მოვლენის/პერსონაჟის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების წარმოდგენა წერილობითი სახით.

 

აქტივობის შესახებ

აქტივობა კომპლექსური სახისაა - იგი ფარავს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს.

აქტივობა ემსახურება ტექსტის ანალიზის, ინფორმაცის მოძიებისა და დახარისხების საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის  მიზნები

  • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
  • ტექსტში არსებული ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება;
  • ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

კალამი, რვეული, დაფა, ცარცი/მარკერი.

 

აქტივობის აღწერა

წაკითხვის შემდეგ ტექსტი ჯერ მუშავდება ზეპირმეტყველების დონეზე - პერსონაჟისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე მუშაობა წარმოებს კითხვა-პასუხის მეშვეობით. მაგ., მასწავლებელი დასვამს შეკითხვას: ”როგორი ბიჭი იყო ვანო?” (მოთხრობა “სწავლაში ზარმაცი, ცეკვაში მამაცი”),  ან ”როგორია ზამთარი?” (მოთხრობა “ზამთარი”). კლასი პასუხობს მასწავლებლის შეკითხვებს.

ამ მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების მემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რვეულში ჩაიწერონ ორი-სამი ნიშან-თვისება, რომელიც პერსონაჟს/მოვლენას ახასიათებს და შექმნან გმირის/მოვლენის დახასიათების ერთგვარი სქემა, რომლის ნიმუში დაფაზე იქნება დაწერილი.

 

ნიმუში 

ვანო  იყო ზარმაცი მხიარული ან ზამთარი არის ცივი თეთრი სუსხიანი 

აქტივობა შეიძლება დასრულდეს ისევ ზეპირი სამუშაოს შესრულებით. კერძოდ, წერის დასრულების შემდეგ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს სთხოვოს, ხმამაღლა წაიკითხონ თავიანთი ჩანაწერები და ზეპირმეტყველების დონეზე დაასაბუთონ, ერთგვარად ახსნან ისინი.

ამ მიზნით მასწავლებელი სვამს სათანადო შეკითხვებს. მაგ., ”რატომ გგონია, რომ ვანო სულელი/ზარმაცი/მხიარული იყო?” ან ”რატომ არის ზამთარი თეთრი/სუსხიანი/ცივი?”

აქტივობის ხანგრძლივობა: 15  წუთი.

 

შეფასება

  • აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს ტექსტის გაანალიზება;
  • ტექსტში არსებული ინფორმაციის დახარისხება მოცემული ამოცანის შესაბამისად;
  • საკუთარი თვალსაზრისის შემუშავება და დამოუკიდებლად ჩაწერა
  • აზრის ჩამოყალიბება ზეპირი გზით;
  • საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთება.