭამის დროს მეტწილად ზის მშვიდად, არ ცელქობს.
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
- იყენებს ფანტაზიას, იგონებს ახალ თამაშებს, თამაშის დროს იყენებს ახალ შინაარსებს.
- თხზავს სიმღერას, ამბავს, სიტყვებს.
- თამაშობს წარმოსახვით თამაშებს - სახლობანას, მაღაზიობანას და ა.შ.
- სხვადასხვა საგნების კომბინაციით ქმნის რაღაც ახალს (მაგ., აწყობს კარავს მაგიდის ქვეშ ზეწრისა და გადასაფარებლის გამოყენებით).
პრობლემის გადაჭრა
- პრობლემის გადასაჭრელად თანატოლების ან უფროსებისგან ითხოვს დახმარებას.
- პრობლემის გადასაჭრელად ეძებს სხვადასხვა გზას და საბოლოოდ ირჩევს ერთს.
- შეუძლია ქცევის შეცვლა ახალი ინფორმაციის და გამოცდილების შესაბამისად (მაგ., ბლოკებით კოშკის აგებისას ცვლის სტრუქტურას, როდესაც ხედავს, რომ ენგრევა).
- წყვეტს ამოცანას, აწყობს 10-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.
აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
- შეუძლია იმ საგნის ან პიროვნების დაწვრილებით აღწერა, რომელსაც იმ მომენტში ვერ ხედავს (მაგ., ბავშვი აღწერს, რომ ძაღლი, რომელსაც ჰქვია ჯერი, არის შავი და ყეფს. აქვე იგი ხელებით აჩვენებს, თუ რა ზომისაა ჯერი).
- როლურ თამაშებში სათამაშოს იყენებს როგორც ნამდვილ, რეალურ საგანს (მაგ.: საუბრობს სათამაშო ტელეფონით, როგორც ნამდვილით).
- შეუძლია წარმოადგინოს საგნები, ობიექტები, ნახატების, სამგანზომილებიანი კონსტრუქციების საშუალებით.
- შეუძლია ახსნას თავისი ნახატის შინაარსი.
- შეუძლია ჩაერთოს უფრო კომპლექსურ წარმოსახვით თამაშებში (მაგ., რაღაც კონკრეტულ თემაზე აგებულ თამაშში, რომელშიც მრავალი მონაწილეა და განსხვავებული სიტუაციები თამაშდება).
- აინტერესებს ზღაპრისა და ფილმის გმირები რეალურები (ნამდვილნი) არიან თუ არა.
- შეუძლია დააკავშიროს ზღაპრის ან ფილმის გმირები რეალურ ადამიანებთან.
გააზრება და ინტერპრეტაცია
- საუბრის დროს იხსენებს იმ რეალურ მოვლენებს, რომლებიც წარსულში მოხდა, მაგ., ბავშვი იხსენებს ნივთის მფლობელს, როცა ხედავს ამ ნივთს.
- ფიქრობს ხმამაღლა და მსჯელობს მიმდინარე სიტუაციის, მოვლენის შესახებ.
- ცდილობს პრობლემის გადამუშავებას წარმოსახვაში.
- სანამ დაიწყებს პრობლემის მოგვარებას, ცდისა და შეცდომის მეთოდით ცდილობს წინასწარ გაიაზროს მოქმედება.
კრიტიკული აზროვნება და კვლევა
- აკვირდება ბუნების მოვლენებს (მაგ., სვამს კითხვას: რატომ წვიმს?).
- სწორად აღიქვამს და განასხვავებს ხუთივე შეგრძნებას: გემოს, შეხებას, ყნოსვას, სმენას, მხედველობას (მაგ.: ხედავს, რომ შაქარი არის თეთრი, შეიგრძნობს, რომ მას ტკბილი გემო აქვს და სხვ.).
- იყენებს სტანდარტულ იარაღს გარემოს გამოსაკვლევად (მაგ.: გამადიდებელ შუშას (ლუპას), მაგნიტს და სხვ.).
- აკვირდება უფროსების ცდებს და აღწერს თავის დაკვირვებას (მაგ., მასწავლებელმა შეურია ორი ფერის საღებავი, ბავშვი ამბობს: "ყვითლისა და ლურჯის შერევით მივიღებთ მწვანეს").
- შეუძლია მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა, აღნიშვნა (მაგ.: საგანთა გროვიდან მსგავსი ფერის საგნების ამორჩევა ან ერთი ფერის საგნების დასახელება).
