მოვლენათა განვითარება.

აქტივობის შესახებ

წარმოდგენილი მეთოდი, რომელიც გულისხმობს გრაფიკული მაორგანიზებლის, კერძოდ, მოვლენათა რიგის სქემის შევსებას, დაეხმარება მოსწავლეებს დაინახონ და აღიქვან მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ტექსტში გადმოცემულ ფაქტებსა თუ მოვლენებს შორის.

 

აქტივობის მინები

 მოსწავლეები

  1. გაიაზრებენ წაკითხული ტექსტის შინაარსს;
  2. ამოკრებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას;
  3. დაინახავენ ფაქტებს და მოვლენებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.

 

რესურსები

არამხატვრული საინფორმაციო ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტი, ფურცელზე ამობეჭდილი გრაფიკული მაორგანიზებლის ასლები.

 

აქტივობის აღწერა

როდესაც მოსწავლეები კითხულობენ ისეთ ტექსტს, რომელიც მოგვითხრობს რომელიმე ისტორიული ფაქტის თუ ეპოქის  შესახებ, აღწერს რაიმე პროცესს, ან გვაწვდის ინფორმაციას გარკვეული მოვლენის/მოვლენების შესახებ, მათ აუცილებლად სჭირდებათ დახმარება, რომ კარგად აღიქვან მოვლენათა თანამიმდევრობა და გამოიტანონ დასკვნები მათ შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ. ამისათვის საკითხავი/დასამუშავებელი ტექსტის შერჩევის შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეებს ამგვარი გრაფიკული მაორგანიზებელი:

 

გრაფიკული მაორგანიზებელი

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რა პრინციპით ივსება ეს  სქემა. მარცხენა მხარეს, ქვემოთკენ მიმართულ ისრებში მათ უნდა ჩაწერონ ძირითადი მოვლენის/ფაქტის აღმნიშვნელი ძალიან მოკლე ფრაზები, ან შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ საკვანძო

სიტყვები. მარჯვენა მხარეს კი მოსწავლეებმა უნდა შეაჯამონ ეს  მოვლენები და მიუთითონ, რა სახის მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია მათ შორის.

 

შეფასება

ამ აქტივობით შეიძლება შეფასდეს, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • წაკითხულ ტექსტში ძირითადი ფაქტების, მოვლენების მოძიება და ამოკრება;
  • ფაქტების/მოვლენების  სახელდება;
  • მათი გააზრება და შეჯამება;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა ტექსტში აღწერილ ფაქტებსა თუ მოვ- ლენებს შორის;
  • წაკითხულ ტექსტში მოვლენათა თანამიმდევრობის აღქმა.

 

მეთოდური მითითება

სქემის მარჯვენა ნაწილის შევსებისას მოსწავლეებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. სქემის შევსების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება უნდა მიეცეთ, იმსჯელონ, შეაჯამონ მთლიანი ტექსტი, ასევე დააკავშირონ იგი სხვა ტექსტებთან და/ან პირად გამოცდილებასთან.