სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

შემეცნება არის ცოდნის მიღების პროცესი, წარმოდგენების შექმნა სამყაროს მოვლენების, მათი თანაარსებობისა და თანმიმდევრობის შესახებ. შემეცნებით განვითარებას ეტაპობრიობა ახასიათებს, კერძოდ, განვითარების ყოველი შემდგომი ეტაპი ეფუძნება წინა ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას.

შემეცნებითი უნარების, შესაძლებლობის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების პირველი წლები. ბავშვს  ცოდნის შეძენასთან ერთად უვითარდება ის ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც ამ ცოდნას იძენს. ადამიანს სამყაროს  შესახებ წარმოდგენა  ადრეული ასაკიდანვე ექმნება, დასაწყისში ეს გამოიხატება მხოლოდ ხმაზე ან მხედველობით გამღიზიანებელზე რეაქციით, თანდათან შემეცნებითი პროცესები ვითარდება, ადამიანი აღიქვამს,  იმახსოვრებს გარე სინამდვილეს, წარმოიდგენს და აანალიზებს მას.

შემეცნებით განვითარებას საციცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება როგორც ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის, ასევე წარმატების მისაღწევად. შემეცნებითი განვითარებისათვის საჭიროა, ბავშვს   განუვითარდეს რაოდენობრივი  წარმოდგენები,  ჩასწვდეს მოვლენებს შორის სივრცით, დროით და მიზეზშედეგობრივ კავშირებს.

ცოდნის თვალსაზრისით ბავშვი  იღებს ინფორმაციას როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სამყაროს შესახებ ადამიანებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით. ასევე მნიშვნელოვანია, ჩართული იყოს შემოქმედებით პროცესებში და ჰქოდეს თვითგამოხატვის მრავალფეროვანი საშუალება. ყოველივე ეს ხელს უწყობს, რომ ბავშვს შეექმნას წარმოდგენა ადამიანის სპეციფიკურ მახასიათებლებზე, შემომოქმედებაზე, ზოგადად კულტურაზე და სოციალურ მახასიათებლებზე – ოჯახზე, საზოგადოებაზე.

 შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა აერთიანებს ოთხ ქვესფეროს:

  • ესთეტიკა და კულტურა
  • ბუნება და ტექნოლოგია
  • რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება
  • მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა.


ესთეტიკა  და კულტურა  მოიცავს ბავშვის უნარს  გამოხატოს და  წარმოადგინოს საკუთარი თავი, მისი  შინაგანი სამყარო მუსიკის, ცეკვის, ხატვისა და სხვა ვიზუალური და გამომსახველობითი ხელოვნების საშუალებით. ეს  კი,  თავის მხრივ, გულისხმობს ბავშვის მიერ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სწორ აღქმას, გაგებასა და დაფასებას.

 ამ ქვესფეროში ასევე  დიდი ყურადღება ეთმობა  იმას, თუ როგორია ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმა სხვებთან მიმართებით, მისი  წარმოდგენა იმ სოციალურ გარემოზე, რომელშიც იზრდება. აქ იგულისხმება გათვითცნობიერებულობა ოჯახის, საზოგადოებისა და კულტურის თვალსაზრისით. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • შემოქმედების აღქმა და გაგება
  • შემოქმედებითი თვითგამოხატვა
  • ოჯახი, საზოგადოება და კულტურა.


ბუნება და ტექნოლოგია გულისხმობს ბავშვის უნარს გაიგოს, შეიმეცნოს ფიზიკური გარემო, დააკვირდეს, გამოიკვლიოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები იმ პროცესებზე, რომლებსაც თვალსაჩინო შედეგი მოსდევს. გარემოს შესახებ ცოდნის შეძენით ბავშვი ინფორმაციას იღებს, მაგ., დედამიწის და ცოცხალი ბუნების შესახებ. Aანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვს ეხმარება გამოსცადოს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა ასაკის შესაბამის პრაქტიკაში, ექსპერიმენტის დროს. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგი უნარების განვითარებას:


რაოდენობრივი  წარმოდგენების განვითარება მოიცავს ანგარიშს, გაზომვას და კანონზომიერებების დადგენას. ყველა ამ უნარს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს იმისათვის, რომ ბავშვს შეეძლოს იმ მათემატიკური საკითხების გადაჭრა, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს. ეს ქვესფერო მოიცავს:

  • ანგარიშს;
  • გაზომვას;
  • კანონზომიერების დადგენას.


მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. დროითი მიმართებები გულისხმობს – როდის ხდება კონკრეტული მოვლენა? - წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში. ასევე  მოვლენათა  თანმიმდევრობას, ხანგრძლივობასა და თანხვედრას. სივრცითი მიმართებები გულისხმობს –  საგანთა მდებარეობის  აღქმას  _ სად მდებარეობს კონკრეტული საგანი?  ჩემს ზევით, ქვევით და ა.შ. საგანთა ურთიერთგანლაგების აღქმასა და წარმოდგენას. მიზეზეზშედეგობრიობა გულისხმობს - საგნების ან  მოვლენების  დაკავშირებას ერთმანეთთან, იმის  გარკვევას, თუ რა იწვევს ცვლილებას, რა ზემოქმედება განაპირობებს მას.

 

ძირითადი სტრატეგიები: 

ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია. თითოეული მათგანი ვითარდება და სწავლობს სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დონეზე. ქვემოთ მოცემული სტრატეგიები უნდა გამოიყენებოდეს ყველა ბავშვისათვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი შემეცნებითი უნარების განვითარებას.

  • შეუქმენით ისეთი გარემო, სადაც შემოქმედებითობა, ორიგინალურობა და მრავალფეროვნება იქნება დაფასებული.
  • მიეცით საშუალება და შეუქმენით  საკუთარი იდეების, გრძნობების, ემოციების სხვადასხვა საშუალებებით გამოხატვის პირობები.
  • გამოყავით დრო, რათა შეისწავლოთ თითოეული ბავშვის ყოველდღიური გამოცდილება როგორც სახლში, ასევე  მის გარეთ.
  • გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და გააფართოვეთ ბავშვის წარმოდგენები, შეხედულებები, გამოცდილება სამყაროს შესახებ.
  • თქვენი სწავლების  მეთოდები და  მექანიზმები   უნდა ითვალისწინებდეს  თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.