მხატვრული კითხვის დღე.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ამ ტიპის აქტივობების გამოყენება შესაძლებელია VI კლასში შესაბამისი შედეგის მისაღწევად (იხ. შედეგი VI.6.).

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

  1. წარმოაჩენენ, შეუძლიათ თუ არა გამართულად კითხვა;
  2. წარმოაჩენენ, გაიგეს თუ არა ტექსტის შინაარსი;
  3. ივარჯიშებენ გამომეტყველებით კითხვაში;
  4. დააკვირდებიან და შეაფასებენ თანაკლასელების ხმამაღალი კითხვის უნარს;
  5. სხვის (თანაკლასელის, მასწავლებლის, მოწვეული სტუმრის) მაგალითზე დახვეწავენ საკუთარი კითხვის უნარებს.

 

რესურსები

საბავშვო წიგნები.

 

აქტივობის აღწერა

საგანგებოდ შერჩეულ დღეს კლასში  ცხადდება “მხატვრული კითხვის დღე”. მოსწავლეებს სახლიდან მოაქვთ  თავიანთი საყვარელი წიგნები და თანაკლასელებს

გამოთქმით და საჭირო აქცენტების დასმით უკითხავენ მცირე ზომის ლექსებსა და მოთხრობებს. სასურველია, რომ მასწავლებელმაც წაუკითხოს ბავშვებს  მის მიერ შერჩეული ლექსი ან მოთხრობის ნაწყვეტი. ასევე, შესაძლებელია ე.წ. „საავტორო სკამის“  მეთოდის გამოყენებაც, როდესაც გამომსვლელი/მკითხველი დაბრძანდება ოთახის შუაგულში ან მერხების წინ საგანგებოდ დადგმულ სკამზე და ისე უკითხავს ნაწარმოების ნაწყვეტს თანაკლასელებს. მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ გამომსვლელს და ცდილობენ შეაფასონ, რა მოეწონათ და რა - არა, მაგალითად, ცვლიდა თუ არა მკითხველი ინტონაციას მოდალობის მიხედვით, შეძლო თუ არა მან ნაწარმოების/პერსონაჟთა განწყობის გადმოცემა, აკეთებდა თუ არა პაუზებს საჭირო ადგილას, იყენებდა თუ არა ჟესტსა და მიმიკას და ა.შ.

შესაძლებელია, ამ დღეს სკოლაში მოიწვიონ რომელიმე საბავშვო მწერალი, რომელიც წაუკითხავს თავის ნაწარმოებს ბავშვებს, ან თუნდაც მსახიობი სტუდენტი, რომელიც აჩვენებს ბავშვებს მხატვრული კითხვის მაგალითს.

 

შეფასება

  • ამგვარი აქტივობით ფასდება, ესმის  თუ არა მოსწავლეს ტექსტის შინაარსი, ასევე, შეუძლია თუ არა მას ხმამაღლა და გამართულად წაუკითხოს მსმენელს შერჩეული ნაწყვეტი ნაცნობი ტექსტიდან;
  • გამომეტყველებით კითხვა;
  • ხმამაღლა კითხვის დროს შესაბამისი ინტონაციის შერჩევა;
  • ჟესტებისა და მიმიკის ადეკვატურად გამოყენება;
  • შეაფასოს თანაკლასელის კითხვა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.

 

მეთოდური მითითება

სასურველია, რომ ასეთ გაკვეთილებს ერთგვარი ტრადიციის სახე მიეცეს.