სფერო - სოციალურ-ემოციური განვითარება

ადამიანის  შემეცნების (აზროვნების,  კოგნიციის)  განვითარებასთან ერთად  ხდება სოციალური უნარ-ჩვევების ეტაპობრივი  განვითარებაც. სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს  ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და ადამიანებთან ურთიერთობას. სოციალური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს დაამყაროს ურთიერთობა გარემოსთან და  გარშემომყოფებთან. ემოციური განვითარება განაპირობებს  ბავშვის უნარს, შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება  და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება  (თანაგრძნობა) და სათანადოდ რეაგირება.

ბავშვი, როგორც  სოციალური არსება, ადრეული ასაკიდანვე  ამჟღავნებს  ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს. ის აკვირდება უფროსს, რომელიც უვლის, ყურს უგდებს, ცდილობს შეეხოს, უღიმის. გამოხატავს სიხარულს, როცა ახლობელ ადამიანს ხედავს და იწყენს, როცა ის მიდის. წინასასკოლო  ასაკში ბავშვებს  უკვე  მრავალფეროვანი ურთიერთობები აქვთ  ერთმანეთთან. ისინი მეგობრობენ, ჩხუბობენ, რიგდებიან, სწყინთ, ეჭვიანობენ და ასევე ეხმარებიან ერთმანეთს. ბავშვები ამ ურთიერთობებს ძალიან მძაფრად განიცდიან და განსხვავებული გრძნობები ეუფლებათ. ამ ასაკში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან ზეგავლენას  ახდენს ბავშვის შემდგომ ურთიერთობებზე და დამოკიდებულებებზე სამყაროს მიმართ.  ამიტომ, ამ სფეროს განვითარებას კრიტიკული როლი ენიჭება ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

 

სოციალურ-ემოციური სფერო თავის მხრივ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • თვითიდენტობა ("მე"-კონცეფცია) – ეს  არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ: ვინ ვარ მე? რომელ ჯგუფს ვაკუთვნებ ჩემს თავს? ბავშვი მიაკუთვნებს საკუთარ თავს გარკვეულ სქესს, ეროვნებას და ა.შ.
  • თვითშეფასება - ეს არის ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, როგორ აფასებს საკუთარ თავსა და ქცევას - დადებითად თუ უარყოფითად, აგრეთვე საკუთარი თავის რწმენასა და იმედს, რომ წარმატებული იქნება ამა თუ იმ საქმიანობაში ან სხვებთან ურთიერთობის დროს.
  • თვითმართვა, რაც გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ქცევებისა და ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას, ნებისყოფის გამომუშავებას რეგულარული საქმიანობითა და წესების დაცვით.
  • თვითგამოხატვა, რაც გულისხმობს ადამიანის უნარს სწორად გაიგოს საკუთარი განცდები და სათანადოდ გამოხატოს საკუთარი თავი, დამოკიდებულებები და გრძნობები.
  • ურთიერთობა - ეს არის ადამიანებს ან ჯგუფებს შორის კავშირის დამყარების პროცესი, რომელიც რთული და მრავალმხრივია. ბავშვი ჯერ იწყებს უფროსთან ურთიერთობას და შემდეგ ვითარდება ურთიერთობა თანატოლებთან.
  • ადაპტაციური სოციალური ქცევა, რაც გულისხმობს ბავშვის უნარს შეეგუოს იმ ადამიანებს, რომლებთანაც უწევს ურთიერთობა და იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება. ერთი მხრივ, გამოამჟღავნოს ნდობა, გასაგებად და თავდაჯერებულად გამოხატოს თავისი სურვილები და განცდები და, მეორე მხრივ, გაუგოს სხვას. ეს ასპექტი მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების განვითარებასთან, რაც გულისხმობს მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა პოზიციიდან დანახვისა და შეფასების უნარს. სხვისი როლის გათავისების უნარის უქონლობა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის თვალთახედვიდან, თანაუგრძნოს სხვა ადამიანს. ასაკობრივ ზრდასთან ერთად ბავშვს ეს უნარი უვითარდება, რაც სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და  სოციალური სიტუაციების  სწორ შეფასებაში მჟღავნდება.

  

ძირითადი სტრატეგიები:

ყველა ბავშვი  საჭიროებს სიყვარულსა და მზრუნველობას. ამასთანავე,  აუცილებელია გარემოსთან ჯანსაღი ურთიერთობის უნარის განვითარებაში  დახმარება, გრძნობების მართვისთვის დადებითი მაგალითის მიცემა.

  • დაეხმარეთ ბავშვს საკუთარი თავის შეცნობაში ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით;
  • შეაქეთ  და პოზიტიური განწყობა შეუქმენით ბავშვს სწავლისა და შემეცნების პროცესში;
  • აჩვენეთ დადებითი მაგალითი ემოციების მართვისას, ამასთანავე, წაახალისეთ  ბავშვის გულწრფელი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან;
  • იყავით თანამიმდევრული და ზომიერად მკაცრი. შეაჩვიეთ ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას და  დაანახვეთ ამის აუცილებლობა;
  • მიაქციეთ ყურადღება ბავშვის დამოკიდებულებას განსხვავებული ადამიანებისა და მოვლენების  მიმართ,  წაახალისეთ განსხვავების მიმართ შემწყნარებლობა;
  • აჩვენეთ დადებითი მაგალითი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას. ნუ იქნებით აგრესიული და უსამართლო, განსაკუთრებით, ბავშვის თანდასწრებით. გახსოვდეთ, რომ ბავშვი წაბაძვით სწავლობს და თქვენი დადებითი მაგალითი ძალზედ მნიშვნელოვანია.