მუსიკის სწავლების  მიმართულებების აღწერა

მუსიკის სწავლება   სამი  მიმართულებით იშლება:

  1. პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
  2. კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია;
  3. მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში.

სწავლება ყველა მიმართულების ფარგლებში მიმდინარეობს პარალელურად და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში.

პრაქტიკული უნარ-ჩვევები

მ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ და ჩამო­უ­ყალიბ­დე­ბათ პრაქტიკული ჩვევები, რომლებიც მათი შემოქმედებითი უნა­რების გახსნასა და ამოქ­მე­დე­ბას ემსახურება.

მოსწავლეები გადმოსცემენ მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების ემოციურ-სახეობრივ შინაარსს, ან თავიანთ გარემოში მიღებულ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს. ამისათვის არჩევენ და იყენებენ გამოხატვის შესაფერის ფორმებს და გამომსახველობით ხერხებს, რომლებსაც მუსიკის გაკვეთილზე გაეცნენ. გარდა ამისა, მუსიკის გაკვეთილზე მოსწავლეები ეუფლებიან დაგეგმვის, ორგანიზების, ჯგუფური მუშაობის ჩვევებს.

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

მუსიკა, რომელიც აღიარებულია საკომუნიკაციო ენად, მრავალგვარი და მრავალჯერადი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეჩვევიან მუსიკის მოსმენას, შეფასებას, აზრის ნათლად გამოთქმას, საკუთარი შეხედულების დასაბუთებას კამათის, მსჯელობის დროს შესაფერისი წიგნიერი ენითა და ქცევის ნორმების დაცვით, ეუფლებიან ასევე კოლექტიური მუშაობის მეთოდებს, უვითარდებათ შეფასებისა და თვითშეფასების უნარი. მოსწავლეები ესწრებიან და მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში. სწავლობენ, რომ მუსიკალური/ხელოვნების ნაწარმოები ყოველთვის გამოხატავს გარკვეულ იდეას.

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას მოსმენილი ნაწარმოებების - ქართული (ხალხური და პროფესიული) და მსოფლიო მუსიკალური კულტურის ცნობილი ნიმუშების შესახებ და აკავშირებენ მათ კულტურულ და ისტორიულ კონტექსტთან. ეს ინფორმაცია სხვადასხვა ხერხით უკავშირდება ყოველდღიურ მოვლენებს, მოსწავლეების გამოცდილებას. ისინი ეცნობიან  ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის წარმომადგენლებს – კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს,  მუსიკალურ საკრავებს,  სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივს.