ლექსის აწყობა

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ილუსტრაციების საშუალებით წასაკითხი ტექსტის სავარაუდო სიუჟეტზე დაფიქრება საკმაოდ აპრობირებული მეთოდია კითხვისთვის მზადების ეტაპზე. ამ ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ კითხვის, არამედ ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებასაც.

შენიშვნა: უნდა აღვნიშნოთ, რომ ნამდვილად არ აღმოჩნდა იოლი ქართველი ავტორის მიერ შექმნილი, სათანადოდ ილუსტრირებული ისეთი ნარატიული ლექსის მოძიება, რომელიც არც ერთ სახელმძღვანელოში არ არის შეტანილი. ამიტომ გადავწყვიტეთ, სანიმუშო აქტივობისათვის შეგვერჩია გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, ედგარ ალან პოს ცნობილი ლექსი „ანაბელ ლი“, რომლის არაერთი შესანიშნავი თარგმანი არსებობს ქართულ ენაზე. ამასთანავე, დავადგინეთ, რომ ამერიკულ სკოლებში ეს ლექსი სწორედ მოცემული ასაკობ- რივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი.


აქტივობის მიზანი

 მოსწავლეები

 

  1. დააკვირდებიან  ტექსტის ილუსტრაციებს  და შეეცდებიან მათი  დახმარებით ამოიცნონ ტექსტის შესაძლო შინაარსი და განწყობა;
  2. მოახერხებენ ტექსტის ვერბალური  და არავერბალური  ნაწილების  ერთმანეთთან დაკავშირებას;
  3. ზეპირად გამოთქვამენ ვარაუდებს წასაკითხ ტექსტთან დაკავშირებით;
  4. შეძლებენ შინაარსის ზეპირად გადმოცემას;
  5. შეძლებენ ილუსტრაციების ადეკვატურობის შეფასებას;
  6. შეძლებენ ტექსტის მთლიანი შინაარსის გაგებას;
  7. შეეჩვევიან მუშაობას დამოუკიდებლად, წყვილებში და ჯგუფებში;
  8. შეძლებენ საკლასო დისკუსიაში მონაწილეობას.

 

 

რესურსები

ფურცლები ილუსტრაციებით, ბარათები, რომლებზეც ამოწერილია/დაბეჭდილია ლექსის ნაწილები, მთლიანი ტექსტი/წიგნი.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს შესასწავლი ლექსის სათაურს და უხსნის მათ, რომ ანაბელ ლი არის საკუთარი სახელი. შენიშვნა: შესაძლებელია უკეთესი იყოს, თვითონ მოსწავლეები დაფიქრდენენ და დაადგინონ, რომელია სახელი და რომელი - გვარი, კაცის სახელია ანაბელ ლი თუ ქალის და ა.შ.

2. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგეებს  ფურცელზე დაბეჭდილ ილუსტრაციებს (იხ. ილუსტრაციები).

3. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ სურათებს,  დაფიქრდნენ, რა შეიძლება იყოს ამ ლექსის თემა. შენიშვნა: მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს საკმარისი დრო, რომ იფიქრონ. მთელ კლასთან მუშაობისას არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ სწრაფ პასუხებზე გათვლილი შეკითხვები დაისვას.

4. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან თავიანთი ვერსიები. დისკუსიაში მონაწილეობს მთელი კლასი. შენიშვნა: სასურველია, მასწავლებელმა წარმართოს და რეპლიკებისა თუ კომენტარების საშუალებით გარკვეულ კალაპოტში მოაქციოს ეს დისკუსია.

ილუსტრაციები

 ილუსტრაციები ილუსტრაციები 1

                                                                         ილუსტრაცია

5. მას შემდეგ,  რაც გამოიკვეთება ვერსია, რომელსაც ყველა ეთანხმება (და  რომელიც  იმდენად  ახლოს  არის ტექსტთან, რომ შესაძლებელია სწორად ჩაითვალოს), მასწავლებელი ყოფს კლასს 5-6 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად და ავალებს მათ, ილუსტრაციების მიხედვით ააგონ ნაწარმოების შინაარსი.

6. მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფის წარმომადგენელი მთელს კლასს უზიარებს შემუშავებულ ვერსიას. აქტივობის ეს ეტაპიც მთელი კლასის მონაწილეობას ითვალისწინებს. შენიშვნა:  ა) ზოგიერთმა ილუსტრაციამ შესაძლებელია დაბნეულობა გამოიწვიოს, მაგრამ მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს საშუალება, იკამათონ, იმსჯელონ, დაასაბუთონ თავიანთი შეხედულებები და გადაწყვეტილებები. ბ) აქტივობის წინა ეტაპის მსგავსად, სასურველია, მასწავლებელმა  წარმართოს ეს  დისკუსია და დამატებითი  კითხვების, მითითებებისა და კომენტარების საშუალებით მოსწავლეებს დაეხმაროს, მაქსიმალურად მიუ- ახლოვდნენ ნამდვილ ვერსიას.

