მუსიკის სწავლების მიზნები და ამოცანები           

მუსიკის სწავლების  მიზანია:

  • მოსწავლის ჩამოყალიბება განათლებულ, კულტურულ ადამიანად, მისთვის მუსიკის სფეროში შესაბამისი ცოდნის მიცემის გზით;
  • მოსწავლის მხატვრულ-მუსიკალური აღზრდა ხალხური და კლასიკური მუსიკის  ნიმუშების გაცნობის გზით;
  • მისი ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში და ამისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება.

ამ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ცეკვის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

  • მუსიკის მოსმენის ჩვევის ჩამოყალიბება; 
  • მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა და მუსიკალურ ხელოვნებაზე მსჯელობის უნარის გამომუშავება;
  • წარმოსახვით-ასოციაციური აზროვნების განვითარება;
  • მუსიკალური სმენისა და მეხსიერების, რიტმის გრძნობის  განვითარება;
  • მუსიკალური დამწერლობის, როგორც უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალების შესწავლა.

 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის საგანი  მოსწავლისთვის ზოგადი და არა პროფესიული ცოდნის მიცემას ითვალისწინებს. ყველა ბავშვს განსხვავებული მუსიკალური მონაცემები აქვს, ამიტომ კურსის სხვადასხვა მიმართულება  მოსწავლეს საკუთარი ინტერესების განვითარებისა და წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

     მუსიკის ასოციაციური ბუნება ხელს უწყობს საგნის ინტეგრაციას სხვა დისციპლინებთან, მაგალითად, ვიზუალურ, თეატრალურ ხელოვნებასთან, ცეკვასთან, პოეზიასთან, მხატვრულ ლიტერატურასთან, ისტორიასთან, მათე­მა­ტი­კასთან, ინფორმატიკასთან, ფიზიკასთან და ა. შ. რაც სასწავლო პროცესს მიმზიდველობას ანიჭებს.