1-დან 3 წლამდე
ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
მოტორული განვითარება
მსხვილი მოტორიკა
შედეგი I
ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
1-2 წელი
- დადის დამოუკიდებლად.
- შეუძლია ტახტზე აცოცება.
- შეუძლია ბურთის გაგორება.
- ხელს ჰკრავს ღია კარს, სათამაშო ურიკას.
- იწყებს კიბეზე ასვლას დახმარებით.
- ცდილობს ადგილზე ხტომას.
- შეუძლია ჩაიცუცქოს და ადგეს.
2-3 წელი
- ინარჩუნებს წონასწორობას დახრისა და სირბილის დროს.
- სიარულის დროს თან დააქვს სათამაშო.
- აგდებს ბურთს თავს ზემოთ და ინარჩუნებს წონასწორობას.
- დადის უკუსვლით.
- დგება ცალ ფეხზე დამოუკიდებლად ერთი წამის განმავლობაში.
- შეუძლია ფეხის წვერებზე სიარული თამაშის მიზნით.
- ადის კიბეზე ფეხის მონაცვლეობით, უფროსის ან კიბის მოაჯირის დახმარებით.
ნატიფი მოტორიკა
1-2 წელი
- ცდილობს ორივე ხელით დაიკავოს დიდი ბურთი.
- საგნებს აწყობს დიდ ყუთში.
- აგებს კოშკს 3-4 კუბით.
- კოვზით იკვებება, შეიძლება დაღვაროს საკვები.
- იჭერს ფანქარს და ცდილობს დაჯღაბნოს ფურცელზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე.
2-3 წელი
- შეუძლია სათამაშოს ზედაპირზე ამოჭრილ ადგილებს შეუსაბამოს შესაბამისი ფორმის ნაწილები და სწორად მოარგოს (მაგ.: მრგვალ ჭრილში ათავსებს სფეროს; სამკუთხედში – სამკუთხედს და სხვ.).
- აგებს კოშკს დაახლოებით 10 კუბით.
- შეუძლია წიგნის გადაფურცვლა (სათითაო ფურცლის გადაშლა).
- იჭერს ფანქარს და ცდილობს დახატოს წრე და ჰორიზონტალური ხაზები.
- შეუძლია პლასტილინის დამუშავება (წაგრძელებული და მრგვალი ფორმის მიცემა).
- შეუძლია გამოჭრილი აპლიკაციის ნიმუშების ფლანელოგრაფის ეკრანზე განლაგება.
სენსორულ-მოტორული განვითრება
შედეგი I
ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობისა თუ მოქმედებების გასაკონტროლებლად
1-2 წელი
- ეხება, სინჯავს და შეიცნობს სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის საგანს.
- მოზრდილის მიბაძვით ასრულებს სხვადასხვა მოძრაობას (მაგ.: ცეკვავს).
- სწავლობს უცნობ გარემოს (მიდის ჯერ ერთ, მერე მეორე საგანთან), ცოცავს, იხრება, ქანაობს.
- ჭამის დროს ახერხებს კოვზის პირთან მიტანას.
2-3 წელი
- შეუძლია კოორდინირებული გადაადგილება სივრცეში დაბრკოლებების გადალახვით (შემოუვლის მაგიდას ან რაიმე სხვა საგანს, თუ ეს საგანი მას გზაზე ეღობება).
- შეუძლია ცხოველების იმიტირება ხმითა და მოძრაობით.
- ისვრის ბურთს თავს ზევით და ცდილობს არ მოხვდეს თავში.
- აწყობს 2-3-ნაწილიან თავსატეხს (ფაზელს).
- შესაბამისად რეაგირებს დაძახებაზე.
ფიზიკური განვითარება
ფიზიკური აქტივობა
შედეგი I
ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს
1-2 წელი
- შინ თუ გარეთ ხალისით მონაწილეობს თამაშებში, რომლებიც მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას;
- შეუძლია ვარჯიში (მარტივი მოძრაობებით) 3-5 წუთის განმავლობაში.
2-3 წელი
- დარბის ეზოში ან სახლში თავისუფლად.
- შუძლია ვარჯიში 5-10 წუთის განმავლობაში.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
1-2 წელი
- ეხმარება უფროსს, რომელიც მას აცმევს (იხურავს ქუდს, უყრის ხელს ან ფეხს ტანსაცმელში და სხვა).
- ეხმარება უფროსს, როდესაც იგი მას აჭმევს (სვამს ჭიქიდან, იყენებს კოვზს, უჭირავს მუჭში).
- იბანს და იმშრალებს ხელს უფროსის დახმარებით.
- ძილის დროს მიდის საწოლთან.
- ეუბნება უფროსს, როდესაც სწყურია ან დაღლილია.
2-3 წელი
- დამოუკიდებლად შეუძლია გაიხადოს მაისური, პერანგი, რომელიც წინა მხარეს იხსნება და უღილო შარვალი.
- იხოცავს ცხვირს უფროსის დახმარებით.
- შეუძლია გაიხადოს და ჩაიცვას ტანსაცმელი; ჩაიცვას უთასმო ფეხსაცმელი.
- უფროსის დახმარებით სარგებლობს ქოთნით (იცის, სად არის ქოთანი და საჭიროების შემთხვევაში თვითონ იყენებს მას, შემდეგ ეძახის მშობელს ან მომვლელს).
- ცდილობს გაიხეხოს კბილები უფროსის დახმარებით.
უსაფრთხოება
შედეგი I
ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისგან გარიდება, საშიში სიტუაციების
თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები
1-2 წელი
- ესმის "არას" მნიშვნელობა, თუმცა ყოველთვის არ ემორჩილება აკრძალვას.
- პასუხობს მოზრდილის გაფრთხილებას საშიშროების შესახებ სიტყვიერად, სახის გამომეტყველებით (მაგ.: იწევს უკან სიტყვაზე "ცხელია!").
2-3 წელი
- ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნებისას ატყობინებს უფროსს.
- თავიდან იცილებს საფრთხეს (არ ჰკიდებს ხელს გახურებულ ზედაპირს, დანას).
- ითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს (ხელს ჰკიდებს მშობელს ქუჩაზე გადასვლის დროს).
შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ესთეტიკა და კულტურა
შემოქმედების აღქმა და გაგება
1-2 წელი
- ბავშვი გამოხატავს ინტერესს იმის მიმართ, რასაც ხედავს, ესმის, ან ეხება.
- უპირატესობას ანიჭებს ნაცნობი სიმღერებისა და რიტმის მოსმენას.
- გამოხატავს სიამოვნებას, როცა უყურებს სხვების მიერ შესრულებულ ცეკვას, დრამატულ წარმოდგენას, ისმენს სიმღერას; ამ დროს აყოლებს ხმას ან მოძრაობას.
