მე ვიცი, რომ...

რესურსი

 მიკროფონი ან მიკროფონს მიმსგავსებული საგანი.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებმა წინასწარ უნდა მოამზადონ საინტერესო ინფორმაცია მათთვის სასურველ საკითხზე. ამისათვის მათ უნდა მოუსმინონ შემეცნებით ტელეგადაცემას ან სთხოვონ უფროსებს, წაუკითხონ/უამბონ.  მაგალითად, ”მე ვიცი, რომ თბილისის ზოოპარკის სიამაყე თეთრი სპილოების ოჯახია. მათ დღეში ოთხჯერ სჭირდებათ  კვება. განსაკუთრებით საინტერესო სანახავია, როცა სპილოები წყლით თამაშობენ. ისინი ხორთუმებიდან წამოსული შხაპით ასველებენ ერთმანეთს.” თითოეულმა თავისი ინფორმაცია უნდა დაიწყოს ფრაზით: ”მე ვიცი, რომ...” პირველ მოსწავლეს, ვინც იწყებს ინფორმაციის  თანაკლასელებისათვის გაცნობას, დანარჩენები ყურადღებით უსმენენ. მასწავლებლის სიგნალის შემდეგ (გამოსვლისათვის დრო წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. მაგალითად, 3 წუთი თითოეულს) გამოსვლას დაიწყებს შემდეგი მოსწავლე. იმისათვის, რომ გამომსვლელის როლი იყოს უფრო თვალსაჩინო, შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ, ხელში დაიჭირონ სიმბოლური მიკროფონი, რომელსაც მასწავლებლის სიგნალის შემდეგ გადასცემს სხვა გამომსვლელს.

 

შეფასება

შეფასდება ფაქტების თანამიმდევრობით გადმოცემისა და ინფორმაციის მოძიების უნარი, ენობრივი გამართულობა, მკაფიო მეტყველება, წინადადების მოდალობის, შესაბამისი ლექსიკის, კავშირების ადეკვატურად გამოყენების უნარი.

 

მეთოდური მითითება

პირველ ეტაპზე მოსწავლეები თავლად ირჩევენ თემებს, საკითხს; შემდეგ მასწავლებელი თავად უსახელებს მოსწავლეებს თემას. სასურველია, წარმოდგენილი ინფორმაცია არ აღემატებოდეს 7–10 წინადადებას.


კავშირი სხვა  საგნებთან

ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.