7. ამის შემდეგ მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ნაწარმოებს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ თითოეულ ილუსტრაციასთან დაკავშირებულ სტროფებს/ნაწილებს, რომლებიც ამოწერილია ან დაბეჭდილია ბარათებზე. შენიშვნა: მასწავლებელმა წინასწარ უნდა დაყოს ლექსი ნაწილებად. რადგანაც ეს ლექსი სტანდარტული, ოთხსტრიქონიანი სტროფებისაგან არ შედგება, მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა რაოდენობის სტრიქონებისგან  შემდგარ  ნაწილებად  დაყოს იგი. ამ  შემთხვევაში მთავარია შინაარსობრივი დაყოფა და არა - ფორმალურ-სტრუქტურული.

ბარათების ნიმუშები.

 ბარათების ნიმუშები

8. ამის  შემდეგ  მოსწავლეები  მუშაობენ  წყვილებში.  მათი  ამოცანაა, შეუსაბამონ ტექსტის თითოეული ნაწილი შესაბამის ილუსტრაციას. შენიშვნა:  იმის  გათვალისწინებით, რომ მოსწავლეები პირველად კითხულობენ ლექსს, მასწავლებელმა საკმარისი დრო უნდა მისცეს მათ ამ დავალების შესასრულებლად.

9. წყვილები   წარმოადგენენ თავიანთ  ვერსიებს.  იწყება   განხილვა,   რომელშიც კვლავ მთელი კლასი მონაწილეობს. მოსწავლეები თანხმდებიან ერთ ვერსიაზე. შენიშვნა: რა თქმა უნდა, მასწავლებლის როლი ამ ეტაპზეც მნიშვნელოვანია.

10. დასასრულს მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს მთლიან ლექსს, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ გამოთქმით. ამის შემდეგ იწყებენ ტექსტის დამუშავებას.

 

ანაბელ ლი

ცხოვრობდა ზღვის პირას ლამაზი ასული სულ წინათ მრავალი წლის,

ეგება თქვენც გყავდეთ ოდესმე ნახული, ეძახდნენ ანაბელ ლის.

მასთან მაერთებდა მხოლოდ სიყვარული და თვით მაღმერთებდა ის.

 

მაშინ ბავშვი იყო, მეც ვიყავ ყმაწვილი, ო, წინათ მრავალი წლის...

და ეს სიყვარული ისე ზეაწვდილი გვხვდა მე და ანაბელ ლის,

რომ გაოცებული და შურით აღვსილი იყო სერაფიმი ცის.

 

ეს გახდა მიზეზი, რომ ის ყიამეთი

ჩამოწვა ნაპირზე ზღვის

და ქარი სუსხავდა, მქროლავი შავეთით, ჩემს ლამაზ ანაბელ ლის.

გახსნა ზენაარმა ლაჟვარდის კარედი და ზეცად მიიხმო მყის,

გაჩნდა გულისსწორის ბნელი საძვალეთი იმავე ნაპირზე ზღვის.

 

ავნი ანგელოზნი შურიან ლაციცით

რომ გადმოგვყურებდნენ ძირს,

ეს იყო მიზეზი (დიახ, კარგად იცის ყველამ ამ ნაპირზე ზღვის),

რისხვა ბნელეთიდან მოვარდნილ ქარიშხლის ვერ ასცდა ანაბელ ლის.

 

WordSection2" style="text-align: justify;">

ამ ტრფობით დავჯაბნეთ თვით ჩვენზე ხნიერნი, მზიდველნი მრავალი წლის,

ჩვენზე უბრძენესნი, ჩვენზე გონიერნი. და ვერც ანგელოზი ცის,

და ვერცა დემონი ზღვის,

ვერ გამყრის ვერარა, რაგინდ რა ძლიერი, ჩემს ძვირფას ანაბელ ლის.

 

მთვარე გზად მაცილებს, სატრფოსთან მაწყვილებს, მასიზმრებს ანაბელ ლის,

და მისთა თვალთა შუქს ჩემს სულში აბრწყინებს ვარსკვლავი, მაღლით რომ კრთის,

ყოველღამ მასთან ვარ, ვინც მე მათრთოლებდა, ყოველღამ საფლავში ვრჩები საცოლესთან, საფლავში ნაპირზე ზღვის,

ნაპირზე მღელვარე ზღვის.

 

 

შეფასება

აქტივობის მიმდინარეობისას მიზანშეწონილია განმავითარებელი შეფასების გამოყენება. ამ აქტივობით შეფასდება,

 

  • რამდენად აქტიურად  არის ჩართული  მოსწავლე  მუშაობაში  აქტივობის  ყველა ეტაპზე;
  • რამდენად აქვს მოსწავლეს განვითარებული ზეპირმეტყველებითი (სხვისი აზრის მოსმენის და გაზიარების, კამათის, საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბებისა და დასაბუთების) უნარები;
  • რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს ტექსტის არავერბალური ნაწილების ფუნქციურად გამოყენება;
  • რამდენად აქვს განვითარებული მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარ- ჩვევები;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს ურთიერთთანამშრომლობა.
 

 

მეთოდური მითითება

ეს აქტივობა გაკვეთილზე კითხვის მრავალი სტრატეგიის გამოყენების საშუალებას იძლევა. მათ შორისაა: ინდივიდუალური კითხვა, საზიარო კითხვა, ხმამაღალი კითხვა, წაკითხულის გააზრება, ზეპირმეტყველება: მოსმენა, ლაპარაკი, გამოთქმით კითხვა და დისკუსია.