- ამჟღავნებს ინტერესს სხვადასხვა სახატავი მასალის მიმართ, მაგ.: სინჯავს, ამოწმებს როგორ ხატავს ფანქარი.
- სიამოვნებითა და ინტერესით ათვალიერებს წიგნებს, ილუსტრაციებს.
2-3 წელი
- აკვირდება და ბაძავს თამაშს, სიმღერას, რიტმულ მოძრაობას.
- ილუსტრირებული წიგნის დათვალიერებისას სვამს შეკითხვებს.
- ცნობს საყვარელ მულტფილმებს ან ზღაპრის გმირებს.
- სვამს შეკითხვებს, რათა გაიგოს იმის მნიშვნელობა, რასაც ხედავს, ესმის და ეხება.
შემოქმედებითი თვითგამოხატვა
1-2 წელი
- იმახსოვრებს სიმღერაში ხშირად გამეორებულ სიტყვებს.
- ცდილობს იმოძრაოს სხვადასხვანაირად, მუსიკასთან ერთად ან მის გარეშე.
- სიამოვნებს ახალი ბგერების გამოცემა ინსტრუმენტით, საგნებით ან საკუთარი ხმით.
2-3 წელი
- სიამოვნებით ასრულებს სიმღერას (სოლო შესრულებით) მცირე აუდიტორიის წინაშე (ოჯახის წევრების გარემოცვაში) ინსტრუმენტის ან მეორე ადამიანის ხმის თანხლებით.
- ასრულებს როლური თამაშის მარტივ ელემენტებს (წარმოიდგენს, ვითომ სცენაზეა და იყენებს მიკროფონს).
- იყენებს სხვადასხვა მასალას ტაქტილური (შეხებითი) გამოცდილებისა და კვლევისათვის (მაგ.: საღებავს, წებოს, 3-განზომილებიან მასალებს).
- ჯღაბნის (ხატავს მარტივი მონასმებით. ბავშვი ნამუშევარში გულისხმობს გარკვეულ ობიექტს, თუმცა ნახატი არ ჰგავს ამ ობიექტს.).
- ბაძავს რამდენიმე ცხოველის, საგნის ხმას ან მოძრაობას (დახტის კურდღელივით, კიკინებს თხასავით).
ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
1-2 წელი
- მონაწილეობს ოჯახურ დღესასწაულებში (დაბადების დღეებში, რელიგიურ და სამოქალაქო დღესასწაულებში, მაგ., სახალხო სეირნობაში ან აღლუმში).
- იცის ოჯახის წევრების სახელები.
- ამჩნევს ოჯახის წევრებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ასაკობრივ ნიშნებს. იცის ვინ არის ოჯახის უფროსი წევრი (ბებია, ბაბუა).
2-3 წელი
- მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების სამზადისში.
- ამჟღავნებს პატივისცემას ოჯახის უფროსი წევრების მიმართ (უჯერებს ბებიას).
- იცის ოჯახში როგორ არის ფუნქციები განაწილებული ანუ ვინ რას აკეთებს, რას საქმიანობს (მაგ.: "დედა საჭმელს აკეთებს და მამა ეხმარება").
1-2 წელი
- ასრულებს მარტივ მითითებებს და წესებს (საგარეო ფეხსაცმელს იხდის და იცვამს საშინაოს, როდესაც შინ ბრუნდება; ხელს იბანს ჭამის წინ; არ გადადის ქუჩაზე უფროსის გარეშე).
2-3 წელი
- იცავს რამდენიმე მარტივ წესს.
- ცნობს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო ჰიმნს.
- ცნობს მისთვის ნაცნობი პროფესიების წარმომადგენლებს (ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, მძღოლს).
- იცის, რომ საყიდლებისათვის და სხვა მომსახურებისათვის საჭიროა ფული.
შედეგი III
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას
1-2 წელი
- შეუძლია დაასახელოს ოჯახის რომელ წევრს ეკუთვნის ესა თუ ის ნივთი.
2-3 წელი
- ბავშვმა იცის, რომ ადამიანები შეიძლება მისი მშობლიური ენისაგან განსხვავებულ, უცხო ენაზე საუბრობდნენ, შეუძლია ერთი უცხო ენის დასახელება.
ბუნება და ტექნოლოგიები
ბუნება
1-2 წელი
- აკვირდება ცოცხალ არსებებს ბუნებაში (მაგ.: აკვირდება, ხელში იყვანს ჭიაყელას, ცდილობს დაიჭიროს ჭიანჭველა).
- აკვირდება მზეს და ღრუბლებს.
- ყნოსავს ყვავილს, წყვეტს ფოთოლს.
2-3 წელი
- სიამოვნებით თამაშობს წყალში და ქვიშაში.
- სვამს მარტივ შეკითხვებს ამინდის შესახებ (მაგ.: მზეზე, წვიმაზე, თოვლზე).
- შეუძლია ბუნებაში არსებული საგნების იდენტიფიცირება და დასახელება. მაგ.: წყალი, ლოდი, ქვა, ქვიშა.
- იჩენს ცნობისმოყვარეობას და სვამს შეკითხვებს ბუნების მოვლენების შესახებ (მაგ.: "რატომ მოდის წვიმა?").
- აქვს წარმოდგენა მარტივ ბუნებრივ კანონზომიერებებზე (მაგ.: იმისათვის, რომ მცენარე გაიზარდოს, მას ესაჭიროება წყალი).
1-2 წელი
- იცის საკუთარ სახლში სად არის ნაგვის ყუთი და სად უნდა ჩაყაროს ნაგავი.
2-3 წელი
- შეუძლია დახმარების გაწევა ყოველდღიურ მარტივ საქმიანობებში როგორც სახლში, ასევე საბავშვო ბაღში.
- სწორად აღიქვამს და რეაგირებს ბუნებრივი გარემოს მახასიათებლებზე (მაგ.: ამბობს: "ნახე, რა ვიპოვე?!" და კენჭზე ან ყვავილზე მიუთითებს).
- ბუნებაში მოპოვებულ საგნებს იყენებს თამაშში (მაგ.: ტორტს აკეთებს ტალახისაგან, სახლს - ჩხირებისაგან, ბალიშს - ფოთლებისაგან).
- იცის, რომ ადამიანები და ცხოველები განსხვავებულ პირობებში ცხოვრობენ.
1-2 წელი
- იცის, თუ რას და სად უნდა დააჭიროს თითი მექანიკური სათამაშოს ასამუშავებლად.
- შეუძლია აანთოს ან ჩააქროს შუქი, როდესაც სთხოვთ.
