თავი LXXXII

ერთმოდულიანი არჩევითი საგანი  ”კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები” 

საგნობრივი პროგრამა

X/XI/XII კლასი 

ზოგადი  ნაწილი 

შესავალი

ადამიანების აქტივობამ კაცობრიობა ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დააყენა. შედეგად,  იმ პოპულაციებისა და მცენარეთა და ცხოველთა სახეობების უმეტესი ნაწილი, რომლებზეც ადამიანი სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული, გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ბევრი მათგანი კი უკვე გადაშენდა კიდეც.  ადამიანთა პოპულაციის და  მათი საჭიროებების სწრაფი ზრდა ხელს უწყობს ეკოლოგიური კრიზისის გაღრმავებას.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადსაგადსაგანმანათლებლო სკოლა  მოსწავლეს აძლევდეს ისეთ ცოდნას და უყალიბდებდეს  ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომავალში, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნება. მოსწავლეებში აქტიური გარემოსდაცვითი პოზიციის ჩამოყალიბება კი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კონსერვაციული ბიოლოგია არის მეცნიერების ახალი მიმართულება. ის შეისწავლის ბიოლოგიური მარავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის გზებს; ბიოლოგიური რესურსების იმგვარად გამოყენებას, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს არსებულ ბიომრავალფეროვნებას.

კონსერვაციული ბიოლოგია ეფუძნება ბიოლოგიურ მეცნიერებებსა (ეკოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, გენეტიკა, ევოლუციური ბიოლოგია და სხვა) და ბუნებრივი რესურსების მართვის დარგებს.

ამასთან, კონსერვაციული ბიოლოგია მეცნიერების მკვეთრად გამოხატული ინტერდისციპლინარული დარგია, რაც იმით გამოიხატება, რომ აშკარაა კავშირი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან და ეთიკის საკითხებთან. კონსერვაციულ ბიოლოგიაში გამოიყენება კვლევის მეთოდები, რომლებიც მჭიდრო კავშირს ამყარებენ სხვა დარგებსა და დისციპლინებს შორის.