იყო და არ იყო რა

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება ტექსტის ანალიზისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

  • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარების (ფანტაზიის/წარმოსახვის) განვითარება;
  • თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

ზღაპარი, საწერი კალმები, ფერადი ფანქრები, ადამიანური რესურსები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი საუბრობს ზღაპარებზე, მოსწავლეებს შეახსენებს მათთვის ცნობილ ზღაპრებს. შემდეგ მოკლედ მიმოიხილავს ზღაპრის  ძირითად  სტრუქტურას და მის ელემენტებს. ესენია: შესავალი (პერსონაჟები და მოქმედების ადგილი), სიუჟეტის განვითარება, კვანძის  შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა; შეახსენებს მოსწავლეებს ზღაპრისათვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილისტურ ნორმებს.

შემდეგ მასწავლებელი წაიკითხავს რამდენიმე აბზაცს შერჩეული ზღაპრის შუა ნაწილიდან და სთხოვს მოსწავლეებს, წარმოიდგინონ და დაწერონ, რა მოხდა ამ აბზაცებამდე, რა მოხდა ამ აბზაცების შემდეგ; აგრეთვე ზღაპრის შესავალი და დასკვნითი ნაწილები. მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ ”უკანა  მიმართულებით”: მოახდინონ თხრობის ნაკლული ნაწილის/ნაწილების  რეკონსტრუირება,  დაადგინონ თხრობის შესავსებად აუცილებელი კომპონენტები და, ამასთან, წარმოადგინონ ეს ადგილები ჟანრისათვის დამახიასიათებელი ენობრივ-სტილისტური ნორმების დაცვით. გასათვალისწინებელია, რომ აქტივობა მოსწავლეებისაგან მოითხოვს, ”მოერგონ” იმას, რაც აქვთ შეთავაზებული და იმუშაონ მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით. სურვილისამებრ, მოსწავლეებს შეუძლიათ დაასურათონ თავიანთი ნამუშევრები.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს მოსწავლეთა ნამუშევრებს.

ბოლოს მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ზღაპრის ორიგინალურ ტექსტს თავიდან ბოლომდე.

დასასრულს, შეიძლება გაიმართოს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რომელი ნამუშევარი დგას უფრო ახლოს ზღაპრის ორიგინალურ ტექსტთან. მოსწავლეები თვითონ იმსჯელებენ შედეგებზე, დაადგენენ, რომელი ზღაპარი გამოვიდა უფრო სრული, საინტერესო და/ან ორიგინალური.

აქტივობის ხანგრძლივობა: 15-17 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტის გაანალიზება  (სიუჟეტური ხაზის განსაზღვრა, ძირითადი სტრუქტურული ელემენტების დადგენა);
  • თხრობის ნაკლული ელემენტის/ელემენტების რეკონსტრუირება ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით და სათანადო ენობრივ-სტილისტური ნორმების გამოყენებით;
  • ავლენს თუ არა მოსწავლე ფანტაზიის/წარმოსახვის უნარს;
  • რამდენად ადეკვატურად აფასებს მოსწავლე საკუთარ და სხვის ნამუშევრებს.

 

მეთოდური მითითება

სასურველია, მოსწავლეებს სამუშაოდ შევთავაზოთ ტრადიციული სტრუქტურისა და სიუჟეტური ხაზის მქონე, ნაკლებად ცნობილი ზღაპარი.