2-3 წელი
- შეუძლია კასეტის და კომპაქტდისკის გამოყენება (მაგ.: ჩაწერილი ზღაპრის მოსასმენად, მხოლოდ უფროსის დახმარებით).
- იცის ტელევიზორის ჩამრთველი და გამომრთველი სპეციალური ღილაკის დანიშნულება და შეუძლია მისი შესაბამისი გამოყენება.
რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება
რიცხვები და ანგარიში
1-2 წელი
- განასხვავებს ცნება-ტერმინებს "ერთი" - "ბევრი".
- თვლის დროს უფროსის დახმარებით ცდილობს თითების გამოყენებას.
2-3 წელი
- იყენებს "უფრო მეტის" ცნებას.
- ითვლის საგნებს უფროსთან ერთად.
- იმეორებს იმ ლექსებსა და სიმღერებს, რომლებიც თვლას ეხება.
- ითვლის 5-მდე.
- ცნობს და ასახელებს ზოგიერთ ციფრს (მაგ.: უყურებს 2-ს და ამბობს ორი).
- ესმის ცნებები – ყველა, არც ერთი.
გაზომვა
შედეგი I
ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე
1-2 წელი
- შეუძლია მოთხოვნის მიხედვით ამოირჩიოს ორ ერთნაირ საგანს შორის უფრო დიდი ან პატარა.
- შეუძლია ერთი კუბურა დაადგას მეორეს.
2-3 წელი
- ავსებს და ცლის ჭურჭელს ( მაგ.: წყლით ან ქვიშით).
- შეუძლია უფროსის დახმარებით ერთი მახასიათებლის მიხედვით დაყოს საგნები ორ ჯგუფად (მაგ.: ერთნაირი მანქანები დაყოს ორ ჯგუფად: დიდ და პატარა მანქანებად).
კანონზომიერების დადგენა
1-2 წელი
- საგანთა გროვიდან ამოარჩევს საგნებს ერთი მახასიათებლით (მაგ.: "მომეცი ყვითელი თეფში!‘‘).
- შეუძლია, მინიმუმ, ერთი ფერის ამოცნობა, დასახელება.
- დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს ცდილობს ორგანზომილებიანი ფორმები (მაგ.: წრე, კვადრატი, სამკუთხედი) მოარგოს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებს.
2-3 წელი
- აგროვებს ნივთებს საერთო მახასითებლების მიხედვით (მაგ.: წითელი კუბები, ყვითელი ფოთლები).
- აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან პირამიდას..
- დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს არგებს და ჭრილში სვამს მარტივ, ორგანზომილებიან ფორმებს (მაგ.: წრეს, კვადრატს, სამკუთხედს).
- ცდილობს დახატოს წრე ან ფანქრით გაავლოს ხაზი.
მოვლენებს შორის მიმართების წვდომა
დრო
1-2 წელი
- შეუძლია გაიხსენოს ინფორმაცია ახლო წარსულიდან, ახლახან დასრულებული მოქმედება (მაგ.: როცა ეკითხებიან, ვინ დააკაკუნა კარზე წეღან, მიუთითებს ადამიანზე, რომელმაც ეს გააკეთა).
- ბავშვმა უკვე იცის რეჟიმი (მაგ.: როდესაც აღმზრდელი ამბობს: "სადილის შემდეგ ეზოში გავალთ", მისთვის უკვე ნათელია, რომ ჭამის დამთავრების შემდეგ ეზოში გასასვლელად უნდა გაემზადოს).
2-3 წელი
- ერთმანეთთან აკავშირებს ძველ და ახალ მოვლენებს.
- ხმარობს დროსთან დაკავშირებულ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "დღეს", "გუშინ"...
სივრცე
შედეგი I
ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის, მის გარემოში არსებული საგნების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა
1-2 წელი
- ბავშვი თამაშისას ცდილობს სივრცითი მიმართებების დაუფლებას (გაუცნობიერებელი, ინსტინქტური). მაგ.: თამაშისას ცდილობს ჩაძვრეს და ჩაიმალოს მუყაოს ყუთში ან გაძვრეს გვირაბში.
- იცის, შეუძლია მიაგნოს, სად არის ბინაში სამზარეულო, აბაზანა.
2-3 წელი
- უვითარდება წარმოდგენები საკუთარი სხეულის და მისი ზომების შესახებ.
- სწავლობს და ხვდება ისეთ ფიზიკურ მიმართებებს, როგორიცაა "ახლოს" და "შორს". "ზემოთ" და "ქვემოთ", "შიგნით" და "გარეთ".
- ცნობს იმ ადგილებს, რომლებიც მანქანით, ავტობუსით გადაადგილებისას გაუვლია და უნახავს.
- გამოხატავს ინტერესს ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა გლობუსი, რუკა, გამადიდებელი მინა ანუ ლუპა და ა.შ.
მიზეზშედეგობრიობა
1-2 წელი
- შეუძლია რამდენჯერმე გაიმეოროს ქცევა, მოძრაობა სასურველი შედეგის მისაღწეევად.
- სხვადასხვანაირად მოქმედებს საგანზე (მაგ.: კუბით აბრახუნებს მაგიდაზე, ამავე დროს ცდილობს მოძებნოს საიდან იხსნება იგი და ა.შ).
- შეუძლია ლოგიკურად დაკავშირებული მოქმედებების გამეორება, მაგ., ბანს და ამშრალებს თოჯინას.
2-3 წელი
- იწყებს ორი მოვლენის დაკავშირებას ( მაგ.: დაბნელდა იმიტომ, რომ მზე ჩავიდა).
- ინტერესდება და სვამს შეკითხვებს სხვების მოქმედებასთან დაკავშირებით, რათა დაინახოს საბოლოო შედეგი, მაგ., ითხოვს ხელში აყვანას, რომ დაინახოს როგორ იხარშება კარტოფილი.
სწავლისადმი მიდგომა
მოტივაცია
ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
1-2 წელი
- უშუალოდ შეისწავლის გარემოს, რათა დაადგინოს, რა ობიექტებისაგან შედგება იგი (აკვირდება საგნებს ოთახში, ცდილობს ხელით შეეხოს, მოსინჯოს).
- ამჟღავნებს ინტერესს ახალი აქტივობების მიმართ.
- აქვს გამორჩეულად საყვარელი სათამაშო. ინტერესდება და სვამს შეკითხვებს მისთვის უცხო ადამიანებისა და საგნების შესახებ (ვინ არის ეს, რა არის ეს?).
- იჩენს ინტერესს სათამაშოს შემადგენელი ნაწილების მიმართ.
2-3 წელი
- სვამს კითხვებს ადამიანების მოქმედების შესახებ (მაგ., როცა ხედავს, რომ ბაბუ რეცხავს მანქანას, კითხულობს: რას აკეთებს ბაბუ?).
- სვამს შეკითხვებს : ,,რატომ?" ,,სად"?
- უპირატესობას ანიჭებს ერთ რომელიმე მოქმედებას (მაგ.: კუბებით თამაშს, ბურთის გაგორებას, ხატვას და სხვ.).
- გამოხატავს ინტერესს და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საოჯახო საქმეებში.
ინიციატივა და დამოუკიდებლობა
1-2 წელი
- იწყებს ახალი მოქმედებების ათვისებას.
- საგნებით სარგებლობისას სხვადასხვა ხერხს მიმართავს (მაგ.: ადრე თუ პირში იდებდა სათამაშოს, ახლა ათვალიერებს და თამაშობს).
- ახალ გარემოში მოხვედრისას, ცდილობს გარკვევას, სად იმყოფება. დაკვირვებით ათვალიერებს გარემოს და ცდილობს შეიცნოს იგი.
2-3 წელი
- ცდილობს იზრუნოს საკუთარ თავზე, დამოუკიდებლად ჭამოს, ჩაიცვას.
- არის თამაშის წამომწყები.
- გამოთქვამს თავის აზრს, რის გაკეთება სურს (მაგ., ამბობს, სასეირნოდ წავიდეთ! დავხატოთ! და ა.შ.).
- უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ სათამაშოს, წიგნს და თამაშს.
სასწავლო უნარები
ყურადღების კონცენტრაცია
შედეგი I
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას
1-2 წელი
- აგრძელებს ამოცანაზე მუშაობას დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგ: ცდილობს ააშენოს კუბებით რაიმე 3-5 წუთის განმავლობაში.
- ავსებს და ცლის სათამაშოების ყუთს მრავალჯერ.
- ახსოვს, სად ინახება ხშირად გამოყენებული სათამაშოები.
2-3 წელი
- დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ჩართულია თავის მიერვე არჩეულ საქმიანობაში.
- მშვიდ ატმოსფეროში ხშირ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე უსმენს მცირე ზომის მოთხრობას.
- დაჟინებით მოითხოვს მის მიერ წამოწყებული საქმიანობის დამთავრებას.
- ითხოვს ერთი და იმავე ზღაპრის, ამბის ხშირად მოყოლას.
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
1-2 წელი
- ამჟღავნებს იმის ცოდნას, რომ ზოგიერთი საქმის შესასრულებლად საჭიროა ორი საგნის ერთდროულად ამოქმედება. მაგ. მოაქვს აქანდაზი, როცა უფროსი გვის.
- იწყებს საგნების განსხვავებულად და შემოქმედებითად გამოყენებას (მაგ.ცლის სათამაშოების ყუთს, გადმოაბრუნებს და ზედ აშენებს კოშკს).
2-3 წელი
- იყენებს საგნებს განსხვავებულად და შემოქმედებითად (მაგ.: ჯოხს იყენებს როგორც ცხენს, ან თოფს და ა.შ.).
- ცდილობს მოქნილად და გონივრულად მიუდგეს ამოცანას, მის გადასაჭრელად ცვლის მოქმედების ხერხს.
პრობლემის გადაჭრა
1-2 წელი
- ზოგიერთ შემთხვევაში არასტანდარტულად იყენებს საგნებს, როგორც დამხმარე საშუალებას (მაგ.: სათამაშოების ერთი ოთახიდან მეორეში გადასატანად იყენებს ყუთს, საკვების მისაღებად იყენებს კოვზს, მაგალითად, სახლობანას თამაშის დროს ჩანგლის მაგივრად სახაზავს ხმარობს).
- უხმობს უფროსს და მიუთითებს პრობლემურ საგანზე, რომლის გამოც სირთულეს აწყდება.
2-3 წელი
- პრობლემის გადაჭრას ცდილობს დამოუკიდებლად;მაგ: მოაქვს სკამი, რათა მისწვდეს სათამაშოს.
- სხვადასხვა გზით (ცდისა და შეცდომის მეთოდით) ცდილობს პრობლემის გადაჭრას; წარუმატებლობის შემთხვევაში, ითხოვს დახმარებას.
- პრობლემის გადასაჭრელად იყენებს მინიმუმ ორ განსხვავებულ სტრატეგიას (მაგ.: კონსტრუქტორით თამაშის დროს ჯერ ცდილობს ორი ნაწილი მოარგოს ერთმანეთს - უცვლის მათ მდებარეობას, შემდეგ ცვლის ერთ ნაწილს და კვლავ ცდილობს, მოარგოს ერთი ძველი და ერთი ახალი ნაწილი ერთმანეთს).
აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი
1-2 წელი
- ცნობს ადამიანებს, ცხოველებსა და საგნებს ფოტოებზე, სურათებზე.
- ცდილობს იპოვოს ის საგნები, რომლებიც იქვე, ახლოსაა დამალული.
2-3 წელი
- შეუძლია წარმოადგინოს ადამიანის, საგნის, ცხოველის რომელიმე ძირითადი მახასიათებელი. მაშინაც კი, თუ განსასახიერებელ ობიექტს ვერ ხედავს (მაგ., აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ძაღლს და ყეფს).
- ცდილობს ახალი დანიშნულება მოუძებნოს ძველ, ნაცნობ საგნებს (როცა თოჯინას უმზადებს საჭმელს, დასაჭრელად დანის ნაცვლად იყენებს ფანქარს).
- ხატავს და თან ასახელებს, რა დახატა, განმარტავს, რა რას ნიშნავს.
1-2 წელი
- შეუძლია ცხოველების ხმის იმიტაცია (ყეფს ძაღლივით, კნავის კატასავით).
- იწყებს წარმოსახვით თამაშს. მაგ., აჭმევს თოჯინას, არწევს ხელში და ა.შ.).
2-3 წელი
- მსახიობზე, კოსტიუმირებულ ადამიანებზე, ისეთი რეაქცია აქვს, თითქოს ისინი ნამდვილად იმ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებსაც განასახიერებენ.
- შეუძლია როლების და სიტუაციების გათამაშება ისე, რომ ხმა, მეტყველება, ქცევა ერთმანეთის შესაბამისი იყოს (მაგ.: როცა განასახიერებს ჩვილ ბავშვს, დახოხავს და აღუ-აღუს გაიძახის).
გააზრება და ინტერპრეტაცია
1-2 წელი
- ხვდება, რომ ქცევა დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან (მაგ: როცა დედა აცმევს ქურთუკს, ეს ნიშნავს, რომ გარეთ უნდა გაიყვანონ).
- ხვდება, რომ ის, რაც დღეს ხდება, მეორდება, ანუ სხვა დროსაც მომხდარა (მაგ.: ჭამის წინ ხელების დაბანა).
- ითხოვს წიგნის წაკითხვას.
2-3 წელი
- შეუძლია საგნის ჩანაცვლება მსგავსით (მაგალითად, ქვაბის თავსახურს იყენებს, როგორც მანქანის საჭეს).
- შეუძლია მოქმედების ჩანაცვლება (მაგ., ეს არ გამომივიდა, სამაგიეროდ, ეს გავაკეთე).
კრიტიკული აზროვნება და კვლევა
1-2 წელი
- ესმის ნაცნობი საგნების დანიშნულება (მაგ.: კოვზს იღებს ჯამიდან და დებს).
- იყენებს საგანს ან ადამიანს, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას (მაგ: ითხოვს, ხელში აიყვანონ, რათა მისწვდეს სასურველ საგანს).
2-3 წელი
- აკვირდება და უფროსის დახმარებით მანიპულირებს საგნებით, რათა შეძლოს მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა.
- ცდისა და შეცდომის მეთოდით პოულობს მისთვის საინტრესო ობიექტის გამოყენების გზას.
1-2 წელი
- ადევნებს თვალს სხვების ქცევას.
- ცდილობს იმ ქცევის, ჟესტიკულაციის თუ ლაპარაკის მიბაძვას, რომელიც მან ახლო წარსულში სხვაგან ნახა.
- ამჩნევს განსხვავებას და მსგავსებას ოჯახის წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში.
2-3 წელი
- განასხვავებს საგნებს ერთი მთავარი ნიშნის მიხედვით.
- ერთი სახის სათამაშოების გროვიდან შეუძლია ამოარჩიოს დასახელებული მახასიათებლის მქონე საგანი (მაგ.: ბურთებს შორის ამოარჩევს წითელ ბურთს).
- შეუძლია შეამჩნიოს და თქვას, რით განსხვავდება საგნები ერთმანეთისაგან (მაგ.: "ეს ბურთი უფრო დიდია").
- აკვირდება და ამჩნევს მსგავსებას ერთნაირი დანიშნულების საგნებს შორის (ამ ორივე კაბას მოკლე სახელო აქვს).
მეტყველების განვითარება
მეტყველება
მოსმენა და ზეპირი მეტყველება
1-2 წელი
- მიუთითებს სხეულის ერთ ნაწილზე მაინც, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა სხეულის ამ ნაწილის დასახე ლება (მაგ.: ხელი, ცხვირი).
- ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სიტყვებზე.
- ადეკვატურად რეაგირებს მარტივ მოთხოვნებზე (ასრულებს ერთსაფეხურიან ინსტრუქციას, მაგ.: "აიღე თოჯინა!").
- ესმის 50-80 სიტყვის მნიშვნელობა (მაგ., მიანიშნებს ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა თუ სურათებზე).
- ინტერესით უსმენს მოკლე ამბავს.
2-3 წელი
- სიტყვიერად პასუხობს მარტივ შეკითხვებს.
- ასრულებს ორსაფეხურიან ინსტრუქციას, რომელშიც მოქმედებები შეიძლება არ უკავშირდებოდეს ერთმანეთს (მაგ.: "თუ შეიძლება, აალაგე შენი სათამაშოები და მერე ჩაიცვი ფეხსაცმელი!”).
- ითხოვს და სიამოვნებით უსმენს მოკლე ზღაპრებს, მოთხრობებს, რომლებსაც უყვებიან.
- ესმის რამდენიმე ასეული სიტყვის მნიშვნელობა.
- მიუთითებს სხეულის მინიმუმ 6 ნაწილზე, განასხვავებს მინიმუმ სამ ფერს.
შედეგი II
ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)
1-2 წელი
- ურთიერთობას ამყარებს სიტყვების გარეშე - სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით (მიმიკით).
- შეუძლია წარმოთქვას 5-20 მარტივი სიტყვა.
- იყენებს მარტივ სიტყვებსა და ჟესტებს ერთდროულად.
- იყენებს უარყოფით შესიტყვებებს (მაგ.: "არ მინდა!").
- შეუძლია დააკავშიროს ორი სიტყვა ერთმანეთთან.
2-3 წელი
- აწარმოებს, იგონებს ახალ სიტყვებს, იმ მნიშვნელობების გამოსახატავად, რომელთა აღმნიშვნელებიც არ იცის (მაგ.: "კოვზით ურევს" ნაცვლად ამბობს - "ანკოვზიალებს", ადექის ნაცვლად - "აჯექი").
- თავისუფლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას - როგორც სიტყვებს, ასევე ჟესტებს - თავისი განცდების, არჩევანის, სურვილის გამოსახატავად.
- იყენებს მეტყველებას იმისათვის, რომ მიიღოს პასუხი კითხვებზე: რატომ? სად? როდის?
- იყენებს საგნის, მოქმედების, მდგომარეობის აღმნიშვნელ სიტყვებს.
- იყენებს საგნის ზომის, ფერის, კუთვნილების, დანიშნულების აღმნიშვნელ სიტყვებს (დიდი, წითელი, ჩემი, სატვირთო მანქანა).
- ცდილობს წინადადებაში სიტყვები შესაბამისი ფორმით იხმაროს, იყენებს ბრუნვის, პირისა და რიცხვის ნიშნებს.
1-2 წელი
- ურთიერთობისათვის იყენებს არასიტყვიერ საშუალებებს: სახის გამომეტყველებას (მიმიკას), და სხეულის მოძრაობას (ჟესტებს) მოთხოვნებისა და გრძნობების გამოსახატავად (მაგ.: შეიძლება მოგეხვიოთ ფეხზე სიარულისას ან მოგკიდოთ ხელი, მიგიყვანოთ კართან, როდესაც უნდა სასეირნოდ წასვლა, მოულოდნელად ჩაგეხუტოთ).
- იყენებს სიტყვებს ურთიერთობისათვის.
- ცვლის ინტონაციას სხვადასხვა აზრის გამოსახატავად.
- ყურადღებას აქცევს იმას, ვინც ლაპარაკობს.
2-3 წელი
- თამაშის დროს თავისთვის ლაპარაკობს, ასახელებს იმას, რასაც ხედავს ან აკეთებს აწმყოში.
- გვიზიარებს გარე სამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებას.
- აღწერს იმას, რაც აღიქვა წარსულში. მოვლენის აღწერის დროს ჩამოთვლის იმ ერთეულებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიის დაცვის გარეშე.
- საუბრობს უმრავლესობისათვის გასაგებ ენაზე.
- იცავს ჯგუფში დადგენილ მიმართვის წესებს. იყენებს მიმართვის თავაზიან ფორმებს: "თუ შეიძლება", "გმადლობთ".
- შეუძლია მოსაუბრის განზრახვის გაგება (მაგ., თუ დედა ამბობს - "ფანქარი მჭირდება", მიდის ფანქრის მოსატანად).
- ჯგუფში ურთიერთობისას შეუძლია იმის გამომჟღავნება, რომ კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს მორიგეობით (მონაცვლეობით) საუბარი.
1-2 წელი
2-3 წელი
- ესმის 2-3 მარტივი სიტყვის მნიშვნელობა.
- წარმოთქვამს მეტყველებაში ხშირად გამოყენებულ რამდენიმე სიტყვას.
- ინტერესით ისმენს, როდესაც უკითხავენ ილუსტრირებულ წიგნს.
წიგნიერება
კითხვა
1-2 წელი
- მიმართავს გარკვეულ ხერხს, რათა გაიმარტივოს სიტყვების წარმოთქმა (მაგ: პირველ მარცვალს იმეორებს -"დადე"-ს ნაცვლად ამბობს "დადა"-ს; მარცვალს ცვლის და "ლამაზი"-ს ნაცვლად ამბობს მისთვის უფრო მარტივ ვარიანტს - "ვაზაზი".
- შეუძლია ბოლო სიტყვით დაასრულოს მისთვის ნაცნობი ლექსები.
- შეუძლია უფროსის დახმარებით ტაშით აჰყვეს მარტივ რიტმს.
2-3 წელი
- უფრო მეტ სიტყვას წარმოთქვამს სწორად.
- სხვა ბავშვებთან ერთად ან მარტო მონაწილეობს სიმღერების შესრულებაში.
- შეუძლია ტემპისა და სიჩქარის იმიტაცია. მაგ.: ტაშის დაკვრა ჩქარა, ტაშის დაკვრა ნელა ან პირიქით - ჯერ ჩქარა, შემდეგ ნელა.
- მღერის სიმღერებს, ამბობს ლექსებს, მონაწილეობს თამაშებში, რომლებიც ენის ბგერების ჟღერადობასა და რიტმიკასთან არის დაკავშირებული (მაგ.: უფროსის დახმარებით სიმღერას ტაშს აყოლებს ან ტაშს უკრავს მაშინ, როდესაც ამას სიმღერის შინაარსი მოითხოვს).
- იმეორებს ფრაზებს მისთვის ნაცნობი ლექსებიდან, ხოლო მოკლე, ერთსტროფიანი ლექსი შეუძლია დაიზეპიროს.
1-2 წელი
- ბავშვი სიამოვნებით ისმენს, როცა უკითხავენ მოკლე ზღაპრებსა და მოთხრობებს სურათებისა თუ სხვა ილუსტრაციების ჩვენებით, ან სამაგიდო თეატრის პერსონაჟებისა თუ სათამაშოების თანხლებით.
- ბავშვი ამჟღავნებს ინტერესს წიგნის მიმართ (მაგ.: წიგნს თან დააატარებს, ფურცლავს, გვერდებს ათვალიერებს და ა.შ.).
- ცდილობს სწორად დაიჭიროს წიგნი.
- ჰბაძავს უფროსს წიგნის წაკითხვაში.
- წიგნი წასაკითხად მიაქვს უფროსებთან (ანუ ინიციატივას თვითონ იჩენს).
2-3 წელი
- როდესაც წიგნს უკითხავენ, სიამოვნებას გამოხატავს და ნაცნობ სიტყვებს ხმამაღლა იმეორებს.
- შეუძლია გადაფურცლოს თითო-თითო გვერდი.
- იცის, რომ წიგნი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება, თითს აყოლებს, როცა ვითომ კითხულობს.
- აქვს გამორჩეული, საყვარელი წიგნები.
- სვამს შეკითხვებს პერსონაჟების შესახებ.
შედეგი III
ბავშვს ესმის, რომ ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
1-2 წელი
- მიუთითებს წიგნში ნაცნობ საგნებსა და პერსონაჟებზე.
2-3 წელი
- ბავშვი სიამოვნებით ათვალიერებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ წიგნებს (მაგ.: წიგნებს ცხოველებზე, ფრინველებზე, ტრანსპორტზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, პროფესიებზე).
- ცნობს ისეთ ნიშნებს, სიმბოლოებს, რომლებიც მას გარემოში ხვდება (მაგ.: სიტყვებს - ღიაა, დაკეტილია).
- განასხვავებს სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემას. (მაგ.: გაზეთს, წიგნს).
- იხსენებს სხვადასხვა პერსონაჟსა და მოქმედებას ნაცნობი წიგნებიდან.
1-2 წელი
- განასხვავებს სურათსა და ნაწერს ერთმანეთისგან.
- ხვდება, რომ სურათი და სიტყვები ავსებს ერთმანეთს.
2-3 წელი
- სურათის აღსაწერად იყენებს სიტყვებს.
- როდესაც მისთვის ნაცნობ წიგნს ვუკითხავთ, შეუძლია წინასწარ თქვას, თუ რა მოხდება შემდეგ.
- რეაგირებს წიგნში მოცემულ სხვადასხვა ემოციურ გამოსახულებაზე (მაგ: მიუთითებს მხიარულ სახეზე).
წერა
1-2 წელი
- თითების საღებავით აკეთებს აღნიშვნებს ქაღალდზე.
- იჭერს ფანქარს მუშტში და ცდილობს ჯღაბნას.
- უნებლიე მონახაზებს აკეთებს ფანქრით, ფუნჯით.
- იღებს საგანს ცერა და საჩვენებლი თითების მარწუხისებურად მოჭერით.
2-3 წელი
- აკეთებს მარტივ მონახაზებს მიზანმიმართულად, ვითომ წერს.
- ხატვისას იყენებს მთელ ხელს (მაჯას, მკლავს).
- ასათაურებს საკუთარ ნამუშევარს (ყვება, თუ რას ნიშნავს მისი ნამუშევარი).
- ცდილობს გააფერადოს კონტურებით მოცემული ფიგურა ან ნახატი (გასაფერადებლები).
- ცდილობს სწორად დაიჭიროს ხელში სქელი ფანქარი საჩვენებელი და ცერა თითით.
1-2 წელი
- აკეთებს უნებლიე მონახაზებს, ნიშნულებს და აჩვენებს სხვებს.
- თითებით აკეთებს აღნიშვნებს ფურცელზე, სილაში, ცომში.
- აინტერესებს გამოიყენოს სხვადასხვა საწერი მასალა (მაგ.: ფანქარი, ფლომასტერი, ფუნჯი, საღებავი).
