შესავალი

ადრეული ასაკი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაში. შესაბამისად ამ ასაკში მიღებული გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პროცესსა და მიღწევებზე.  ბავშვის სრულფასოვანი და მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს, მშობლების, სასწავლო დაწესებულებებისა და თემის  ერთობლივი მონდომებისა და ძალისხმევით.

1994 წელს ბავშვთა  უფლებების დეკლარაციის რატიფიცირებით საქართველომ დაადასტურა, რომ აღიარებს ყოველი ბავშვის უფლებას ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სოციალურ და ემოციურ  განვითარებას. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვის პრინციპებს ეხმიანება და საზოგადოების ფართო წრისთვის არის შექმნილი. სტანდარტებს საფუძვლად უდევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 ნოემბრის 958 ბრძანებით დამტკიცებული სკოლამდელი განათლების ეროვნული მიზნები.

ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების სტანდარტების მთავარი დანიშნულებაა საფუძველი ჩაუყაროს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიურ განვითარებას; ხელი შეუწყოს მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებას და მის სასკოლო მზაობას. ამ დოკუმენტის ძირითადი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ იგი შედეგზეა ორიენტირებული: ჯერ განსაზღვრულია შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მიაღწიოს ბავშვმა და შემდეგ ისახება ამ შედეგის მისაღწევი  გზა. სტანდარტის ამგვარი სტრუქტურა ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომისა და საგანმანათლებლო პროგრამის მისი   საჭიროებების მიხედვით ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა. აღმზრდელს შეუძლია  იხელმძღვანელოს სტანდარტით, დააკვირდეს ბავშვს და შეურჩიოს ის  აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.

სტანდარტების საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას  მშობელთა საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ, რომლებიც პოპულარულ ენაზე გააცნობს მეურვეებს (აღმზრდელებსა  და მშობლებს) ბავშვის განვითარების  თავისებურებებს  და ამ  მიმართულებით კონკრეტულ  რჩევებსაც შესთავაზებს. აგრეთვე  შესაძლებელია,   სტანდარტების დოკუმენტი საფუძვლად  დაედოს სკოლამდელი  აღზრდის  დაწესებულების  საგანმანათლებლო  პროგრამას და  მასწავლებელთა  მომზადებისა და  კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამებს.  სტანდარტების გამოყენება შეუძლიათ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს პროფესიონალებსაც.