- უფროსის დახმარებით ადარებს სხვადასხვა გამოცდილებას (მაგ.: შეუძლია გაიხსენოს და შეადაროს, თუ როგორ ითამაშა ორ სხვადასხვა მეგობართან ერთად სხვადასხვა დროს).
- ადარებს ზღაპრის მოვლენებს ან მოთხრობის პერსონაჟებს ერთმანეთს.
მეტყველების განვითარება
მეტყველება
მოსმენა და ზეპირი მეტყველება
- სწორად აკავშირებს ზედსართავს შესაბამის ერთეულთან (მაგ.: როდესაც ესმის სიტყვა "მაღალი" - მიუთითებს მაღალ შენობაზე).
- თავისუფლად შეუძლია შეტყობინების გადაცემა.
- სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.
- ესმის სივრცითი მიმართებების გამომხატველი სიტყვებისა და თანდებულების (შიგნით, გარეთ, ზემოდან, ქვეშ) მნიშვნელობა.
- ესმის 1500-ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა.
შედეგი II
ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას ,თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება)
- ყოველდღიურად მდიდრდება მისი სიტყვათა მარაგი.
- იყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს ემოციებს (მაგ.: შიშს, სიხარულს). შეუძლია შესაბამისი მიმიკის გამოყენება.
- იყენებს განსაზღვრების და გარემოების აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: "ჩქარა გაიქცა" ან "კარგი მოთამაშე").
- მეტყველებს მარტივი და მარტივი გავრცობილი წინადადებებით.
- დამოუკიდებელად სვამს შეკითხვებს ინფორმაციის მისაღებად/დასაზუსტებლად.
- სწორად იყენებს ქვემდებარის ბრუნვას, ათანხმებს არსებითსა და ზედსართავ სახელებს ბრუნვასა და რიცხვში.
- მოყოლის დროს შეუძლია რამდენიმე წინადადება დააკავშიროს ერთმანეთთან.
- თავისუფლად შეუძლია შეტყობინების გადაცემა.
- ბავშვს შეუძლია მოკლე გამოგონილი ისტორია ან წარსულში მომხდარი ამბავი მოყვეს უფროსის დახმარებით.
- იმისათვის, რომ პასუხი მიიღოს, სვამს კითხვებს: რატომ? როდის? როგორ?
- ზღაპრიდან, მოთხრობიდან გამოყოფს და იმეორებს მისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ფრაგმენტს.
- ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს, სანამ ის არ დაამთავრებს სათქმელს.
- სწორად აღიქვამს არასიტყვიერ ნიშნებს: სახის გამომეტყველებასა და ჟესტებს (მაგ.: მოსაუბრეს სახეზე აწერია უკმაყოფილება, სიამაყე).
- ასრულებს მარტივ, ერთსაფეხურიან ინსტრუქციას.
- უსმენს სიმღერას და ცდილობს გაიმეოროს დაბოლოებები.
- აინეტერესებს საგნების ქართული დასახელება და მშობლიურ ენაზე სვამს მარტივ კითხვებს მათ შესახებ.
- უფროსის დახმარებით და ჟესტების გამოყენებით შეუძლია ურთიერთობის დამყარება ყოველდღიური საქმიანობის დროს.
- ეთამაშება ქართველ თანატოლებს.
წიგნიერება
კითხვა
- განასხვავებს მსგავსი ჟღერადობის მქონე სიტყვებს (მაგ.: სკამი და სამი).
- შეუძლია უფროსის დახმარებით სიტყვის პირველი მარცვლის დასახელება (მაგ.: სიტყვა "დათვი" იწყება "და"-თი და ა.შ.).
- ასახელებს სიტყვას, რომელიც იწყება თქვენ მიერ შეთავაზებული ასო-ბგერით.
- წარმოსახვითი თამაშისას იყენებს წიგნებს, ვითომ თავის "შვილს ზღაპარს უკითხავს".
- იმახსოვრებს ფრაზებს საყვარელი წიგნებიდან.
- როდესაც სთხოვენ, გამოარჩიოს რომელია მისი საყვარელი საგანი/სათამაშო, ხშირ შემთხვევაში ირჩევს წიგნს.
- ასახელებს, "კითხულობს" თავისი საყვარელი წიგნის სათაურს.
- შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი, მოთხრობის რომელი ნაწილი მოეწონა და რომელი - არა.
- ცნობს ისეთ ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება (მაგ.: წარწერას - "ღიაა").
შედეგი III
ბავშვს ესმის, რომ ბეჭდურ გამოცემებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
- დამოუკიდებლად ათვალიერებს წიგნებს, ჟურნალებსა და სხვა ბეჭდურ გამოცემებს.
- შეუძლია სხვადასხვა ნიშანი და სიმბოლო აღიქვას, როგორც ინფორმაციის წყარო (მაგ.: იცის, რას ნიშნავს საზოგადოებრივ ტუალეტებში ქალების ტუალეტის კარზე "ქ" და მამაკაცებისაზე - "მ" აღნიშვნები).
- წარმოსახვითი თამაშის დროს, თამაშობს "მასწავლებლობანას", ასწავლის კითხვას ბავშვებს; "მზარეულობანას" თამაშის დროს იყენებს რეცეპტების კრებულს.
- შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელი პერსონაჟია ზღაპრის მთავარი გმირი.
- შეუძლია გამოიგონოს, შეცვალოს ზღაპრის დაბოლოება.
- ასათაურებს თავის ნახატებს მარტივი მონასმებით (ასოებს მიმსგავსებული ხაზებითა და რკალებით - შტრიხებით).
- ზეპირი მეტყველებისას იყენებს სიმბოლოებსა და ნახატებს, როგორც თვალსაჩინოებას.
- აცნობიერებს, რომ წიგნის წაკითხვისას ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები უკავშირდება ნაბეჭდ ტექსტს.
- შეუძლია განასხვაოს ერთმანეთისაგან ასოები და რიცხვები.
- ცნობს რამდენიმე ასოს.
წერა
- იცის, როგორ დაიჭიროს და მოიხმაროს ესა თუ ის საწერი საშუალება.
- ხატვისას/წერისას იღებს მისთვის მოხერხებულ, კომფორტულ პოზას.
- დამოუკიდებლად შეუძლია წერტილებით მარტივი კონტურის გამოსახვა.
- შეუძლია ძირითადი გეომეტიული ფიგურების (წრის, ოთხკუთხედის) დახატვა.
- თამაშისას იყენებს ე.წ. წარმოსახვით წერას.
- შეუძლია საკუთარი სახელის მიმსგავსება ნიმუშისათვის.
- შეუძლია განასხვაოს ნაბეჭდი და ნაწერი.
- ცდილობს გაიმეოროს, გადაიხატოს სიმბოლოები, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.
- ხმამაღლა გამოთქვამს საკუთარ იდეებს, აზრებს და ამის ჩაწერას სთხოვს უფროსებს.
- უფროსებს სთხოვს წააწერონ მის მიერ შესრულებულ ნამუშევარს.
- უფროსს სთხოვს დაუწეროს სიტყვები (მაგ.: აჩვენოს, როგორ იწერება მისი სახელი).
სოციალურ-ემოციური განვითარება
ემოციური განვითარება
თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
- მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელითა და გვარით.
- ირჩევს ინდივიდუალურ აქტივობას (მაგალითად, ხატავს ან თავსატეხს აწყობს.)
- თამაშისას განსხვავებული საგნების ან არსებების განსახიერებას ცდილობს (სახლობანას თამაშისას - დედაა, შვილია, მძღოლია, ძაღლია და ა.შ.).
- ახასიათებს საკუთარ თავს როგორც მთლიან პიროვნებას, რომელსაც აქვს აზრები, სხეული და შეგრძნებები.
- აღწერს ოჯახს და ესმის, რომ მისი წევრები გარკვეულ ერთობას ქმნიან.
შედეგი II
ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)
- გამოთქვამს თავის სურვილს და ასახელებს არჩევანს.
- ატარებს ექსპერიმენტს, ანუ ცდის და ამოწმებს საკუთარ თავს, შესწევს თუ არა უნარი ახალი მოქმედებების განსახორციელებლად, ასევე იქცევა შეზღუდვების მიმართ, აინტერესებს და ცდილობს გაარკვიოს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი.
- არჩევს დამოკიდებულებას "მომწონს – არ მომწონს" და შეუძლია ახსნას - რატომ, ანუ ახსნას მიზეზი.
- აღწერს საკუთარ ძირითად ფიზიკურ მახასიათებლებს (გარეგნობას).
- აფასებს საკუთარ მდგომარეობას და შეუძლია სიტყვიერად გამოთქვას (მაგ., მშია, მეძინება).
- თავის თავს აკუთვნებს ოჯახს, ამბობს: "ჩემი ოჯახი".
