მოსაწვევი ბარათი.

WordSection1">

აქტივობის მიზნები

  • ინფორმაციული ტექსტის (მოსაწვევი ბარათის) ძირითადი ენობრივი და სტილისტური მახასიათებლების გაცნობა;
  • ინფორმაციის ორგანიზებისა და წერილობით წარმოდგენის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

მთელი კლასის მონაწილეობით (პირველი ნაწილი), ინდივიდუალური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები

კალამი, რვეული, სანიმუშოდ შერჩეული მოსაწვევი  ბარათი/ბარათები, საწერი ფურცლები ან ბარათები, ფერადი ფანქრები, აპლიკაციები.

 

აქტივობის აღწერა

ამა თუ იმ სპექტაკლის ან პრეზენტაციის მომზადების პერიოდში, მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, მოამზადონ მოსაწვევი  ბარათები ღონისძიებაზე დამსწრები სტუმრებისთვის (ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებლებისთვის, მეგობრებისთვის, მისთ.). მასწავლებელი გაესაუბრება ბავშვებს  მოსაწვევი  ბარათის რაობაზე; განუმარტავს

მათ, რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მოსაწვევ ბარათზე (მიმართვა, ღონისძიების დასახელება, ღონისძიების ადგილი, დრო, ორგანიზატორის ვინაობა, თხოვნა დასწრების თაობაზე, სხვ.). მოდელის საჩვენებლად მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს მოსაწვევი ბარათის ნიმუშს, გაამახვილებს მათს ყურადღებას მოსაწვევი ბარათის ენობრივ-გრამატიკულ და სტილურ მახასიათებლებზე (მრავლობითი რიცხვის ფორმები, თავაზიანობის გამომხატველი ლექსიკა, მისთ.).

შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს, რა სახის ინფორმაციაა საჭირო მოსაწვევი ბარათის შესადგენად და შესთავაზებს ბავშვებს,  ერთად დაწერონ დაგეგმილ ღონისძიებაზე მოსაწვევი ბარათის ტექსტი. ბარათის ტექსტი იწერება ნაბიჯ-ნაბიჯ, მოსწავლეთა უშუალო თანამონაწილეობით. ტექსტის დასრულების შემდეგ  მასწავლებელი  სთხოვს ბავშვებს,  რვეულებში გადაიწერონ იგი.

ბოლოს, მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, დაამზადონ მოსაწვევი ბარათები. ამისთვის მათ რვეულში ჩაწერილი ტექსტი ფურცლებზე/ბარათებზე უნდა გადაწერონ და, სურვილისამებრ, გააფორმონ იგი ნახატით, ფოტოთი თუ აპლიკაციით. თითოეული მოსწავლე დაამზადებს ერთ-ორ მოსაწვევ ბარათს თავისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, მასწავლებლისთვის, სხვ. (მან თავად უნდა გადაწყვიტოს, ვისთვის დაამზადებს მოსაწვევს).

შემდეგ გაკვეთილზე მასწავლებელი დაათვალიერებს მოსწავლეების ნამუშევრებს, გაამხნევებს და წაახალისებს მათ პოზიტიური კომენტარებით. მოსწავლეების მიერ დამზადებული მოსაწვევები ღონისძიების  ჩატარებამდე გარკვეული  ხნით ადრე  დაურიგდებათ მოსაწვევ სტუმრებს.

 

შეფასება

 აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • საინფორმაციო ტექსტის ენობრივი და სტილისტური მახასიათებლების დადგენა;
  • ინფორმაციის დახარისხება და ორგანიზება;
  • შესაბამისი ენობრივი და სტილისტური მახასიათებლების სათანადოდ გამოყენება საინფორმაციო ტექსტის წერის დროს;
  • საინფორმაციო ტექსტის შედგენა მოდელის მიხედვით.

 

მეთოდური მითითება

გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის ტექსტებზე მუშაობა კონკრეტული კონტექსტის გარეშე ეფექტური არ არის. მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან, როცა იციან, რომ მათ ნაშრომს, მასწავლებლის გარდა, სხვაც გაეცნობა. ამიტომ სასურველია, რომ მოსაწვევი ბარათის შედგენაზე მუშაობა დაკავშირებული იყოს რაიმე კონკრეტულ ღონისძიებასთან.

 

კავშირი სხვა   საგნებთან

აქტივობა ინტეგრირებულია სახვით და  გამოყენებით ხელოვნებასთან.