მოსწავლე მასწავლებელი

WordSection1">

აქტივობის  შესახებ

მეოთხეკლასელები  უკვე  საკმაოდ  გამოცდილი  მკითხველები არიან.  მათ წაკითხული აქვთ არაერთი სხვადასხვა ჟანრის მხატვრული თხზულება: მოთხრობები, ლექსები, იგავ-არაკები, თქმულებები, ხალხური და ლიტერატურული ზღაპრები. ამ ტიპის  ტექსტები მოსწავლეებისთვის  საკმაოდ  კარგადაა ნაცნობი. ცხადია, მათ უკვე თავისუფლად უნდა შეძლონ, ამოიცნონ მათთვის ნაცნობი ჟანრის ტექსტების ზოგიერთი მახასიათებელი და შეადარონ ისინი ერთმანეთს. ეს აქტივობა სწორედ ამ გამოცდილების გაქტიურებას, მის სისტემატიზაციას, ასევე ახალი მახასიათებლების გაცნობას უწყობს ხელს.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები

1. გასცემენ პასუხს კითხვებზე და მათ საფუძველზე დააკვირდებიან ზღაპრის ჟანრულ მახასიათებლებს;

2.  შეადარებენ ერთმანეთს წაკითხულ ტექსტებს;

3.  განზოგადების საფუძველზე გამოიტანენ სათანადო დასკვნებს;

4.   აუხსნიან/გაუზიარებენ თავიანთ დასკვნებს აუდიტორიას;

5.   მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ მუშაობაში;

WordSection2" style="text-align: justify;">

6.   იმუშავებენ  დამოუკიდებლად.


რესურსები

ქუდი/პატარა ტომარა, ბარათები, დაფა, ცარცი/ბორდმარკერი.


აქტივობის აღწერა

1. ზღაპრის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი რამდენიმე წუთს აძლევს მოსწავლეებს და სთხოვს, კიდევ ერთხელ, დამოუკიდებლად დააკვირდნენ ტექსტს და დაფიქრდნენ, რა განასხვავებს მას უკვე წაკითხული სხვა ნაწარმოებებისგან, მაგ., მოთხრობისგან, იგავ-არაკისგან, ლექსისგან. შენიშვნა: შესაძლებელია მასწავლებელმა დაუსახელოს მათ კონკრეტული ნაწარმოებები, რომლებიც ცოტა ხნით ადრე შეისწავლეს.

2. მასწავლებელმა წინასწარ უნდა გაამზადოს ბარათები, რომლებზეც წერია კითხვები ზღაპრის შესახებ. მაგ., ბარათი ¹1: ”რა სიტყვებით იწყება ზღაპარი? რა სიტყვებით მთავრდება?” ბარათი ¹2: ”ჩამოთვალე ზღაპრის პერსონაჟები. არსებობენ თუ არა ასეთი არსებები?” ბარათი ¹3: ”როგორია მთავარი გმირი? რა არის გმირის მიზანი? გახსენდებათ სხვა ნაწარმოები, რომელშიც გმირებს ასეთი ან ამის მსგავსი მიზანი აქვთ?”  ბარათი ¹4: ”ვინ გაიმარჯვა ზღაპარში? ყოველთვის ასე ხდება ნაწარმოებებში, რომლებსაც თქვენ კითხულობთ?” ეს კითხვები ერთგვარი ორიენტირების როლს ასრულებს.

3. მასწავლებელი ყრის ბარათებს ქუდში ან პატარა ტომარაში, ყოფს კლასს ჯუფებად  და სთხოვს თითოეული ჯგუფის წარმომადგენელს, ამოიღოს თითო ბარათი. აძლევს მითითებას, რომ თავიანთი პასუხები მიხედვით ამოიცნონ ზღაპრის კონკრეტული მახასიათებელი და შემდეგ აუხსნან თანაკლასელებს.

4. ჯგუფები პასუხს სცემენ ბარათზე მოცემულ კითხვებს.

5. ყველა  ჯგუფიდან  რიგრიგობით გამოდის  თითო მოსწავლე,  რომელიც  მასწავლებლის როლს ირგებს და ცდილობს აუხსნას კლასს ზღაპრის  ერთ-ერთი მახასიათებელი. შენიშვნა: აქტივობის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასწავლებლის მონაწილეობა. მას შეუძლია დამხმარე კითხვებისა და რეპლიკების საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში,  სწორ კალაპოტში ჩააყენოს ”მასწავლებლის” მსჯელობა.

6. სამუშაოს შეჯამების მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით დაფა- ზე დასკვნების სახით ჩამოწერს ზღაპრის ჟანრულ მახასიათებლებს. მაგ.:

1)  ზღაპრების უმეტესობა იწყება სიტყვებით: ”იყო და არა იყო რა...” და მთავრდება ასე: ”ჭირი - იქა, ლხინი - აქა, ქატო - იქა, ფქვილი - აქა...”

2) ზღაპრის პერსონაჟები ხშირად არიან ისეთი არსებები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ.

3) მთავარი გმირი ყოველთვის კეთილია. გმირის მიზანი ზღაპარში არის დევის ან გველეშაპის დამარცხება, სატრფოს დახსნა და სხვ.

4)  ზღაპარში ყოველთვის კეთილი იმარჯვებს. მოსწავლეები რვეულში ჩაიწერენ ამ თეზისებს.


შეფასება

ეს  აქტივობა კომპლექსურია და კითხვასთან ერთად, ზეპირმეტყველების მიმართულებასაც მოიცავს. იგი აქტიური სწავლების პრინციპზეა აგებული და,  ამდენად, მეტად მიზანშეწონილია განმავითარებელი შეფასების გამოყენება. ამ აქტივობის მიმდინა- რეობისას ფასდება, რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს

  • ტექსტის ენობრივი, სტრუქტურული და შინაარსობრივი მახასიათებლების იდენტიფიცირება;
  • წაკითხულის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან;
  • წაკითხულის შედარება მისთვის ნაცნობ ტექსტებთან და მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე მსჯელობა;
  • საკითხის დამუშავების საფუძველზე დასკვნების გამოტანა;
  • აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და საკუთარი შეხედულების გაზიარება;
  • აზრის გამართულად, ლოგიკურად ჩამოყალიბება;
  • ჯგუფური მუშაობა.

მეთოდური მითითება

ამგვარი აქტივობების გამოყენება, ბუნებრივია, თავისუფლად არის შესაძლებელი უფრო მაღალ კლასებში, სხვა  ჟანრის  ნაწარმოებების მახასიათებლებზე დასაკვირვებლადაც. მოსახერხებელი იქნება მისი ადაპტირება VI.8. შედეგის მისაღწევადაც.