ერთობლივი (კოოპერაციული) სწავლა.
აქტივობის შესახებ
კოოპერაციული/ერთობლივი სწავლა მნიშვნელოვანი მეთოდია იმ თვალსაზრისით, რომ ზეპირმეტყველებასთან ერთად ავითარებს კითხვისა და, გარკვეულწილად, წერის უნარსაც, ხელს უწყობს მოსწავლეების ჯგუფურ თანამშრომლობას. ეს აქტივობა აუცილებელს ხდის ჯგუფის თითოეული წევრის მონაწილეობას. წარმატება ეფუძნება ჯგუფის წევრთა თანამშრომლობას: როგორც ინდივიდუალური წვლილის შეტანას, ისე ჯგუფის შიგნით საქმიანობას. კოოპერაციული/ერთობლივი სწავლა განსაკუთრებით შედეგიანია მეექვსე კლასში, რადგან ამ ასაკში ძლიერია შეჯიბრებისაკენ სწრაფვა და ინდივიდუალური ძალისხმევა თვითდამკვიდრებისათვის. კოოპერაციულ/ერთობლივ სწავლას აქვს უპირატესობა: მოსწავლეები ერთად შრომობენ და ერთმანეთს ეხმარებიან. მოქმედებს პრინციპი: “ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის”.
აქტივობის მიზნები
- ურთიერთობის, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება;
- ლიდერობის უნარის გამომუშავება და საკუთარი თავის მიმართ რწმენის გაღრმავება; მოსწავლეთა თვითშეფასების გაზრდა;
- მოსწავლეთა სტიმულირება, რათა მათ საკუთარ თავზე აიღონ სწავლაზე პასუხისმგებლობა;
- ჯგუფური მუშაობისთვის აუცილებელი უნარების განვითარება, საერთო საქმეზე პასუხისმგებლობის აღება;
- საკომუნიკაციო და სოციალური უნარების განვითარება, ჯგუფის წევრებთან სამუშაო სიტუაციაში წარმატებული კომუნიკაცია, ყურადღებით მოსმენა, სხვათა აზრის პატივისცემა.
რესურსები
ტექსტი, დაყოფილი ნაწილებად; ფორმატები, მარკერები, ფურცლები, საწერი კალმები;
აქტივობის აღწერა
- კლასი იყოფა იმდენ 4-5 კაციან ჯგუფად, რამდენ ნაწილადაც არის ტექსტი დაყოფილი;
- ჯგუფის ყოველ წევრს აქვს ნომერი (მინიჭებული ან გადათვლით, ან ბარათებით); ერთი ნომრის (შეიძლება ფერის) მქონე მოსწავლეები ქმნიან “ოჯახს”;
- მოსწავლეები გადადიან “ოჯახიდან” “ექსპერტთა” ჯგუფში იმ თანაკლასელებთან ერთად, რომლებსაც იგივე ნომერი აქვთ (მაგალითად, ყველა მოსწავლე, რო- მელსაც აქვს ¹2, ერთმანეთს შეხვდება). ერთი ნომრის მოსწავლეები ხდებიან ტექსტის კონკრეტული ნაწილის ექსპერტები;
- თითოეულ ჯგუფს აქვს ტექსტის კონკრეტული ნაწილი ან ქვეთემა და გარკვეული ამოცანა. მოსწავლეები კითხულობენ, იკვლევენ თავიანთ დავალებას. მათ უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ აღნუსხავენ და როგორ აუხსნიან შესწავლილ და დამუშავებულ მასალას თავიანთ “ოჯახის წევრებს”. მოსწავლეებმა ისე უნდა დაამუშავონ საკუთარი ნაწილი, რომ დააინტერესონ სხვები, ადვილად აუხსნან და გააგებინონ მათ.
- როდესაც ამოცანა ან ქვეთემა დასრულებულია, მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ “ოჯახებს”, ანუ თავდაპირველ ჯგუფს;
- ყოველი მოსწავლე უზიარებს დანარჩენებს თავის გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რა ისწავლა ან გააკეთა, როდესაც ის “ექსპერტთა” ჯგუფში იყო;
- თითოეული ჯგუფი (”ოჯახი”) აკეთებს საერთო ნამუშევრის (გამთლიანებული ტექსტის) პრეზენტაციას.
შეფასება
შეფასდება გააზრებული კითხვის, მასალის ორგანიზებისა და სხვებისათვის გაზიარების უნარი, თანამშრომლობის უნარი. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა მონაწილეობას და დაადგენს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, აჯამებს ჯგუფებზე დაკვირვების შედეგებს. მოსწავლეები აფასებენ როგორც საკუთარ თავს, ისე ჯგუფის წევრებს.
მეთოდური მითითება
ეს აქტივობა კომპლექსურია. ის ორიენტირებულია როგორც გააზრებული კითხვის (მოსწავლეები კითხულობენ უცნობ ტექსტს, გაიაზრებენ და ორგანიზებას უკეთებენ მნიშვნელოვან საკითხებს), ისე წერისა (აკეთებენ ჩანაწერებს) და ზეპირმეტყველების (გადასცემენ, უხსნიან თანატოლებს) უნარის განვითარებაზე. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯგუფებისათვის დარიგებული ტექსტის ნაწილები დაახლოებით ერთნაირი სირთულის იყოს და მოსწავლეები არ აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში.