სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში ადამიანის სხეული მუდმივად და  მნიშვნელოვნად იცვლება. ეს ცვლილებები გამოიხატება არა მხოლოდ ბავშვის სიმაღლეში ზრდასა და სხულის მასის მატებაში, არამედ მისი  აღნაგობისა და პროპორციების ცვლილებებში, კოორდინაციის უნარისა და მოძრაობის დახვეწაში.

ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მისი  ადეკვატური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ქვემოთ წარმოდგენილ სფეროში ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება გაერთიანებულია შემდეგი ქვესფეროები: 

  • მოტორული განვითარება
  • ფიზიკური განვითარება
  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა  თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ  უხეშ  და წვრილ, ანუ დახვეწილ მოტორიკასა და სენსომოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს.

  • მსხვილი  მოტორიკა (უხეში მოტორიკა) არის  ბავშვის უნარი, აკონტროლოს  კიდურები და მსხვილი კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თავის დაჭერას, ჯდომას,  სიარულს, სირბილსა და სხვა.
  • წვრილი მოტორიკა (ნატიფი მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი, თხელი კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები და თვალის სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც განსაზღვრავენ მხედველობის მიმართულებას), რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თვალი გააყოლოს საგნებს, მოეჭიდოს სათამაშოს და სხვა.
  • სენსომოტორული (მგრძნობელობით-მოძრაობითი) ჩვევები გამოხატავს ბავშვის უნარს, გრძნობათა ორგანოების  (მხედველობის, ყნოსვის, სმენის, გემოვნების, შეხების) გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოძრაობები, შეძლოს კოორდინირება და გარემოს აღქმა თუ შეცნობა. სენსორულ-მოტორული  განვითარების  ერთ-ერთი  საკვანძო  ასპექტია თვალისა  და  ხელის კოორდინაცია.
  •  ბავშვის მოტორული განვითარება 3 ძირითად კანონზომიერებას ეფუძნება:
  • მოძრაობის უნარის განვითარება, რომელიც იწყება ზემოდან ქვევით, ანუ თავიდან ფეხებისაკენ (კრანიოკაუდალური მიმართულება). ჯერ იწყება მზერის ფიქსაცია, შემდეგ - თვალის კოორდინირებული მოძრაობა, თავის დაჭერა, მერე – ზედა კიდურების, ტანისა და ბოლოს ქვედა კიდურების მოძრაობა.
  • მოძრაობითი უნარების განვითარება მიმდინარეობს ცენტრიდან პერიფერიისაკენ ანუ განშტოებებისაკენ (პროქსიმოდისტალური). თავდაპირველად იხვეწება იმ კუნთების მოძრაობა, რომლებიც სხეულის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. ამდენად, ადამიანი ჯერ სწავლობს თავის დაჭერას და შემდეგ ვითარდება ხელის ტაცების მოძრაობა.
  • მსხვილი  (უხეში) და წვრილი (ნატიფი) მოტორიკის პროგრესირებადი, მზარდი განვითარება გულისხმობს არაკოორდინირებული, მარტივი მოძრაობების თანდათანობით სპეციფიკური და რთული მოძრაობებით შეცვლას.

ფიზიკური განვითარება ზრდის დინამიკური პროცესია, რომელიც დამოკიდებულია, ერთი მხრივ გენეტიკურ, ხოლო, მეორე მხრივ, გარემო ფაქტორებზე. ზრდის დინამიკური პროცესი გულისხმობს სხეულის მასის, სიგრძის, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობების მატებას, სხეულის ცალკეული ნაწილის პროპორციების ჩამოყალიბებასა და ბავშვის ორგანიზმის ბიოლო­ გიურ მომწიფებას.

 მართალია, ბავშვის ფიზიკური ჩვევები და უნარები გარკვეული კანონზომიერებით ვითარდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და განვითარების ტემპიც ინდივიდუალური აქვს. მაგალითად, ბავშვების მცირე ნაწილმა შეიძლება საერთოდ გამოტოვოს

"ცოცვის" ეტაპი და პირდაპირ დგომასა და სიარულზე გადავიდეს.

 

ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პირადი ჰიგიენისა და მოვლის საბაზისო უნარ-ჩვევების ცოდნაზე. კარგი ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა განაპირობებს ბავშვის ენერგიულობას, ძალას, ამტანობასა და მოქნილობას. ეს საშუალებას

აძლევს ბავშვს, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში, გამოხატოს ინტერესი, მოახდინოს ყურადღების

კონცენტრაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში. 

 

უსაფრთხოება ფიზიკური კეთილდღეობის სრულყოფილების მნიშვნელოვანი ასპექტია.

უსაფრთხოებისათვის აუცილებელია ორი პირობის შესრულება. ესენია:

  •  ბავშვის დაცვა ზიანის მომტანი სხვადასხვა ნივთიერებისა და სიტუაციის ზემოქმედებისაგან;
  • ბავშვისათვის იმის სწავლება, თუ როგორ მოერიდოს სახიფათო ნივთს და როგორ აიცილოს თავიდან სხვადასხვა საშიში სიტუაცია.

ამ უნარების განვითარებისათვის ბავშვმა უნდა ისწავლოს უსაფრთხოების წესები და რეგულაციები, ანუ მოძრაობების წარმართვა. უნდა იცოდეს, როდის და როგორ ითხოვოს დახმარება და გაიაზროს, რომ არსებობს ზღვარი უსაფრთხოებასა და საშიშროებას შორის.

  

ძირითადი სტრატეგიები:

მშობლებმა და მომვლელებმა ხელი უნდა შეუწყონ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ ზრდასა და განვითარებას, რათა მან გამოავლინოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახისა და გარემოს თავისებურებებისა თუ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად.

ფიზიკური კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და მოტორული განვითარების ხელშეწყობისათვის ყველა ბავშვთან, დაბადებიდან სკოლაში შესვლამდე, საჭიროა შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:

  • აუცილებელი, ყველასათვის დადგენილი და მისაღები სამედიცინო მომსახურება და ვაქცინაციის უზრუნველყოფა;
  • ადეკვატური, ასაკის შესაბამისი კვება;
  • განვითარების სტიმულაცია, ანუ ხელშეწყობა და წახალისება;
  • სხვადასხვა თამაშისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
  • ადეკვატური, შესაბამისი გარემო პირობების შექმნა შინ და გარეთ;
  • ბავშვის სათამაშო  გარემოში უსაფრთხოების პრინციპების დაცვა;
  • სიტყვიერი,  მხედველობითი  და ფიზიკური მინიშნებების გამოყენება,  რათა ბავშვი  მიხვდეს, რა უნდა გააკეთოს;
  • ბავშვის სურვილების გათვალისწინება და მისი  აზრებისა და ემოციის პატივისცემა.