2-3 წელი
- ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს.
- ხატავს და აჩვენებს თავის ნამუშევარს სხვებს.
- თამაშობს პლასტეილინით, ძერწავს.
სოციალურ-ემოციური განვითარება
ემოციური განვითარება
თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
1-2 წელი
- მიუთითებს საკუთარი სხეულის ნაწილებზე, როდესაც ეკითხებიან (მაგ.: სადა გაქვს ცხვირი? მაჩვენე შენი ყური!).
- ცნობს და ეძახის საკუთარ თავს სარკეში.
- ირთობს საკუთარ თავს მცირე ხნით, 10-15 წუთით.
- გვაგრძნობინებს, რომ იცის - სხვები უყურებენ (იმეორებს ან ჰბაძავს რაღაც მოქმედებებს, როდესაც იცის, რომ სხვები უყურებენ).
- რეაგირებს, როდესაც მიმართავენ სახელით.
2-3 წელი
- ცდის საკუთარ შესაძლებლობებს, ამოწმებს, სად გადის აკრძალვებისა და შესაძლებლობების ზღვარი, ილტვის დამოუკიდებლობისაკენ. მაგ., ცდილობს შეასრულოს ის მოქმედება, რომელიც მისთვის უფროსს ადრე აუკრძალავს; ან იმეორებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულების დროს ერთხელ უკვე განიცადა მარცხი.
- ასახელებს საკუთარ სახელს (მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელით).
შედეგი II
ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)
1-2 წელი
- შეკითხვებზე მარტივი პასუხის გაცემით გვატყობინებს საკუთარ არჩევანს. გვეუბნება "კის" ან "არას" (მაგ., გააკეთებ ამას? შეიძლება ეს ავიღო? გინდა ეს შევინახოთ?).
- იმეორებს მოქმედებას, რათა მიიღოს პასუხი უფროსისაგან.
2-3 წელი
- აკეთებს არჩევანს, რა ტანსაცმელი ჩაიცვას, რა ითამაშოს.
- აქვს გამორჩეულად საყვარელი წიგნი, სათამაშო, მოქმედება და საკვები.
- ჰყავს გამორჩეული თანატოლები, რომლებთანაც უყვარს თამაში.
1-2 წელი
- ასახელებს ოჯახის წევრებს (პასუხობს კითხვაზე: რა ჰქვია ბებიას?).
- ცდილობს თავისი სათამაშოები ჩაყაროს ყუთში.
- იცის ოჯახის წევრების - მინიმუმ ორის - სახელი და შეუძლია მიმართოს.
2-3 წელი
- ასახელებს საკუთარ გვარს.
- ცნობს იმ ადგილებს, სადაც ხშირად ხვდება.
- ცნობს და განსხვავებულად ექცევა ნაცნობ თანატოლებს.
- ცდილობს "მიეხმაროს" უფროსს ალაგებაში.
- სათამაშოებსა და თოჯინებს უახლოესი ადამიანების (ოჯახის წევრების, მეგობრების) სახელებს არქმევს.
- აკუთვნებს თავის თავს ოჯახს.
- თავის თავს მიაკუთვნებს გოგონებს ან ბიჭებს.
1-2 წელი
- მოქმედებს ისე, თითქოს შეუძლია გაუმკლავდეს ახალ ამოცანას ან აქტივობას (მაგ.: ცდილობს დაგავოს იატაკი უფროსებისათვის განკუთვნილი ცოცხით).
- უყურებს უფროსს ახალი აქტივობის განხორციელებისას და იღიმება წარმატების შემთხვევაში.
- იყენებს სიტყვებს: "მე", "ჩემი", "ვიცი", "მე თვითონ".
- იღიმება, როცა ასრულებს იმას, რითიც ამაყობს.
2-3 წელი
- ცდილობს იზრუნოს საკუთარ თავზე.
- აღიარებს საკუთარ მიღწევებს. გამოხატავს სიხარულს.
- აჩვენებს შესრულებულ ნამუშევარს მომვლელს (ნახატს, აშენებულ კოშკს), რომლისგანაც მოელის წარმატების აღიარებას.
თვითმართვა და თვითგამოხატვა
1-2 წელი
- ემორჩილება უფროსის მარტივ მითითებას (წაიღე, მოიტანე, მომეცი, დადე ...).
- უმეტეს შემთხვევაში ცვლის ქცევას უფროსის მოთხოვნის მიხედვით.
2-3 წელი
- შეხსენებისა და დახმარების შემთხვევაში, ითვალისწინებს და ასრულებს მარტივ წესებს და ყოვლედღიურ, ოჯახურ საქმიანობებს (მაგ., იბანს ხელს და ჯდება მაგიდასთან წახემსების დროს, ეხმარება უფროსს სუფრის ალაგებაში ან სხვა საქმიანობებში).
- ითვალისწინებს და იცავს მარტივ წესებს, შეხსენების შემთხვევაში.
- ხვდება, თუ რა შედეგი მოჰყვება წესების დარღვევას.
1-2 წელი
- ეძებს მზრუნველის მხარდაჭერას და ყურადღებას, როდესაც ძლიერი ემოციები იპყრობს.
2-3 წელი
ასახელებს რამდენიმე გრძნობას, როგორიცაა: სიხარული, წყენა, შიში.
იწყებს იმპულსების კონტროლს (მაგალითად: ამბობს - "არა", როდესაც უწვდიან აკრძალულ ნივთებს. ცდილობს თავი შეიკავოს და ფეხი არ დაადგას იატაკზე დაგდებულ წიგნს).
1-2 წელი
- გამოხატავს ემოციებს, განცდებს ნაცნობი ადამიანების, ცხოველების ან საგნების მიმართ.
- აღიქვამს სხვის მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას).
- სიტყვიერად მიმართავს უფროსს ყურადღების მისაპყრობად.
2-3 წელი
- განასხვავებს თავის განცდებს - სიხარულს, სევდას.
- სწორად აღიქვამს საკუთარ ემოციებს და იცის, რომ ჩვეულებრივია, ნორმალურია ის, რომ ზოგჯერ მოწყენილობას გრძნობს, ზოგჯერ - სიხარულს და ზოგჯერ ბრაზდება.
- ამჩნევს და ასახელებს სხვების ემოციებს (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას).
სოციალური განვითარება
ურთიერთობა უფროსებთან
1-2 წელი
- ბავშვი ამყარებს გამორჩეულ ურთიერთობას ძირითადი მეურვის გარდა კიდევ ერთ უფროსთან, რომელიც რეგულარულად ურთიერთობს მასთან და ეს ურთიერთობა ჰარმონიულია.
