კითხვების დასმა.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ამ აქტივობის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ, თავად დასვან ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვები წაკითხულის გარშემო. კითხვების გენერირება კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლემ საფუძვლიანად გაიგოს და გაიაზროს ტექსტის შინაარსი.


აქტივობის მიზანი

 მოსწავლეები

1.  შეძლებენ ტექსტის გააზრებას;

2.  მოიფიქრებენ კითხვებს ტექსტის გარშემო;

3.  პასუხს გასცემენ დასმულ კითხვებს;

4. შეძლებენ დასმული კითხვების ადეკვატურობის შეფასებას.


რესურსები

არამხატვრული ტექსტი (დამატებითი საკითხავი წიგნიდან), დაფა, ცარცი/ბორდმარკერი.


აქტივობის აღწერა

მოსწავლეები კითხულობენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ არამხატვრულ ტექსტს. კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს კითხვით სიტყვებს: ვინ? რა? სად? როდის? როგორ? რატომ? მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას, რომ მათ წაკითხულ ტექსტზე დაყრდნობით მოიფიქრონ რაც შეიძლება მეტი კითხვა ჩამოთვლილი კითხვითი სიტყვების გამოყენებით. შესაძლებელია მასწავლებელმა კლასი დაყოს ჯგუფებად ან წყვილებად და აქტივობის ამ ეტაპს შეჯიბრის სახე მისცეს.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი აკითხებს მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილ კითხვებს და სხვა მოსწავლეებთან ერთად აფასებს მათ ადეკვატურობას. ბუნებრივია, ზოგიერთი კითხვა ამოვარდება ჩამონათვალიდან. ვარგის კითხვებს კი მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს.

ამის შემდეგ მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები კითხულობენ და ზეპირად პასუხობენ დაფაზე დაწერილ კითხვებს. შესაძლებელია ამ დავალების წერილობით შესრულებაც.


შეფასება

 ამ აქტივობით შეიძლება შევაფასოთ:

  • გაიგო თუ არა მოსწავლემ წაკითხული ტექსტის შინაარსი;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს ადეკვატური კითხვების მოფიქრება წაკითხულის გარშემო.


მეთოდური მითითება

რადგანაც სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტების უმეტესობას ახლავს შეკითხვების ბლოკი, სასურველია, მასწავლებელმა ამ აქტივობისთვის საჭირო ტექსტის მოსაძიებლად სხვა რესურსი გამოიყენოს.