კონკურსი გამომსახველობით კითხვაში.

რესურსი

შეფასების კრიტერიუმების ქსეროასლები.

 

აქტივობი აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, მოაწყონ კონკურსი გამომსახველობით კითხვაში. კონკურსში მონაწილეობა პირველ ჯერზე, სასურველია, ნებაყოფლობითი იყოს. ის, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, იქნება შემფასებელთა ჯგუფში. ეს ჯგუფი ერთობლივად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს კონკურსის მონაწილეებს. შესაძლებელია, კონკურსი ჩატარდეს ორ ”ტურად”. ჯერ მონაწილეები კითხულობენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს, შემდეგ ტექსტს ირჩევენ საკუთარი სურვილით.

 

შეფასება

შეფასება შეიძლება მოხდეს იმის  მიხედვით, იყო თუ არა

  • ყველა სიტყვა მკაფიოდ წარმოთქმული;
  • გაკეთებული აქცენტი საკვანძო სიტყვებზე;
  • გადმოცემული ავტორისეული განწყობილება და გრძნობები;
  • სწორად გაგებული პუნქტუაცია;
  • ეფექტურად გამოყენებული ხმის ტონი;
  • შენარჩუნებული მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან;
  • შენარჩუნებული ზომიერება გრძნობების გამოხატვისას.

 

მეთოდური მითითება

სავარაუდოდ, იმ მოსწავლეების ნაწილი რომელიც არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, მომავალში დაინტერესდება და სხვების მაგალითით ჩაერთვება მასში. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები შეფასებისას დახვეწენ საკუთარ გემოვნებას, კიდევ  ერთხელ გაიაზრებენ წაკითხულს/მოსმენილს. იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო გაბედულად ჩაერთონ გამომსახველობითი კითხვის კონკურსში, რეკომენდებულია, ხშირად მოვასმენინოთ მათ ქართველ მსახიობთა მიერ წაკითხული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები და ვასაუბროთ შთაბეჭდილებებზე.