გადაწერა.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა გამოიყენება წერის ეტაპზე. იგი ემსახურება წერითი მეტყველების ტექნიკის განვითარებას.

 

აქტივობის მიზნები

  • წერის ტექნიკის განვითარება;
  • წერის პროცესის გააზრება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 ინდივიდუალური.

 

რესურსები

 რვეული, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი/მარკერი, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

სამუშაოს დაწყებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს ზეპირი ინსტრუქციის სახით უნდა აუხსნას, რომ მათი ამოცანაა, ზუსტად გადაწერონ შეთავაზებული ნიმუში (დაფიდან, სახელმძღვანელოდან თუ სამუშაო რვეულიდან). მასწავლებელი უხსნის/შეახსენებს  მოსწავლეებს, რომ სათაური იწერება შუაში, ძირითადი ტექსტის გადაწერა კი იწყება სათაურიდან სამი ხაზის გამოტოვებით. აუცილებელია აგრეთვე იმის შეხსენებაც, რომ გადაწერისას მოსწავლეებმა სიტყვებს შორის ორი უჯრა უნდა გამოტოვონ, წინადადების ბოლოს კი წერტილი დასვან.

წერის დაწყებამდე მასწავლებელმა ორჯერ მაინც უნდა წაუკითხოს მოსწავლეებს გადასაწერი ტექსტი, მკაფიოდ და სათანადო ინტონაციური აქცენტების დასმით. ამის შემდეგ მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეთა მზადყოფნას წერითი დავალებისათვის (მომარჯვებული აქვთ თუ არა მოსწავლეებს კალმები, სწორად უდევთ თუ არა მერხზე რვეულები, გადაშლილია აქვთ თუ არა რვეულები სათანადო გვერდზე).

ამის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დაახლოებით 10 წუთი ტექსტის გადასაწერად. აღწერილი აქტივობისათვის ადეკვატური სავარჯიშოებია: ”გადაწერე ანდაზა”, ”გადაწერე მოთხრობის სათაური და პირველი აბზაცი”, ”გადაწერე ლექსი” (მისი მოცულობა ერთ სტროფს არ უნდა აღემატებოდეს).

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.


შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • საწერ ბადეში ორიენტირება;
  • წერის მიმართულების დაცვა;
  • ნაბეჭდი ტექსტის გადაწერა;
  • სათაურს, ასოებსა და სიტყვებს შორის სათანადო მანძილის დაცვა.