- როლურ თამაშებში ხშირად ასახიერებს ოჯახის სხვადასხვა წევრს (მაგ.: დედას, მამას, და-ძმას).
- ხატავს ოჯახურ პორტრეტს.
- ამჩნევს, ვინ არ ესწრება ყოველდღიური ყოფის ამსახველ ამა თუ იმ მოვლენას (მაგ., საუზმობისას ამჩნევს, რომ მამა არ ზის მაგიდასთან).
- იცის, ვინ არიან მისი მეზობლები, ბაღელები.
- იცის საკუთარი წარმომავლობა; ან: იცის, ვინ არის წარმოშობით.
- სთხოვს სხვებს, გაეცნონ მის შემოქმედებას (მაგ., სთხოვს ნახონ მისი ნახატი).
- გამოხატავს აღფრთოვანებას უნარ-ჩვევის დაუფლების გამო (მაგ., ამბობს: "უკვე შემიძლია მე თვითონ ვიქანაო საქანელაზე!”).
- ამჟღავნებს, რომ იცნობს თავის შესაძლებლობებს (მაგ.: ამბობს: "მე შემიძლია სასრიალოს წვერზე ავცოცდე").
- გამოხატავს საკუთარ აზრსა და მოლოდინს.
- აქტიურად "ფანტაზიორობს", ზოგჯერ ვერ განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან (მაგ., "მე გუშინ დათვი დავიჭირე").
თვითმართვა და თვითგამოხატვა
- მონაწილეობს მარტივ საქმიანობებსა და მოქმედებებში დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილით (მაგ., წახემსების შემდეგ ეხმარება უფროსს მაგიდის ალაგებაში).
- იცავს მარტივ წესებს შეხსენების გარეშე (მაგ., იბანს ხელს ჭამის წინ).
- ავლენს მასალების მიზნობრივად, ფაქიზად და ცივილიზებულად გამოყენების მზარდ უნარს; იჩენს მეტ სიფრთხილეს, კარგად ესმის საგნების დანიშნულება და იცის მათი გამოყენება (მაგ., არ ერთობა წიგნის დახევით).
- დღის განრიგში ცვლილებები არ აფრთხობს და ამის გამო არ ჭირვეულობს.
- იცის რა იქნება შემდეგ, რადგან დღის განრიგი მეორდება.
- კონსტრუქციულად გამოხატავს ძლიერ ემოციებს.
- ასახელებს საკუთარ ემოციებს (მაგალითად: "მე დღეს კარგ ხასიათზე ვარ") და ცდილობს გააკონტროლოს საკუთარი თავი უფროსის მცირე დახმარებით.
- ძლიერი განცდების შემდეგ ცდილობს დაწყნარდეს და იღებს უფროსის დახმარებას (მაგალითად: როდესაც გაბრაზებულია, მიდის წყნარ ადგილას ან მოაქვს საყვარელი წიგნი წასაკითხად).
- ჯგუფური საქმიანობის დროს ელოდება თავის რიგს (იცავს რიგითობას, ამჟღავნებს მოთმინებას).
- უფროსის მიერ ორგანიზებულ თამაშში იცავს წესებს და ელოდება თავის რიგს.
- ასახელებს და საუბრობს საკუთარი გრძნობებისა და განცდების შეახებ.
- იყენებს წარმოსახვით თამაშს იმისათვის, რომ სწორად გაიგოს სხვისი განცდები და შესაბამისად გამოეხმაუროს.
- სახის გამომეტყველება შეესაბამება მის მსჯელობასა და გამოხატულ ემოციებს.
სოციალური განვითარება
ურთიერთობა უფროსებთან
- ცდილობს განცალკევდეს, მოშორდეს მისთვის ახლობელ უფროსებს ძლიერი შფოთვის გამომჟღავნების გარეშე.
- აძლევს საშუალებას უფროსს, რომ დაეხმაროს დავალების შესრულებაში.
- მისთვის ახლობელი უფროსების მიმართ ამჟღავნებს სიყვარულს.
- საკუთარი ინიციატივით სთავაზობს უფროსს, რომ ეს უკანასკნელი დაეხმაროს მას.
- ამბობს რას განიცდის უფროსების მიმართ (მაგ., მე მიყვარს ბებო).
- ინფორმაციის მისაღებად ხშირად უსვამს კითხვებს უფროსს.
- ემორჩილება უფროსის მითითებებს.