- ავლენს უსაფრთხოების შეგრძნებას ახლობელ უფროსებთან, ეძებს მათ, როდესაც ეშინია ან დაწყნარება სურს.
- ეხმაურება უფროსის სიტყვიერ მისალმებას, შეგებებას.
- იმეორებს უფროსის ქცევას - "ატარებს მანქანას", "აჭმევს თოჯინას".
2-3 წელი
- ჰბაძავს უფროსის ქცევას (წიგნს "კითხულობს" იმ უფროსთან ერთად, რომელიც უკითხავს).
- უსვამს შეკითხვებს.
- სათამაშოდ იწვევს უფროსს, არის თამაშის ინიციატორი, წამომწყები.
- ესაუბრება უფროსს ახლახან დასრულებული საქმიანობის შესახებ.
- ცდილობს ისე მოიქცეს, რომ უფროსს ასიმაოვნოს.
1-2 წელი
- ცდილობს მიიღოს უფროსის დახმარება მოთხოვნის საპასუხოდ (მაშინ, როდესაც თავად ითხოვს).
- პოზიტიურად, კეთილგანწყობით პასუხობს და იღებს უფროსის დახმარებას.
2-3 წელი
- პერიოდულად ამოწმებს მეურვის მზადყოფნას დახმარებისათვის, როდესაც დამოუკიდებლად ან თანატოლებთან ერთად თამაშობს, რათა თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.
- იწყებს მოქმედებას მომვლელის რჩევით (მაგ., ემორჩილება უფროსის შეთავაზებას - ჩაალაგოს სათამაშოები ყუთში).
- ემორჩილება უსაფრთხოების წესებს და უფროსის დახმარებით ასრულებს მათ.
- იცის, როდის უნდა ითხოვოს უფროსის დახმარება.
1-2 წელი
- სხვა ბავშვების დანახვისას ამჟღავნებს ინტერესს მათ მიმართ, ცდილობს მიუახლოვდეს და შეეხოს.
- უხარია, როდესაც იმყოფება სხვა ბავშვების საზოგადოებაში.
- გარკვეული ხანი თამაშობს სხვა ბავშვების გვერდით.
1-3 წელი
- ეხალისება სხვა ბავშვის გვერდით თამაში.
- ზოგჯერ განცალკევდება უფროსისაგან იმისათვის, რომ ითამაშოს მეგობართან ერთად.
- თამაშის დროს ბუნებრივად და თავისთავად ამჟღავნებს კეთილგანწყობას ნაცნობი ბავშვების მიმართ.
- ამჟღავნებს ცნობისმოყვარეობას, როდესაც სხვა ბავშვი ნაწყენია ან რამეს არასწორად აკეთებს.
- თამაშის დროს უფროსის დახმარებით იცავს რიგითობას.
- თამაშის დროს უფროსის დახმარებით გამოართმევს და თვითონაც აძლევს სათამაშოებს თანატოლებს.
1-2 წელი
- გამოკვეთს, რას ანიჭებს უპირატესობას და რა აქვს განზრახული შეკითხვებზე "კი-არა" პასუხების მეშვეობით.
2-3 წელი
- განაცხადებს უფლებას საკუთრებაზე - ამბობს: "ჩემია!".
- სათამაშოების გამო წარმოქმნილი დავის დროს, ემორჩილება უფროსების ჩარევას, რაც დავის, უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარებას გულისხმობს.
- უფროსის დახმარებით ურთიერთობს სხვა ბავშვებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ადაპტაციური სოციალური ქცევა
1-2 წელი
- მშვიდად თამაშობს სათამაშო მოედანზე ნაცნობი უფროსის თანდასწრებითა და დახმარებით უცხო ბავშვების გვერდით.
2-3 წელი
- უერთდება მოთამაშე ბავშვების ჯგუფს.
- უფროსის დახმარებით იწყებს რიგითობის დაცვას და განაწილებას.
- იცავს ჯგუფური მოქმედების მარტივ წესებს.
1-2 წელი
- იცის, რომ შეუძლია ითამაშოს ნებადართული ნივთებით, მაგრამ თუ აკრძალულ ნივთს აიღებს, უფროსი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.
- იწყებს იმის გააზრებას, რომ ზოგიერთი ნივთი მას ეკუთვნის, ზოგიერთი - სხვას. სათამაშოზე შეუძლია თქვას "ჩემია", შეუძლია შეასრულოს მითითება: "მოიტანე ბებოს სათვალე!".
2-3 წელი
- ითვალისწინებს სპეციფიკური ქცევის შედეგებს, მაგრამ შეიძლება არ ესმის, რატომ იწვევს ეს ქცევა ამ შედეგს.
- იცის, რომ ცუდ ქცევას მოჰყვება ნეგატიური პასუხი, უარყოფითი რეაქცია უფროსისაგან.
- სხვის სათამაშოს უბრუნებს პატრონს.
შედეგი III
ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
1-2 წელი
- შორდება ძირითად მეურვეს, როდესაც იმყოფება სახლის გარეთ, მაგრამ ნაცნობ გარემოში.
- თავს თავისუფლად გრძნობს უცხო გარემოში, როდესაც მის გვერდით ნაცნობი უფროსი იმყოფება, ცდილობს მისი თანდასწრებით შეიცნოს ახალი და უცნობი გარემო.
2-3 წელი
- სვამს კითხვებს გარემოს შესახებ ან იქცევა განსხვავებულად, როცა ახალ გარემოში ხვდება.
- ამჟღავნებს, რომ მარტივად და მშვიდად იცვლის ადგილს ნაცნობ უფროსთან ერთად (ეს იქნება სახლი, ეკლესია, მანქანა, მაღაზია თუ სათამაშო მოედანი).
შედეგი IV
გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულთა მიმართ.
1-2 წელი
- ამჟღავნებს თანაგრძნობას და-ძმების მიმართ, ცდილობს მიეფეროს, როდესაც ხედავს, რომ რომელიმე ცუდ ხასიათზეა.
2-3 წელი
- იმიტაციური თამაშის დროს ამჟღავნებს თანაგრძნობას (მაგ.: აწყნარებს თოჯინას, რომელიც ვითომ ტირის).
- ასახელებს საკუთარსა და სხვის ემოციებს (სიხარულს, წყენას, შიშს).
- გამოთქვამს, რას შეიძლება გრძნობდეს სხვა ბავშვი (მაგალითად: ანა ცუდ ხასიათზეა იმიტომ, რომ დედამისი ავადაა.).
- გამოხატავს ინტერესს და აღფრთოვანებას ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების მიმართ (მაგ.: უყრის საკენკს ჩიტებს, რწყავს ყვავილს და სხვ.).