სფერო - მეტყველების განვითარება

მეტყველება, ენა და აზროვნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა. ენას თავისი კანონები აქვს, რომელიც საერთოა ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისათვის. რა განსხვავებაა ენასა და მეტყველებას შორის? მეტყველება ამოქმედებული ენაა, რომელსაც კონკრეტული ადამიანი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად  იყენებს.  ასხვავებენ წერითსა და ზეპირ მეტყველებას. მეტყველების განვითარება კომპლექსური პროცესია, რომელიც დაბადებიდან იწყება  ზეპირი მეტყველების  განვითარებით. ადამიანის მეტყველების  პირველი ნიშანია ღუღუნი, რომელიც თანდათან ხანგრძლივდება, ემოციურ ელფერს იძენს და ტიტინში, შემდეგ კი სიტყვების წარმოთქმაში   გადაიზრდება.  წერით  მეტყველებას ბავშვი სასკოლო  ასაკში ეუფლება,  თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვს  ესაჭიროება წერითი მეტყველების ასათვისებლად მომზადება, წინაწერითი (გრაფიკული) უნარებისა და კითხვითი საბაზისო უნარების განვითარება. სფეროში – მეტყველების განვითარება - გაერთიანებულია ორი ქვესფერო: მეტყველება და წიგნიერება.


მეტყველება გულისხმობს ზეპირ მეტყველებას, ბავშვის უნარს, ერთი მხრივ, გამოთქვას თავისი შეხედულებები, ფიქრები, მეორე მხრივ, მოისმინოს და აღიქვას გარშემომყოფების ნათქვამი. ზეპირ მეტყველება  მოცავს: რეცეპციულ მეტყველებას (რა  ესმის), ექსპრესიულ  მეტყველებას (რისი თქმა შეუძლია) და პრაგმატულ  განვითარებას (რა სიტუაციაში და როგორ იყენებს ენის ცოდნას). გამოიყოფა მეტყველების სხვადასხვა ტიპები:

  • რეცეპციული მეტყველება გულისხმობს  მოსმენასა  და მოსმენილის გაგების უნარს.  ბავშვი მიუთითებს დასახელებულ საგანზე ან ასრულებს დასახელებულ მოქმედებას (უთითებს სად არის თოჯინა, სადა აქვს  ცხვირი; თხოვნაზე, დაუკრას ტაში, უკრავს ტაშს), ასე  იწყება რეცეპციული მეტყველების უნარის განვითარება. შემდგომში ბავშვის ლექსიკური მარაგი იზრდება, ესმის მეტი სიტყვის მნიშვნელობა, უვითარდება რთული გრამატიკული სტრუქტურისა და ვრცელი ტექსტის გაგების უნარი.
  • პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება მოიცავს ბავშვის უნარს სიტყვიერად გამოხატოს სხვადასხვა შინაარსი.  ბავშვი   იწყებს   ღუღუნს, ტიტინს, სიტყვების, ფრაზების  წარმოთქმას. თანდათან ბავშვი სულ უფრო მეტ სიტყვას იყენებს საუბრის დროს, აგებს რთულ გრამტიკულ და სინტაქსურ კონსტრუქციებს, ეუფლება გაბმულ მეტყველებას.
  • პრაგმატული განვითარება გულისხმობს დიალოგის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას, გასაგები კომუნიკაციისა და თხრობის უნარის გამომუშავებას.  რა  მიზნით და რა სიტუაციაში იყენებს ენას  ბავშვი? პრაგმატული განვითარება იწყება მოთხოვნილებისა და სურვილის გამოხატვით და სრულდება წარმატებული კომუნიკაციით. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალური და არავერბალური, ვერბალური  კომუნიკაცია მოიცავს შინაარსის სიტყვიერ გამოხატულებას, ხოლო არავერბალური კი - ჟესტიკულაციას – სახის გამომეტყველებას, სხეულის მოძრაობას, ინტონაციასა  და სხვა არასიტყვიერ მახასიათებლებს. წარმატებული ურთიერთობის დროს მოსაუბრე  სათქმელის ჩამოყალიბებისას ითვალისწინებს მსმენელის ინტერესებს და იმ სიტუაციას, რომელშიც მიმდინარეობს მათი  ურთიერთობა. თავის მხრივ, მსმენელი ცდილობს ჩასწვდეს  არა მარტო სიტყვების მნიშვნელობას, საუბრის თემას,  არამედ მოსაუბის მიზანიც ამოიცნოს.

წიგნიერება გულისხმობს წერითი მეტყველების დაუფლებისათვის მომზადებას, წერა-კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბავშვის გათვითცნობიერებას იმ საკითხებში, თუ როგორ და რა მიზნით გამოიყენება ნაბეჭდი მასალა. აღნიშნული ქვესფერო აერთიანებს წერისა და კითხვის მიმართულებას:

  • კითხვის  მიმართულება  ემსახურება იმ საბაზისო უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს უწყობს შემდგომში კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას (მაგ.: მეტყველების ნაკადში ბგერებისა და სიტყვების გამორჩევის (ფონოლოგიური) უნარები, ნაბეჭდ მასალასთან მოპყრობის ჩვევა). კითხვის დროს ადამიანი იღებს ინფორმაციას სხვადასხვა დანიშნულების ტექსტებიდან. როდესაც ბავშვს მხატვრულ ლიტერატურას უკითხავენ, უნდა შეეძლოს ესთეტიკური სიამოვნების განცდა; როდესაც საგანმანათლებლო ტექსტებს აცნობენ, შემეცნებითი ინფორმაციის მიღება უნდა შეძლოს, ხოლო, თუ წერილობით ინსტრუქციას გააცნობენ, ამ უკანასკნელის შესაბამისად მოქმედება უნდა შეძლოს.
  • წერის მიმართულება  ემსახურება  წინაწერითი (გრაფიკული) უნარების განვითარებას: ხელით ზუსტი მოძრაობების შესრულებას, იმის  გათავისებას, რომ ნაწერი სიტყვებისაგან  შედგება და რაღაცას აუცილებლად აღნიშნავს.

  

ძირითადი სტრატეგიები:

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი ახასიათებს. ყველა ბავშვი საჭიროებს სიყვარულს, მზრუნველობასა და განვითარების ხელშეწყობას. მეტყველების, კომუნიკაციისა და წიგნიერების განვითარების  ხელშეწყობისათვის ყველა ბავშვთან დაბადებიდან სკოლაში შესვლამდე საჭიროა შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:

  • ბავშვის საუბრისა და ურთიერთობის წახალისება. ხშირი საუბარი და ურთიერთობა ბავშვთან. საუბრისას სახის გამომეტყველების, ჟესტების, ინტონაციის გამოყენება და მარტივი და გამართული ენით საუბარი;
  • ურთიერთობის დადებითი მაგალითის მიცემა, კომუნიკაციის ძირითადი სოციალური ნორმების დაცვა;
  • ნატიფი მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა სპეციალურ გასაფერადებელთა გაფერადებით, ხატვით, ძერწვით, მოზაიკის აწყობით და სხვ.;
  • წიგნიერების (კითხვის, წერის) დადებითი მაგალითის მიცემა. დასურათებული წიგნების დათვალიერება, წიგნების წაკითხვა, ბავშვთან თამაში დასურათებული კუბურებით, რომლებზეც ნახატთან ერთად შესაბამისი ასოა გამოხატული;
  • უზრუნველყოფა იმ  მასალითა  და  სათამაშოებით (სახატავი საშუალებებით,  პლასტილინით, წიგნებით, გასაფერადებლებით, ასაწყობებითა და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • იმ  ოჯახებში, რომლებშიც ქართული მეორე ენაა, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებმა ხელი შეუწყონ იმ მარტივი ქართული სიტყვების სწავლებას, რომლებიც ყოველდღიურ ურთიერთობაში გამოიყენება.