- უფროსის ყურადღებას ამახვილებს პრობლემურ სიტუაციაზე.
- იღებს რჩევებს ნაცნობი უფროსისაგან.
ურთიერთობა თანატოლებთან
- ამჟღავნებს, რომ სიამოვნებს სხვა ბავშვებთან თამაში.
- არის სხვა ბავშვებთან ერთობლივი მოქმედების ინიციატორი, წამომწყები.
- ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ერთ ბავშვთან მაინც.
- უფროსის დახმარებით შეუძლია თანატოლებისათვის სათამაშოებისა და სხვა საგნების განაწილება, გაყოფა.
- იცავს თამაშის წესებს (მაგ., რიგითობას თამაშის დროს).
- უფროსის დახმარებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა ბავშვებთან ერთად.
- შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში.
- პოზიტიურად ეპყრობა სხვა ბავშვებს.
- უფროსის დახმარებით უნაწილებს მასალებს, სათხოვებლად იმეტებს და უცვლის სხვადასხვა ნივთსა თუ სათამაშოს თანატოლებს, თამაშის დროს იცავს რიგითობას.
- იყენებს მარტივ და განსხვავებულ სტრატეგიებს პრობლემის გადასაჭრელად (მაგ.: ითხოვს უფროსის დახმარებას, როდესაც მას არ რთავენ ნებას ითამაშოს ან ხელს უშლიან თამაშში).
- უფროსის დახმარებით აწარმოებს, მართავს მოლაპარაკებას სხვა ბავშვებთან პრობლემის გადასაჭრელად.
- შეუძლია საკუთარი პოზიციის ახსნა.
ადაპტაციური სოციალური ქცევა
- ერთვება ჯგუფურ თამაშებში, ასრულებს სხვადასხვა როლს (ლიდერის ან რიგითი მონაწილის).
- შეუძლია რამდენიმე ახლობელ ადამიანს გაუზიაროს თავისი განცდები (მაგ., კითხვაზე, რატომ ზიხარ ასე მობუზული, შეუძლია უპასუხოს: ირაკლიმ მითხრა - შენი დედა აღარ მოვა, აქ დაგტოვებსო).
- სიახლის მიმართ გამოხატავს ინტერესს, სვამს კითხვებს, ცდილობს გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ საქმეში.
- ავლენს, რომ მისთვის გასაგებია კავშირი ორ მოქმედებას შორის.
- აღწერს შემთხვევას, როდესაც მისი ქცევა საფუძვლად უდევს, განაპირობებს სხვის საქციელსა და ემოციას (მაგ.: ლუკას ეწყინა, როდესაც მე უარი ვუთხარი დაჭერობანას თამაშზე).
- აღწერს (აღნიშნავს და ყვება) სხვა ბავშვის კარგ საქციელს.
- მოითხოვს, რომ სხვებმაც დაიცვან წესი (მაგ., დედამ დადოს სათამაშო ჩვეულ ადგილას).
- გულწრფელად პასუხობს შეკითხვებზე, არ ცდილობს უფროსის მოტყუებას.
შედეგი III
ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
- შეუძლია შეუერთდეს სხვადასხვა თამაშით დაკავებულ ბავშვების ჯგუფს.
- უფროსის ხელმძღვანელობით უმტკივნეულოდ გადადის ერთი მოქმედებიდან მეორეზე, იქცევა გარემოების შესაბამისად.
- უსადაგებს ქცევას სხვადასხვა გარემოს (ბავშვი იქცევა იმის მიხედვით, თუ სად იმყოფება - სახლში, სათამაშო მოედანზე თუ ბაღში.)
შედეგი IV
გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ.
- ამჩნევს და ყურადღებით აკვირდება სხვა ბავშვის ემოციებს.
- მოთხრობის გმირებზე საუბრისას, შეუძლია დაასახელოს მათი განცდები.
- უფროსის დახმარებით ცდილობს დააწყნაროს თანატოლი, რომელიც ნაწყენია ან ცუდად არის.
- წარმოსახვითი თამაშის დროს გამოხატავს განცდებს.
- არ დასცინის იმას, ვინც რაიმე ნიშნით განსხვავებულია.
- თამაშში რთავს განსხვავებული სქესის, წარმომავლობისა და შესაძლებლობის ბავშვს.
- ზრუნავს, რომ არ განადგურდეს მცენარე, ყვავილი და სხვა ცოცხალი არსება. მათ კეთილად, ყურადღებითა და მზრუნველობით ეპყრობა.