თავი XLVIII

  საგნობრივი პროგრამა მუსიკაში


ზოგადი ნაწილი 

შესავალი

მუსიკა მოსწავლის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. იგი ამდიდრებს მის სულიერ სამყაროს, უყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას სიკეთის, სილამაზის მიმართ. მუსიკა აზიარებს მოსწავლეს ზოგადასაკაცობრიო ღირებულებებს და, ამავდროულად, ხელს უწყობს  ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. მუსიკას, ემოციურ ხასიათთან ერთად, შემეცნებითი ფუნქციაც აქვს და მისი შესწავლა ხელს უწყობს არა მარტო ასოციაციური, არამედ ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების განვითარებასაც. ამასთან, მუსიკა აჩვევს მოსწავლეს გუნდურ მუშაობას, წესრიგს, დისციპლინას. გარდა ამისა, როგორც საკუთარი დამწერლობის მქონე საკომუნიკაციო ენა, მუსიკა მოსწავლეს უქმნის ნებისმიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს.